ტაძარში შემოდის სამი-ოთხი ავტომატმომარჯვებული, არყით გალეშილი "ერთმორწმუნე" რუსი "სალდათი" და...
01-04-2018
ტაძარში შემოდის სამი-ოთხი ავტომატმომარჯვებული, არყით გალეშილი "ერთმორწმუნე" რუსი "სალდათი" და...
ყვირილი ყვირილის წინააღმდეგ - ოღონდ არა რუსეთში, არა რუსებთან და არა რუსების ქვეყანაში...

ახლა, როცა აღდგომამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი, ჩვენი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი, ეკლესიაში რეგულარულად დადის. ამიტომ იმის წარმოდგენა, რის თქმასაც ქვემოთ ვაპირებ, ალბათ გაცილებით უპრიანი იქნება ახლა, ვიდრე სხვა დროს.

წარმოიდგინე, რომ ტაძარში ყოფნისას თავდახრილი დგახარ და სხვადასხვა ლოცვით ცდილობ საკუთარ ოჯახსა და შენთვის ძვირფას ადამიანებს უფლის შეწევნა მოუპოვო, საკუთარ თავს უღრმავდები გასარკვევად იმისა, რას იტყვი აღსარებისას,
ან როგორ უნდა იცხოვრო ზიარების შემდეგ, და ამ დროს ეკლესიის კარი წიხლითა და ხმაურით იღება.

ტაძარში ლანძღვა-გინებით შემოდის სამი-ოთხი ავტომატმომარჯვებული, არყით გალეშილი „ერთმორწმუნე“ რუსი "სალდათი", რომლებიც ამღვრეული თვალების ცეცებით გათვალიერებენ შენ და ხატების წინ გაშეშებულ სხვა მლოცველებს. მერე ისინი, რამდენიმე თქვენგანს, ან სულაც ყველას, მწკრივში
ჩაგაყენებენ და „კალაშნიკოვის“ კონდახების ცემით წაგიყვანენ ბუნებრივად საძულველი „რუსული ბაზის“ მიმართულებით.

მოტაცებული ადამიანისათვის დამამცირებელი ეტაპირებისას უკვე ჩვეული დაცინვა-გინების თანხლებით შეგაგდებენ „რუსული პეწითა და აკურატულობით“ აგებული ბაზის შმორისაგან აქოთებულ საკანში, სადაც დარჩები მანამ, სანამ შენი თანასოფლელები თუ ნათესავები წართმეული თავისუფლების სანაცვლოდ ე.წ. საჯარიმო გამოსასყიდს არ გადაიხდიან.

ამ „წარმატებული მოტაცების“ სანაცვლოდ შენი გამტაცებლები, ფულზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჯილდოდ უკვე გეგმიურ „უვალნიტელნის“ ან სულაც „Ящик водки“-ს მიიღებენ, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება უგონო ღრეობითა და ჭუჭყისაგან გაყვითლებულ „ტელნიაშკებზე“ მუშტების ბრაგუნით.

ჩვენდა საუბედუროდ, ეს გახლავთ ერთი ეპიზოდი შიდა ქართლში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთა ცხოვრებიდან, რომელიც ათიოდე დღის წინ რეალურად მოხდა და ამის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. ორი ქართველის ბერშუეთის სამების ტაძრიდან მოტაცება ნიშანია იმისა, რომ გრძელდება ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება, რომლის დასასრული როდის დადგება აღარავინ იცის.

ზემოთქმულ უცოდინარობას აქვს შესაბამისი ახსნა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი, ანუ ქართველების გონებიდან უკვე გამქრალია ის ცხოველმყოფელი უჯრედები, რომლებიც მტერთან საბრძოლველად გვჭირდება.

საქართველოს ისტორიაში არის ისეთი სამარცხვინო მაგალითი, როცა მონგოლთა შემოსევებმა ერი ისე დააგლახავა, რომ ერთხელ, შარა-გზაზე ერთი სოფლიდან მეორეში მიმავალ ქართველს შემთხვევით გადაყრილმა უიარაღო მონღოლმა, კუნძზე მოსაჭრელად თავი დაადებინა და დავიწყებული ხმლის მოსატანად უკან გაბრუნდა. წასვლამდე კი დატყვევებულს უბრძანა, რომ მის დაბრუნებას დალოდებოდა...

საქართველოს დღევანდელი უშიშროების სტრატეგია კუნძზე მოსაჭრელად დადებული ის მომლოდინე თავია, რომელსაც ჩვენი უკეთური მტერი აუცილებლად მოგვკვეთს, თუ არ წამოვდგებით და წინააღმდეგობას არ გავუწევთ.

სამწუხაროა, მაგრამ რუსულ კუნძზე თავჩამოდებულ ცხოვრებას უკვე ისე შევეგუეთ, რომ ალბათ შორსაც არ არის ის დრო, როცა ჩვენი დაკუნძებული ყოფა ჩვენდა უნებურად გატკბილდება.

ჩვენ ლამის უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ საქართველოს გულის გულში, შიდა ქართლში ცხოვრება თითქმის შეუძლებელია და იქაური მდგომარეობის გამოსწორება იქნებ გვიანიც კია.

თუ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს „გვიან“ უკვე დადგა. ახლა უკვე ყველას გვესმის, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის შემდეგ საქართველო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო და როგორც ჩვენი ქვეყნის ამ ახლადშეძენილი გმირის საფლავთან ტკივილითა და იმედით ითქვა, მისი სიკვდილით მომავალი საქართველოს პორტრეტი ჩამოიძერწა.

თუ ჩვენ ჯერ ვერ ვახერხებთ იმას, რომ საზღვრისა თუ ეკლიანი მავთულხლართების გასწვრივ ჩავაყენოთ რეგულარული ჯარის ნაწილები, და ამ გაუბედაობის მიზეზია ის, რომ არ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა;

თუ ჩვენ ჯერ ვერ ვახერხებთ იმას, რომ რომელიმე ძალოვან სტრუქტურაში შევქმნათ ისეთი რგოლი, სადაც შესვლის უფლება, იარაღთან ერთად მიეცემა საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ყველა ბრძოლისუნარიან მამაკაცს, და ამ გაუბედაობის მიზეზია ის, რომ თუ ხელში იარაღს ავიღებთ, რუსებს მიეცემათ ჩვენი სოფლების აწიოკების ახალი საბაბი.

გვრჩება მხოლოდ ყვირილის უფლება.

უნდა ვიყვიროთ იმაზე, რომ დედამიწაზე მცხოვრები ყველა ნორმალური ადამიანის მსგავსად, შიდა ქართლის ქართველობასაც აქვს უფლება საკუთარი თავისუფლება დაიცვას.

უნდა ვიყვიროთ იმაზე, რომ ვიღაც რუსის სალდათის ხუშტურზეა დამოკიდებული, დილაადრიან ეკლესიაში, ნახირში თუ სათიბში წასული სამაჩაბლოელი ქართველი დაუბრუნდება თუ არა საღამოს საკუთარ ოჯახს.

უნდა ვიყვიროთ იმაზე, რომ ზოგი ქართველის ნასახლარზე რუსული ბაქტერიებით გამდიდრებული ხავსია მოდებული, ზოგისაზე კი - ბლაგოვეშჩენსკური ასფალტია დასხმული.

უნდა ვიყვიროთ იმაზე, რომ შიდა ქართლის მარნებში ჩალეწილი ქვევრის ნამსხვრევები წაქცეული დედაბოძებით დამძიმებულ მიწაშია გაქვავებული.

უნდა ვიყვიროთ აქ, ევროპაში, ოკეანის გადაღმა და თუნდაც ანტარქტიდაში. ოღონდ არა რუსეთში, არა რუსებთან და არა რუსების ქვეყანაში.

არ უნდა მივწეროთ რუსებს წერილები და არ უნდა ვთხოვოთ რუსებს დახმარება, რადგან მათ მრავალი უკეთურების გარდა, საკუთარი შვილების სიცოცხლეც კი ფეხზე ჰკიდიათ.

ამიტომ ჩვენ, ისღა დაგვრჩენია, რომ ვიყვიროთ ხმის ჩახლეჩამდე, ძარღვების დახეთქვამდე და გულის გასკდომამდე.

დიახ, უნდა ვიყვიროთ, ვინაიდან მტერთან გამკლავება რეალურად არ შეგვიძლია.

და თუ დადგება დღე, როცა ამ მარად მტერს ფიზიკურად დავეჯახებით, მაშინ უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ ქვეყანა გოლგოთაზე უნდა ავიდეს.

გოლგოთაზე ასვლა კი, რჩეულთა ხვედრია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

დავითი
05 აპრილი 2018 10:00
ძირს რუსეთის იმპერია და ძირს ყველა რუსეთუმე...გაუმარჯოს რუსებისაგან და რუსული ცნობიერებისაგან თავისუფალ საქართველოს!!!
ირინა მაისურაძე
04 აპრილი 2018 15:18
კუნძზე თავდადებული ქართველი ნამდვილად არ დაელოდებოდა ხმლის მოსატანად წასულ მონღოლს, ეგ ალბათ უფრო რუსებზეა. მონღოლებმა რუსებს გადაუარეს. მე ნამდვილად არ დავუცდიდი.
Vasia
04 აპრილი 2018 09:18
Slava. Velikoi russia....