გლოვისა და სირცხვილის ოცდაექვსი დღე - კვირის პალიტრა

გლოვისა და სირცხვილის ოცდაექვსი დღე

როცა ჭირისუფალი მთელი ერია, ხოლო ბოლო ოცდაექვსი დღე-ღამის მანძილზე, ნებისმიერი ჩვენგანის გონებაში, თუნდ წამით მაინც ამოხეთქილა ქვეყნისათვის თავდადებულის გვარი - ტატუნაშვილი; როცა ყველამ იცის, რომ საკუთარი მიწა-წყლის სიყვარულს მსხვერპლად შეწირული კაცი რუს-ოსებმა წამებით მოკლეს; როცა ყველა ხედავს, რომ მკვლელთა ქვეყანამ ჩვენი ქვეყანა ჯერ შეურაცხყო, მერე კი დასცინა და, უსულგულოდ ნაგვემი ვაჟკაცის ცხედარი ოცდაექვსი დღის განმავლობაში არც ოჯახსა და არც ხალხს არ აღირსა; როცა ქართველები სიკვდილის ოცდაექვსდღიანმა წამმა მოკლულებად, გალახულებად და შეურაცხყოფილებად გვაქცია; როცა გიგა ოთხოზორიას მკვლელი ქორწილებში დაქეიფობს და სიცოცხლის სადღეგრძელოს დაუსჯელად სვამს, ხოლო ტატუნაშვილის ჯალათი ძმები თავს არხეინად გრძნობენ და ქართველის სისხლით ატალახებულ მიწაზე კვლავაც უდარდელად დააბოტებენ...

როგორ უნდა მოიქცეს ამ ყველაფრის შემდეგ, საკუთარი თავის პატივისმცემელი ქვეყანა?

ნუთუ არ დადგა დრო, რომ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი კითხვა სახელისუფლებო დერეფნებში მოარულ ადამიანებს ახლა მაინც გაუჩნდეთ?

ნუთუ ქართველის ცნობიერება შორს არის იმისგან, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სისხლი უკვალოდ არ უნდა დაიკარგოს?

ნუთუ გულსატკენი არ არის ის, რომ მარადიულ მტერს მხოლოდ "მორალურად", პოლიტიკური განცხადებებითა და დიპლომატიური არხების მეშვეობით ვებრძვით?

ნუთუ დამთრგუნველი არ არის ის, რომ დაუძინებელი მტრის წინაშე თავს ვიმცირებთ, რათა ჩვენი მიცვალებული მოვიპოვოთ?

ნუთუ მტერს უნდა შერჩეს არჩილ ტატუნაშვილის დამსხვრეული მაჯები და ცინიკურად ნაწამები სხეული?

ამ საზარელი ამბის არც მოთმენა შეიძლება და არც პატიება.

იქნებ არსებობს გზა, რომელიც სირცხვილს ოდნავ მაინც მოგვწმენდს და სამომავლოდ, ჩვენი შვილებისა თუ შვილიშვილების წინაშე თავის მართლებასა და გაწითლებას აგვაცილებს?

ნუთუ ამ ქვეყნის მმართველებმა არ იციან, რომ საქართველოში არსებობს სპეციალური ცოდნისა თუ გამოცდილების მქონე სამხედროების არცთუ მცირე წრე, რომელთაც სახელმწიფოს, თუნდაც ფარული, ნების გამოვლენის შემთხვევაში იმგვარი სამხედრო ამოცანების შესრულება ძალუძთ, რომ ქართველების განუკითხავი მკვლელობები დაუსჯელი არასოდეს დარჩეს?

როცა არსებობს მაგალითი ისეთი ქვეყნისა, როგორიცაა ისრაელი, მოწადინეობის შემთხვევაში ზედმიწევნით კარგად შეიძლება სწავლა იმისა, თუ როგორ იქცევა საკუთარი ქვეყნისა და ისტორიის პატივისმცემელი სახელმწიფო მტრის მიერ მისი მოქალაქეების მოკვლისას.

ამ ტერიტორიით ჩვენზე სამჯერ პატარა ქვეყანაში არსებობს ათას ორასი კაცით დაკომპლექტებული პოლიტიკური დაზვერვის სამსახური "მოსადი", რომლის არსებობის ქვაკუთხედია ის, რომ "ისრაელის დაზვერვა უნდა იყოს ისრაელელთა უსაფრთხოების გარანტი მთელს მსოფლიოში". მის რიგებში ირიცხება რამდენიმე ათეული ისეთი ოპერატიული ოფიცერი, რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ოპერაცია ჩაატაროს.

ამ არცთუ მრავალრიცხოვანმა სპეცსამსახურმა, თავისი მოღვაწეობა 1960 წლის 11 მაისიდან დაიწყო, როცა ბუენოს-აირესიდან თელ-ავივში სრულიად საიდუმლოდ გასასამართლებლად ჩამოიყვანა ებრაელთა გენოციდის ავტორი ადოლფ ეიჰმანი.

იმ დღიდან მოყოლებული "მოსადს" მტრის ტერიტორიაზე ჩატარებული აქვს არაერთი სადამსჯელო ოპერაცია, რითაც ისრაელის მოქალაქეთა მკვლელების ლიკვიდირება შეძლო.

ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე დროა რაიმე გაკეთდეს საიმისოდ, რომ "ქართველის მკვლელმა" იმთავითვე იცოდეს, რომ დღიდან რომელიმე ჩვენგანის მოკვლისა, მისი სიცოცხლე მუდმივად, ნებისმიერ წუთსა და ნებისმიერ ადგილას საფრთხეში იქნება და ყოველ წამს სიკვდილს უნდა ელოდოს.

და ალბათ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი გმირების სისხლი მხოლოდ ჩვენთვის იღვრება და ქართველის მტერს მტრული პასუხი მხოლოდ ქართველებმა უნდა გავცეთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს