Слушай сюда, Юра! - ღია წერილი ი. მეჩითოვს
Слушай сюда, Юра! - ღია წერილი ი. მეჩითოვს
თქვენი ლუსტრაციის ამსახველ ამბავს ჩემი სოხუმელი მეგობარი მომიყვა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს მხოლოდ 7 წლისა თუ იქნებოდა. მიუხედავად თბილისიდან 435 კილომეტრიანი სიშორისა და მცირე ასაკისა, მან მაშინვე იცოდა, რომ რუსთაველის გამზირზე დაჩეხილ ახალგაზრდათა სიკვდილის მიზეზი ბასრი ნიჩბები და მომწამვლელი გაზი გახდა.

თქვენ კი, მაშინ 40 წლის Юрий Михайлович-ი, რომელიც რუსი ჯარისკაცების შორიახლოს, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული, სავარაუდოდ, КГБ-ს აგენტების გარემოცვაში იდექით და ხელში ფოტოაპარატი გეჭირათ, ვერაფრით მიხვდით, რომ ეს იყო
უიარაღო ხალხის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად, რომელიც თქვენი, სავარაუდოდ უცხო ქვეყნის აგენტის აზრით, მომიტინგეთა უდიდეს ნაწილს თვალსასეირო შოუ ეგონა.

როგორ ბედავთ ან რა ძალა გამოძრავებთ საიმისოდ, რომ იმ ქვეყანას, რომელმაც გაგზარდათ, განათლება მოგცათ, თავზე ხელი გადაგისვათ, ლამის კაცად გაქციათ და გარკვეული აღიარებაც გაჩუქათ, ასე უმადურად
მოექცეთ! რატომ აყენებთ შეურაცხყოფას ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე სუფთა, ყველაზე ამაღლებულ, ყველაზე ნათელ და ყველაზე გმირულ დღეს?! რატომ აუფერულებთ იმ ხალხის თავდადებას, რომლებიც მხოლოდ იმისთვის შეეწირნენ ქვეყანას, რომ თავისუფლება უნდოდათ?

ან რა სინდისით ადანაშაულებთ ამ აქციის ორგანიზატორებს, რომელთა მიზანი მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობა იყო და არა ისეთი რამ, რაც შესაძლოა მხოლოდ თქვენ წარმოგიდგენიათ.

ან როგორ მოხდა ისე, რომ ლამპიონის შუქზე მოლაპლაპე რუსი ჯალათების ნიჩბები მხოლოდ თქვენი მზერისთვის გახდა მიუწვდომელი. იქნებ ამ დროს ჩრდილოეთის ციალს უმზერდით, რომლის ხიბლმაც დაგზაფრათ, მუხლი მოგიკვეთათ და თვალთ ისე დაგიბნელდათ, რომ, ვერ დაინახეთ მკვლელები, რადგან "იქ არ იყო მკვლელობა", ვერ დაინახეთ დაჩეხილები, რადგან "იქ არ იყვნენ დაჩეხილები", ვერ დაინახეთ დაჭრილები, რადგან "იქ არ იყვნენ დაჭრილები", თუმცა თქვენს მახვილ თვალს არ გამოპარვია "ასფიქსია" და ალბათ "შემთხვევით გარდაცვლილი ადამიანები", რადგან "არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა."

თუმცა, ეს არც არის გასაკვირი თქვენგან, საბჭოთა კავშირის "ქვეშ" გაბედნიერებული კაცის გადასახედიდან, რადგან 9 აპრილმა თურმე ბედნიერება წაგართვათ და ეს დანაკარგი თქვენთვის იმდენად მტკივნეული გამოდგა, რომ დღემდე არ გაგნელებიათ.

ან როგორ ვერ ხვდებით საქართველოში დაბადებული კაცი იმას, თუ რა უნდა ჰქონოდა ქართველს საბჭოთა კავშირისა თუ რუსეთის საწინააღმდეგო, ან რატომ გგონიათ დაკარგული დამოუკიდებლობის ორასწლიანი მონაკვეთი აყვავების ხანა?

უბრალოდ, ქვეყნის ასეთ "მოქალაქეს" არცერთმა ტელევიზიამ და არცერთმა რადიომ არ უნდა დაგითმოთ ეთერი, არცერთმა საკუთარი თავის პატივისმცემელმა ადამიანმა თუ ორგანიზაციამ არ უნდა მოგცეთ თუნდაც უმნიშვნელო შეკვეთა, არცერთი მეზობელი თუ ნაცნობი არ უნდა მოგესალმოთ და არ უნდა გამოგელაპარაკოთ იმ მარტივი მიზეზით, რომ თქვენ ბრძანდებით ქართულ ენაზე მოლაპარაკე ქართველთმოძულე.

გახსოვდეთ, რომ როცა მხარზე მოგდებული ფოტოაპარატით თბილისში გასეირნებას გადაწყვეტთ, ეს ის დედაქალაქია, რომლის მთავარ ქუჩაზე დაღვრილი სისხლიც თქვენს გამრუდებულ ფოტოობიექტივს გამოეპარა, თუმცა ეს უკვე სინდისის საკითხია და ამაზე თქვენთან საუბარი უსარგებლოა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
omar
20 აგვისტო 2019 14:02
„პროვინციული ფაშიზმი“!
ნინა
15 ნოემბერი 2018 10:43
ღირსები ვართ ქართველები, ყველა უღირსს ტაშს რომ ვუკრავთ და ჩვენი თავის ფასი არ ვიცით...
ფერი ფერსაო!
15 ნოემბერი 2018 07:09
მაგისგან არ მიკვირს, მე ქეთი დოლიძეზე ვარ გაბრაზებული, მაგას რომ გადაეფარა ამბრაზურასავით და გამოგვიცხადა: ვისაც იური მეჩითოვის ინტერვიუ არ მოგეწონათ, ყველანი ნაცები ხართ და ნაძირალებიო!..

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები