"ზნიანი ლამაზმანი", მაღაზია, სახელად "Google" და დილის ცვრით პირდაბანილი ქვეყანა - კვირის პალიტრა

"ზნიანი ლამაზმანი", მაღაზია, სახელად "Google" და დილის ცვრით პირდაბანილი ქვეყანა

თუ სამსახურში ყოველდღიურად დადიხარ და საკუთარ საქმეს მეტ-ნაკლები წარმატებით უძღვები, დგება დრო, როცა ეს ყველაფერი გბეზრდება და გჭირდება სიახლე, რომელიც სადღაც, სამსახურიდან თუ საკუთარი ქალაქიდან შორს ყოველთვის არსებობს.

გარემოს გამოცვლის სურვილი ზოგადად ივნისში მიჩნდება ხოლმე და ამას ყოველი ზაფხულის ბოლოს ოჯახთან ერთად წარმატებით ვახერხებ. ახლა კი, აგვისტოს სიშორის მიუხედავად, უკვე ისე გადავიღალე, რომ გარკვეული დრო მჭირდება საიმისოდ, რათა რაღაც სიხარულის მაგვარი ვიგრძნო.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან ხუთდღიან კონფერენციაზე მიმიწვიეს, რომელიც სტეფანწმინდაში უნდა ჩატარებულიყო. სხვა დროს იქ შეიძლება არც წავსულიყავი, რადგან ახლა, თუნდაც ამინდის გაუარესების გამო, ზღვის დონიდან 1750 მეტრზე გვარიანად ცივა. ამ მოწვევამ შემახსენა, რომ ამქვეყნიური სიამენიც არსებობს. ამიტომ მყინვარწვერის სიახლოვეს ყოფნას სიხარულით დავთანხმდი.

ასე, რომ უკვე მესამე დღეა, სტეფანწმინდაში ვიმყოფები და თავს ბედნიერად ვგრძნობ. აქ, ამ დღეებში დაახლოებით 12°-ია, ღამით კი, ბევრად ნაკლები. თანაც ისეთი ჰაერია, რომ ამოსუნთქვა დაგენანება.

დილით, როცა შენდა უნებურად, ექვს საათზე გეღვიძება და ფანჯრიდან ნისლით გარემოცულ კავკასიონს ხედავ, რომელსაც გვირგვინად ქათქათა მწვერვალი ადგას, უნებური სიმშვიდე გეუფლება.

მოგვიანებით მივხვდი, რომ სასტუმროს აივნიდან ათიოდე წუთით ტკბობა საკმარისი ვერ იქნებოდა და თუ დილაობით ფეხით ერთ საათს მაინც გავივლიდი ხოლმე, საკუთარ თავს დიდად ვარგებდი.

მესამე დილას, მსგავსად წინა დღეებისა, კვლავ უთენია გამეღვიძა. ღია ფანჯრიდან სასტუმროს ნომერში ისეთი კრიალა ჰაერი შემოვარდა, რომ რამდენიმე წუთში გარეთ გამაგდო.

ადრე დილა იყო და სულაც არ გამკვირვებია, როცა "დილის ცვრით პირდაბანილ" ქუჩებში მხოლოდ სამიოდე მოხუცი შემხვდა, რომლებიც თავაზიანად მომესალმნენ. ამან ისე განმაწყო, რომ წინ უფრო თამამად გავწიე.

სტეფანწმინდა პაწაწინა დაბაა, რომელსაც სურვილის შემთხვევაში დაახლოებით ერთ საათში სრულად მოივლი. სეირნობისას ისეთ რამეებს გადავაწყდი, ჩემი გაკვირვება რომ გამოიწვია.

ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოვაჩინე მაღაზია, სახელად "Google". ჯერ თვალებს არ დავუჯერე, თუმცა მიახლოებისას დავრწმუნდი, რომ სწორედ ასე იყო. ფანჯრიდან მაღაზიის საქონლის რაობის გარკვევა რომ ვცადე, გარკვევით გავიგონე, კაცო, რა გარედან იყურები, შიგნით შემოდიო.

შესულმა ვიკითხე, ნუთუ თქვენი მაღაზია ასე ადრე იღება-მეთქი, - არაო, სიცილით მიპასუხა დამხვდურმა, გუშინ მაგრა დავთვერი და "პახმელიაზე" ისე ადრე გამეღვიძა, სახლში გული აღარ დამიდგა და აქ წამოვედიო. როცა ირგვლივ მიმოვიხედე და კომპიუტერთან დაკავშირებული ვერაფერი დავინახე, თითქოს ჩემი ფიქრი ამოიცნო, მხიარულად მკითხა, შენ კომპიუტერის მაღაზია ხო არ გეგონაო. როცა თავი დავუქნიე, - ღიმილით მითხრა, - შენ ეგეთი რამეების ინტერესი თუ გაქ, გეტყვი, რომ ჩვენსა უფასო ვაი-ფაი კარქა მუშაობსო.

სეირნობისას, რამდენჯერმე თვალში მომხვდა ერთი და იმავე შინაარსის წარწერა: "გთხოვთ, ნაგავს ნუ დაყრით". ამას ალბათ ყურადღებას არც მივაქცევდი, რომ არა ერთი გარემოება: წარწერა იყო მხოლოდ ქართულად და ალბათ მხოლოდ ქართველებისთვის. არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ მეწყინასავით.

ხანგრძლივი ხეტიალისას მხვდებოდა უამრავი უცხოელი ტურისტი, რომლებიც საერთო ფონზე გარეგნობითა თუ ჩაცმულობით გამოირჩეოდნენ. ამ ხალხის მუდმივი აღტაცების საგანია აქა-იქ, მზისუნახავ ადგილებზე შემონახული დაძველებული თოვლი. ვისაც აინტერესებს, რა სიხარულის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის შუაგულ ივნისში დავანებულ თოვლს, "სტეფანწმინდას უნდა ამოვიდეს".

როგორც კი დადგა გერგეტის სამებისა და მყინვარწვერის მონახულების დრო, მცირე ორგანიზაციული საკითხის მოგვარებისთანავე, კონფერენციის მონაწილე ქართველები თუ უცხოელები ხევის უმთავრესი ადგილისკენ ჯგუფურად გავემართეთ. იქ მისულებმა მანქანაზე უარი ვთქვით და მიუხედავად სირთულისა, ტაძრამდე ასვლა ფეხით ვარჩიეთ.

აღმა მიმავალი, ნაძვნარში მიმოკარგული ბილიკი, რომელსაც ხანგამოშვებით სამანქანო გზა სერავდა, მეტად მომქანცველი გამოდგა. ამიტომ დროდადრო ვისვენებდით ხოლმე. სადღაც, შუა გზაზე რძისფერი წვეთებით დაცვარული კანშემოცლილი ნაძვი შეგვხვდა, რომელმაც ხელით შეხებისას მოუშორებელ წებოვნებასთან ერთად საკუთარი სურნელიც გამიზიარა.

გზის გავლას ალბათ ორი საათი მაინც მოვანდომეთ. უცხოელებს ჩვენსავით არ გაჭირვებიათ, ვინაიდან ასვლამდე "რაღაც მანქანებით" სათხილამურო ჯოხები მოიპოვეს, რაც არცერთ ქართველს აზრად არ მოგვსვლია. ამიტომ გზის ბოლოს იმათ მეტი ძალა შერჩათ, ვიდრე ჩვენ.

მიუხედავად დაღლილობისა, მაინც მივხვდი იმას, რა შეიძლება იგრძნოს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, ღრუბლებზე მოარულმა ადამიანმა, რომელიც მყინვარწვერს ულაპარაკოდ ჭვრეტს.

იქაურები მყინვარწვერს "ზნიან ლამაზმანს" ეძახიან და ისიც გვითხრეს, რომ თუ სტუმარი არ მოეწონა, თავის სახეს არ აჩვენებსო. ერთმა ჩვენმა თანამგზავრმა ისიც კი თქვა სინანულით, სულ ჩემს ცოლს მაგონებსო.

მსგავსად ბრიტანელი სტუმრის მეუღლისა, მყინვარწვერს თავიდან არც ჩვენ მოვეწონეთ, რადგან გამოკვალთული იყო იმგვარ ნისლში, გაფანტვისა რომ არაფერი ეტყობოდა.

ის იყო ბედს შევეგუეთ, რომ ცხენების გამქირავებელმა მოხევემ გვირჩია, ტაძარში თუ გულიანად ილოცებთ, ის უცილობლად დაგენახებათო.

სულ რაღაც ნახევარ საათში, გარეთ გამოსულებს მზიანი ამინდი დაგვხვდა და ნისლშემოცლილმა მყინვარმა სახე გამოაჩინა, "ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად. ერთის მუჭისოდენი ღრუბელიც არა ჰფარავდა მის მაღალ შუბლსა, მის ყინვით შევერცხლილს თავსა".

გერგეტიდან დაშვებისთანავე, ვესტუმრეთ საქართველოს ჩრდილოურ საზღვართან ცად ატყორცნილ მთავარანგელოზთა მონასტერს, საიდანაც ალბათ ყველაზე უკეთ ჩანს ღრიალა თერგი და დარიალის ხეობა.

მონასტრიდან გამოსვლისას იქვე, ბერების დამზადებული "ალპური თაფლი" ვიყიდეთ, რომელიც ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, რომ ამ კუთხის განუმეორებელი გემო ფიზიკურად ვიგრძენი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს