"ქუჩის ქეიფების" შემაწუხებელი ხმაური და ქალაქი, რომელიც ველური დასავლეთის წესებით ცხოვრობს
19-06-2017
"ქუჩის ქეიფების" შემაწუხებელი ხმაური და ქალაქი, რომელიც ველური დასავლეთის წესებით ცხოვრობს
წარმოვიდგინოთ თბილისის ჩვეულებრივი კვარტლის რამდენიმე კორპუსი. აქედან ორი თექვსმეტსართულიანია, ორი კი - ხუთიანი. ამ კორპუსებს შორის მოქცეულია ეზოდ წოდებული საერთო სარგებლობის მონაკვეთი, რომელსაც აქაურები უმეტესწილად მანქანების სადგომად იყენებენ. ამავე ეზოში არსებობს გრძელი მაგიდითა და არანაკლები სიგრძის სკამებით აღჭურვილი ფანჩატური, რომელიც ვიღაცამ კორპუსის მცხოვრებლებს დასასვენებლად თუ ყოვლდღიურ პრობლემათაგან განსაქარვებლად აუგო.

ახლა საკითხავია, რამდენი ოჯახი ცხოვრობს ამ ოთხ კორპუსში? თითოეულ ოჯახში დაახლოებით სამი ან ოთხი ადამიანი რომ ვიგულისხმოთ, მივიღებთ ისეთ რაოდენობას, რომელიც
ოთხას-ხუთას კაცს აღემატება.

ახლა ისევ წარმოვიდგინოთ სავარაუდო ხუთასი მოქალაქიდან რამდენს აქვს სამსახური ან რამდენი ბავშვი დადის სკოლაში? ამ ციფრის ერთი მესამედი ალბათ მუშაობს, ერთი მესამედი სწავლობს, უფრო მცირე ნაწილი კი საბავშვო ბაღში დადის. ზუსტი ციფრის განსაზღვრა რთულია, ვინაიდან დასაქმებული ადამიანებისა თუ სწავლით დაკავებული ახალგაზრდების რაოდენობა
დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებზე. ამასთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ სამსახურში, უმაღლეს სასწავლებელში, სკოლასა თუ საბავშვო ბაღში წამსვლელი ადამიანები იღვიძებენ ადრე - შვიდიდან რვა საათამდე.

აქვე უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ კორპუსებში ცხოვრობს რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც სამსახური იმდენად საძულველი რამეა, რომ მასზე ლაპარაკიც ეზარება. ისინი, რომელთა უმეტესობაც ოჯახის მამად იწოდება, იღვიძებენ შუადღის თორმეტ საათზე და საუზმობენ პირველ საათზე. მათი ყოველი შუადღე იწყება იმით, რომ სამსახურის ძებნის სანაცვლოდ ეძებენ სასმელს და ხშირ შემთხვევებში პოულობენ კიდეც.

მოპოვებული დასალევის ათვისების ადგილი ზაფხულის დადგომასთან ერთად ჟანგბადგაუხშოებული გარაჟებიდან ინაცვლებს ეზოებსა და ქუჩებში, ანუ იქ, სადაც შენ საკუთარ ოჯახს არ შეაწუხებ და არც საკუთარი ოჯახი შეგაწუხებს.

ამ ხალხის არაყნარევი ლუდით თრობისა თუ "მინილაღობის" წინააღმდეგი არც ვარ და ვერც ვიქნები, ვინაიდან ყველას აქვს უფლება გაერთოს და თავისი წილი დასალევი არ მოიკლოს ისე, როგორც თავად ეპიტნავება. ხშირ შემთხვევებში ამგვარი "ქუჩის ქეიფები" იმდენად გამაღიზიანებელია, რომ დაუოკებელი ბრაზი გიპყრობს.

ამ ყველაფერთან ერთად, ვყოფილვარ რა არაერთგზის მთვრალი, მშვენივრად მესმის, რომ ღრიალი, როგორც ასეთი, მთვრალი კაცის გადასახედიდან სულაც არ ჰგავს ღრიალს, თუმცა ის სულაც არ არის სასურველი მაშინ, როცა ღამის ორი საათია, შენ კი, სამსახურებრივი მდგომარეობიდან თუ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვალდებული ხარ, მეორე დღეს, დილის შვიდ საათზე ადგე.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქალაქში ვერავინ ვერაფერს აკონტროლებს და არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს, სურვილის უქონლობის მიუხედავად, არასასურველ ხმაურთან გამკლავება რამდენჯერმე თავად ვცადე, თუმცა მერწმუნეთ, ძალიან რთულია სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ, როცა თრობაშეპყრობილი ღრიალი ძილის საშუალებას არ გაძლევს.

იძულებული ვხდები, რომ ვიღაცას, თუნდაც ჩემს მეზობელს გასაგებად თუ "პოპულარული ენით" ავუხსნა, რომ ქეიფსა თუ უბრალო დალევას აქვს თავისი დრო და ადგილი. ამგვარი საუბრების შემდეგ, გარკვეულ შედეგს ნამდვილად ვიღებ, თუმცა მხოლოდ მცირე დროით - სულ რამდენიმე დღით. მე კი, მახარებს მხოლოდ ის, რომ საკუთარ სათქმელს ჩვენი საზოგადოების ამ დაუფასებელ წევრებს პირდაპირ ვეუბნები და გულს ბოღმას არ ვაკარებ.

ახლა კი უნდა ვაღიარო, რომ დავიღალე, უფრო სწორედ დავმარცხდი. მიუხედავად ამისა, იძულებული ვარ საკუთარი სიმშვიდე თავად დავიცვა.

გული მწყდება, როცა ვხედავ, რომ თბილისელთა ნაწილი ისე იქცევა, თითქოს ამ ქვეყნად მარტო თვითონაა, ხოლო ეს ქალაქი, რომელიც ბევრისთვის ზედმიწევნით ძვირფასია, ველური დასავლეთის წესებით ცხოვრობს.

ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ამ წერილს ვერ წაიკითხავს ვერცერთი, ვისაც ასფალტის სურნელით შეზავებული "ქუჩის ქეიფი" ცხოვრების ყოველდღიურ წესად უქცევია. ვინაიდან ამგვარი რიტმით ცხოვრება იმდენ დროსა და იმხელა ენერგიას მოითხოვს, რომ კითხვის დრო თვალსა და ხელს შუა ქრება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

lali
09 მაისი 2018 12:43
ნორმალურ ქვეყანაში,საღამოს10 საათიდან დილის8 საათამდე მცირედი ხმაური,მანქანის სიგნალი ,ყვირილი დასჯადია.ეგრევე პოლიცია და წააყუდებენ ,სადაც საჭიროა ,ტან ჯარიმასაც მიაკრავენ.
ასეთი კანონის მერე ვერაფერსაც ვერ იხმაურებენ
Me mgoni es kvela gare ubnebshi macxovreblebis problem evtopa undatbda dilidan sagMomde griali da xmauria kanoni unda gamkacrdes jarimebi jarimebi ikneb chkva iscav lol on am xalxma
27 ივლისი 2017 23:25
Kanoni unda gamkacrdes jarimebi jarimebi ikneb cota azrze movidnen torem dzalian aishva xalxma ra rvropa ris evropa ik atis mere ar shrgidzliabrom ixmauro
ზაზა
20 ივნისი 2017 13:25
ევროპაა ევროპააა