ჩერჩილის დაბრუნება, ანუ ვიდრე რუსეთი ამერიკული ფიცრისაგან დამზადებულ ბრიტანულ ეშაფოტზე ავა
20-04-2018
ჩერჩილის დაბრუნება, ანუ ვიდრე რუსეთი ამერიკული ფიცრისაგან დამზადებულ ბრიტანულ ეშაფოტზე ავა
როცა დონალდ ჯ. ტრამპი ოვალურ კაბინეტში პირველად შევიდა და თვალში მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტი მოხვდა, გაკვირვებულმა იკითხა: "Was it always here? (ეს ყოველთვის აქ იყო?)" თეთრი სახლის ცერემონმეისტერმა უემოციოდ უპასუხა, რომ მისტერ ობამას არჩევამდე ამ პოსტამენტზე სერ უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი იდგა. რეაქცია ტრამპმა ორსიტყვიანი განკარგულებით გამოხატა: "Bring Churchill back (დააბრუნეთ ჩერჩილი)".

ახლა, როცა ოვალური კაბინეტის კარნახით, სირიის უახლოეს ზღვებში ღუზაჩაშვებული ამერიკული ხომალდებიდან და ანგლო-ფრანკული გამანადგურებლებიდან სირიის ქიმიური ობიექტების მიმართულებით "ახალი,
ლამაზი და ჭკვიანი რაკეტები" უკვე გაშვებულია, ხოლო სირიის ქალაქ დუმის სისაძაგლის წამქეზებლის ბაზებს ცმუკვა-კუნტრუშის შემთხვევაში იგივე მოელის, ჩვენს ჩრდილო მეზობელს პულსი აუჩქარდა.

მოკავშირეთა იერიშით დამფრთხალმა და წინასწარ თითდაქნეულმა რუსეთმა კაციჭამია ძმადნაფიცის დასასჯელად გაშვებული რაკეტების ჩამოგდება, მიუხედავად რუს-პუტინული ბაქიაობისა, "ვერ გაბედა" და "ვერ შეძლო", რადგან აღმოჩნდა,
რომ მას აქამდე არნახული გეოპოლიტიკური "Хана" დაუდგა.

გამომდინარე იქიდან, რომ დერჟავნიკული მენტალობისთვის სიცრუე ლამის კარგ ტონად ითვლება, მათ იმთავითვე, საკუთარ თუ ასადურ წყაროებზე დაყრდნობით, არცთუ ხალისიანი ხმით გამოაცხადეს, რომ სირიელებმა დაჟანგული, საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებით "გარეშეთაგან დამალული" ადგილებიდან მტრის სამოცდათერთმეტი რაკეტა "გააქრეს".

ის, რომ სირიისაკენ გაშვებული ასხუთი რაკეტის სამიზნე მხოლოდ მომწავლავ გაზთან მიბმული სამი ობიექტი იყო, იქნებ გონებიდანაც ამოუვარდათ, და ალბათ იმის ახსნაც მიავიწყდათ, ვის რაში ჭირდებოდა ურგები ობიექტების პირისაგან მიწისა აღგვა?

უვიზოდ მოგზაურმა სიმართლემ შტატების გაერთიანებული შტაბის წყალობით ჩვენამდე მაინც მოაღწია და გავიგეთ, რომ დროსა, სივრცესა და შიშში დაკარგულმა სირიელებმა ორმოცი რაკეტის ცად ატყორცნა და გამარჯვების ყიჟინა გაბედეს მხოლოდ მაშინ, როცა მოკავშირეთა მიერ სამიზნეები განადგურებული, ზეცა კი მოწმენდილი იყო.

უკვე გაირკვა ალეპოს შორიახლოს მდებარე ირანულ ბაზა T-4-ის იდუმალი აფეთქების ამბავი, რომელმაც ორი ათეული ირანელი სამხედრო უცაბედად შეიწირა. სავარაუდოდ მოხდა ის, რომ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა, ამერიკელთა მდუმარე თანხმობით, მასირებული დარტყმების კვალად, დაუყოვნებლივ მოაგვარა პრობლემა, რომელიც მისი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებოდა.


მარადიულ მეგობრებთან საერთო პასუხის შეჯერებამდე, სირიელთა აზრით, ეს იყო შემთხვევითი აფეთქება, რუსების ეჭვით, ბაზა დაიბომბა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მიერ, ხოლო ირანელთა ღრმა რწმენით, საერთოდ არაფერი მომხდარა.

ახლა, როცა ამ გამწარებულმა სამეულმა მოიერიშის ვინაობა შეხმატკბილებულად აღიარა, ისრაელი ფილოსოფიურად დადუმდა.

ამ ორომტრიალის შემდეგ, დასავლური თუ ებრაული რაკეტების სამიზნეებზე დახეთქებისას აღმოცენებულმა ჭვარტლის სურნელმა შესაძლოა სათავე დაუდოს რუსთა უზენაესი ძიუდოისტის შიდა ქართლისა და ყირიმის მიწაზე გაბნეული ჭკუის რეგენერირების პროცესს.

ზემოთქმულის ფონზე ქაოტურად ჩნდება ბარაქ ობამას გადატვირთვის პოლიტიკის უბარაქო ეპიზოდები, რომელიც იმდენად მიამიტური გამოდგა, რომ რუსეთმა ჩვენთან და უკრაინელებთან ომების შემდეგ, საკუთარი ილია მურომეცობა ირწმუნა...

მიუხედავად ჩვენი დროებით დაკარგული მიწებისა, თუ ვინმეს ამ ჩრდილოელი მონსტრის დათვური სიძლიერისა კუბოს ფიცრამდე სჯერა, მაშინ ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ეს არის დათვი, რომელსაც კურდღლის გული უძგერს, ანუ როგორც ამ ვერაგ-მუხთალი ქვეყნის თანამედროვე ქართველ ადეპტებს მოეწონებათ: "Ursus Leporidos Curius".

აქვე, დათვის ჩრდილში მოყელყელავე კურდღელოლოგთა გასაგონად კი უნდა "ვსქთვათ", რომ ცივილიზებული სამყაროდან წამოსული რაკეტისპირული წვიმის შემდეგ, გაჭირვებით, მაგრამ მაინც იბადება ახალი ყურებაწეული რუსეთი, რომელსაც, სურვილისა თუ უხალისობის მიუხედავად, ახლებური ცხოვრების დაწყება აუცილებლად მოუწევს...

ვიდრე რუსეთი ამერიკული ფიცრისაგან დამზადებულ ბრიტანულ ეშაფოტზე საბოლოოდ ავა, ვიდრე მის ზორბა სხეულს ფრანგული გილიოტინა ორ არათანაბარ ნაწილად გაყოფს, მანამდე მას ემოციური შემზადება სჭირდება.
მომზადების არცთუ იოლი პროცესისას, მან ასრაკეტიანი ზალპიდან მოყოლებული, უნდა აიაროს ფსიქოლოგიური წნეხის, ბუნდოვანი ხელშეუხებლობის, დასავლური დამუნათებისა და ჯერ არ ნახული პოლიტიკური იზოლაციის საფეხურები.

მან უნდა აიტანოს ლამის გულმოგებულ თურქთა ორგულობაც, რომელმაც რუსთა მიერ "აგრესიის აქტად" შერაცხულ სარაკეტო დარტყმებს "სამართლიანობის აქტი" უწოდა.

რუსეთის თავზე თალხი ღრუბლები იკრიბება, მის გარშემო ცუდ ამბებს ვხედავთ და ნაქალაქარ დუმის "ზარინით" გაჟღენთილი ქუჩებისა თუქლორით გაჯერებული სარდაფების ინსპექტირების შემდეგ, კვლავაც უნდა ცუდს მოველოდეთ.

ცუდი ზოგადად ფართო ცნებაა და ამ შემთხვევაში გულისხმობს ფენიქსივით განახლებად სარაკეტო წვდომებსა და ახალთახალ სანქციებს....

ამ პოსტსარაკეტო არაბულ სამყაროს გოლიათური სიმშვიდით დარაჯობს ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ძლევამოსილი ბინადარი, მძლავრი რაკეტებით აღჭურვილი ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი "უინსტონ ჩერჩილი" ,რომელსაც აკისრია გამორჩეული მისია - სტაბილურობა მოუპოვოს რეგიონს, რომელიც პლანეტას განხეთქილების ვაშლად ექცა...

Welcome back, Mr. Churchill...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლალი
25 აპრილი 2018 17:32
აშკარად ლელა კაკულიას შემოქმედებაა
ira
25 აპრილი 2018 13:14
კარგად დაწერილი სტატიაა, მადლობა ავტორს
გია
24 აპრილი 2018 17:32
არასერიოზული სტატიაა კითხვა მაქვს და იქნებ მიპასუხოთ; ამერიკამ დაარტყა ქიმიურ საწყობებს სადაც ქიმიური იარაღი ინახებოდა, მაშინ მიჩნდება კითხვა: მეორე დღეს გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს დანგრეული საწყობები და ასევე მის ფონზე მოსახლეობა ჩვეულებრივად გადაადგილდება. თუ მანდ ქიმიური იარაღი იყო და ის აფეეთქეს ე.ი. უნდა იმ ადგილას გავრცელებულ უნდა იყოს გაზი და წესით გარშემო ყველაფერი დაწამლული უნდა იყოს.წესით ხომ უნდა გავრცელებულიყო მომწამლავი გაზი? ესენი კიდე ისე დასეირნობენ როგორც არაფერი. დასკვნა: ცარიელ შენობებს დარტყეს სადაც არაფერი მაგის მსგავსი არ იყო. ასევე გაიხსენეთ ამერიკის შესვლას ერაყში სწორედ ქიმიური იარაღის განადგურება წარმოადგენდა. გენერლები ბუშს უჩვენებდნენ "უტყუარ" მტკიცებულებას რომ ჰუსეინს ქიმიური იარაღი ჰქონდა, მაგრამ რომ დაიპყრეს აღმოჩნდა რომ მსგავსი არაფერიც არ ჰქონა ჰუსეინას. ასე რომ ესე გადაჭრით რაღაცეების მტკიცებას არ გირჩევთ. ეს კომენტარი გამოაქვეყნეთ ნუ მბლოკავთ