სირცხვილით შეფერილი ქვეყანა - კვირის პალიტრა

სირცხვილით შეფერილი ქვეყანა

პირველი ივნისიდან თითქმის ერთი კვირის თავზე, ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანის გულიდან ყველა ემოცია, გარდა ერთისა, ისე შეთანხმებულად გაქრა, რომ მათი ერთობა სხვა შემთხვევაში შეიძლება შემშურებოდა კიდეც. მართალი გითხრათ ჯერ წესიერად ვერც კი ამიხსნია, რა მოხდა ან როგორ, თუმცა დანამდვილებით ვიცი მხოლოდ ის, რომ საშინლად მრცხვენია. მრცხვენია დილით, მრცხვენია საღამოს, მრცხვენია სახლში, მრცხვენია, როცა ტელევიზორს ვუყურებ, მრცხვენია ქუჩაში და მრცხვენია მეზობლის ძაღლისა...

სირცხვილის გრძნობა არც ჩემთვის და ალბათ არც სხვისთვის არც პირველია და არც უკანასკნელი, მაგრამ ისეთი დაუძინებელი სირცხვილი, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში აღმოცენდა, იმდენად ძლიერი, აქტიური და ურცხვი გამოდგა, რომ ალბათ სულ მცირე, იოტისოდენა ძალისხმევაღა უნდა, უკვდავად რომ იქცეს. ამა თუ იმ მოვლენის შემდგომი განვითარების შემთხვევაში, ქართული გენებით აწ გაუკვდავებული სირცხვილი სწორედ იმ გველეშაპად იქცევა, რომელიც იმ ყველაფერს, რაც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს, რითაც ტრადიციულად ვამაყობთ და რაც ასე ძვირფასია ჩვენთვის, თავზე შავ ფატას გადააფარებს და სამისდღემშიო ხასად დაისვამს.

სირცხვილია, როცა ერთი შეხედვით შემდგარ ქვეყანას ყავს ისეთი მართლმსაჯულება, რომელსაც არ შესწევს ძალა, რომ ბავშვების მკვლელობიდან ექვსი თვის თავზე, მკვლელის ვინაობა დაადგინოს. სირცხვილია, როცა უიმედობით ატირებული შვილმკვდარი მამა პროკურატურის გაქვავებულ გისოსებს შიშველი ხელებით ეჭიდავება.

სირცხვილია, როცა მთავარი პროკურორი, რომელსაც ხელფასს ამ ქვეყნის მოქალაქეები ვუხდით, საქმის დასასრულებლად უცხოელ პროკურორებს იწვევს და ამით საკუთარ უსუსურობასთან ერთად იმასაც აღიარებს, რომ ძიების პროცესში ვიღაც, პროკურატურაზე აღმატებული ტიპები მუდმივად ერეოდნენ.

სირცხვილია, რომ მთავარი პროკურორის გადაყენება-გადადგომას ღირსეული და უპრეცენდენტო უწოდო.

სირცხვილია, როცა ექსპროკურორს უნიათო სამსახურითვის მადლობას უხდის ზეწარუმატებელი იუსტიციის მინისტრი, რომელიც მიუხედავად კატასტროფული შეცდომებისა და პროფესიული წინდაუხედაობისა, ახალი პროკურორის შერჩევაში აქტიურობასაც კი იჩენს.

სირცხვილია, რომ ეს ქალბატონი, რომელმაც გარდა წარსულში პორტირებული პროკურორის მოყვანისა, სისტემაში დატოვა ყველაფერზე ხელისმომწერი ნამიშარი პროკურორები, იუსტიციის საბჭოში მოაგროვა მურუსირებული მოსამართლეები, ხოლო სტრასბურგის სასამართლოში განაწესა უბირი მოსამართლეები, კვლავაც საკუთარ სკამზე რჩება და საკუთარი სწორუპოვრობით მოხიბლული პოსტის დატოვებაზე სულაც კი არ ფიქრობს.

სირცხვილია და საზოგადოების უკიდურესი შეურაცხყოფა, როცა იუსტიციის მინისტრი, რომელმაც ვერაფრით გაიაზრა საკუთარი თანამდებობის მნიშვნელობა, მისი გადაყენების ჭეშმარიტად მართებულ მოთხოვნას ფსიქოზს უწოდებს.

სირცხვილია, რომ ასეთი მენტალობის ჩინოვნიკის სავარძელში გახევებას პრემიერ-მინისტრი ისე მხურვალედ ემხრობა, რომ მისი გადადგომის მომხრე სამართლის მაძებარ მოქალაქეებსა თუ არასამთავრობო სექტორს უსამართლოდ უწყრება.

სირცხვილია, რომ წარსულისაკენ ჯიუტად მომზირალი პირველი მინისტრი შვილმოკლულ მამებს სამართლის დაბრუნებას, ალბათ ისევ იუსტიციის მინისტრის იმედით, ჰპირდება.

სირცხვილია, რომ ამ ორივეს ზურგს უმაგრებს კაცი, რომელიც პოლიტიკაში თითქოს იმიტომ დაბრუნდა, რომ საქართველოში სიტუაცია დაალაგოს. რაღაცეებს ალბათ დაალაგებს, თუმცა ალბათ მხოლოდ თავისთვის და ალბათ მხოლოდ ისე, რომ ქვეყნისთვის არც დრო დარჩება და არც ძალა.

სირცხვილია, როცა მკვლელობის მოწმე ათეულობით ბავშვი გამოძიებას მკვლელის ვინაობას უმალავს, ხოლო ამ ბავშვთა მშობლებმა ვერ იპოვეს ის მორალური რესურსი, რომელიც მათ შვილებს სიმართლეს ათქმევინებს.

სირცხვილია, როცა შვილმკვდარი მამის მხარდასაჭერად რუსთაველზე მისულ ხალხში, მიუხედავად ახალგაზრდობის სიმრავლისა, გაკოტრებული პოლიტიკოსების მეტს ვერავის ამჩნევ.

სირცხვილია, როცა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, მოკლული ბავშვის მშობლის გამოყენებას ცდილობ და თანაც ისე ურცხვად, რომ თვალებში ძალაუფლების რეანიმირების ზრახვა გიელავს.

სირცხვილია, როცა გავიწყდება, რომ საქართველო მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერთაგან არ შედგება.

სირცხვილია, როცა რუსთაველზე ვერ ამჩნევ იმ ბავშვებს, რომლებსაც უსაშველოდ მობეზრდათ დამპალ სისტემაში ცხოვრება და შენი პოლიტიკური კუთვნილება ფეხზე ჰკიდიათ.

სირცხვილია, როცა მთავრობა საკუთარი უნიჭობისა თუ უუნარობის გამოისობით საქმეს ისე იხდის, რომ თვით "ნაცები", რომლებმაც ქვეყანა უთვალავი გვამით მოჰფინეს და უამრავი სული დაასახიჩრეს, მკვლელების მთავრობას გეძახის.

სირცხვილია, როცა მოკლულ ბავშვს მოძალადის მანტიაში ახვევ და ამით საშინელი მკვლელობის დასაშვებობას გუნდრუკს უკმევ.

სირცხვილია, როცა ქვეყანაში ამდენი შვილმოკლული და სიმართლის უპოვნელობით დათრგუნული მშობელია.

სირცხვილია, როცა გაუხსნელი მკვლელობების საქმეები პროკურატურის თაროებზე ვეღარ ეტევა და მათზე დაფენილი მტვრის სისქე წლიდან წლამდე იზრდება.

სირცხვილია, როცა აღარ გახსენდება ირინა ენუქიძე, დედა, რომლის წყალობითაც უამრავი შვილი გადარჩა.

გამოვალთ თუ არა ამ უსასრულო სირცხვილის წრიდან?

ეს დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ზაზა სარალიძის ტრაგედიისადმი თანაგრძნობით გამსჭვალული ზღვა ხალხი მისი სამართლიანი ბრძოლის რეალურ, ფიზიკურ მხარდაჭერას, რომელიც უნდა იყოს გაცილებით მძლავრი, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ჯგუფების აქტივობა, და იმდენად ზნეობრივი, რომ შვილების მომავლის გადარჩენისათვის ბრძოლაში მერკანტილიზმით დამძიმებული პარტიული პირუეტების ადგილი ფიზიკურად გაქრეს.

ეს დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ჩვენი საზოგადოება პიროვნულ შუღლზე ამაღლებასა და ასეთ კრიტიკულ ვითარებაში უკიდურესად უადგილო კინკლაობაზე უარის თქმას.

ეს დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა მართლმსაჯულება ისეთი, რომ არცერთმა მოქალაქემ ამ ცივილური სიკეთის ეფექტურობაში იოტისოდენა ეჭვიც არ შეიტანოს და ვინმეზე შურისძიების სურვილი არ გაუჩნდეს.

ეს დამოკიდებულია იმაზე, გვეყოლება თუ არა იუსტიციის ისეთი მინისტრი, რომელსაც ექნება მორალური უფლება იმისა, რომ საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილ ახალ პროკურორს ნამსხვრევებად ქცეული სისტემის აწყობაში რეალურად დაეხმაროს.

ეს დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა ახალი მთავარი პროკურორი ის კაცი, რომელიც არ შეუშინდება დღევანდელ მართლმსაჯულებაში გამეფებულ სიბინძურესა და საკუთარი მოღვაწეობით ქართულ საზოგადოებას ყოველდღიურად შეახსენებს უძველეს ანტიკურ ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ მარმარილოს ძეგლს ტალახი არ ეკარება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს