არა "ნაცები", არა "ქოცები", არამედ რაღაც სხვა... - ზღაპარში გაჭედილი ხალხი - კვირის პალიტრა

არა "ნაცები", არა "ქოცები", არამედ რაღაც სხვა... - ზღაპარში გაჭედილი ხალხი

იდგა 2012 და ერთმა მდიდარმა კაცმა საკუთარ ხალხს ზღაპრული ცხოვრება აღუთქვა. ამ კაცის სიტყვა, რომელიც ორ სვეტზე - ნაქველმოქმედარსა და ციხის ჩანაწერებზე იდგა, ქართველი ხალხისთვის იმდენად ფასეული აღმოჩნდა, რომ კვდომისაკენ მიდრეკილ პოლიტიკურ რეჟიმს საარჩევნო ყუთებთან წესი ერთსულოვნად აუგო.

იმ ექვსი წლის წინანდელი არჩევნების თავზე, როცა უკვე ბევრი წყალია ჩავლილი, უცაბედად ირკვევა, რომ მაშინ აღთქმული ზღაპრული ყოფა საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილს პირდაპირი მნიშვნელობით აუხდა და მან ცხოვრება იმ ზღაპრის გმირივით დაიწყო, რომელიც გზაჯვარედინთან გაჩერებულა და ვერ წარმოუდგენია საით წავიდეს.

როცა საარჩევნო პერიოდში ხალხს მომავლის იმედი საბოლოოდ უქრება და ამის გამო თვითიზოლაციას (სახლში დარჩენას) ირჩევს, როცა მოსახლეობის ერთ მეოთხედს, ანუ ხმის მისაცემად წასულთა ნახევარს მეორე ნახევარი ბარაბას გზაზე შემდგარი ჰგონია და ცხადზე უცხადესია, რომ ერის ერთი ნაწილის მეორისადმი დამოკიდებულებას სერიოზული გადახედვა სჭირდება, ეს უკვე უთუო ნიშანია იმისა, რომ "ქვეყანაში რაღაც დამპალა". ამგვარ ვითარებას თუ ემატება ისიც, რომ არცერთი კანდიდატი არ მოგწონს, არჩევანის გაკეთება არათუ რთული, წარმოუდგენელიც კი ხდება.

ასეთ დროს გმირი, სახელად ქართველი ხალხი იძულებით ჩერდება ვეებერთელა საჯილდაო ქვის წინაშე, რომელსაც ამშვენებს სამად სამი წარწერა: "მარცხნივ წახვალ - ინანებ", "მარჯვნივ წახვალ - ინანებ", "პირდაპირ წახვალ - გველეშაპი შეგჭამს".

მოცემულ გზათაგან ყველაზე უარესი ალბათ "გველეშაპის ლუკმობაა", რომელიც ჩვენს შემთხვევაში დიაღაც რომ გულისხმობს სახლში დარჩენასა და არჩევნებზე წაუსვლელობას, რისი უფლებაც XXI საუკუნის ქართველებმა საკუთარ თავს ალბათ აღარ უნდა მივცეთ.

"სალომეგრიგოლიანი" არჩევნების პირველმა ტურმა ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ უთხრა, რომ "ოცნების" თავმჯდომარისა და მის მიერვე გუნდად სახელდებულ ადამიანთა ჯგუფის ილუზორული წარმოდგენები, რომელიც განსხეულებულ იქნა სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურად არცთუ უმწიკვლო სახეში "წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად".

ამავე ტურით იმავე საზოგადოებამ ისიც შეიტყო, რომ ქვეყნის პრეზიდენტი შესაძლოა გახდეს წარმომადგენელი ძველი ძალისა, რომელმაც მის მიერვე აბსოლუტური ძალაუფლებით გაჟღენთილ პრეზიდენტთან ერთად, ბევრი გაკეთებულის ფონზე, იმდენი რამის გაფუჭება მოასწრო, დღემდე რომ არ გავიწყდება კაცს.

28 ოქტომბრის შემდეგ, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ, თვინიერ პატრონყმური სიამტკბილობითა და პოლიტიკური ფანატიზმით შეპყრობილი ადამიანებისა თანა, იგრძნო, რომ მისი წარსული ხატებითა თუ მომავალი ზმანებებით აღსავსე სამშობლო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და 36 037 ამომრჩევლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ამ ქვეყნის მოქალაქეთა ცნობიერების სხვადასხვა თავისებურებათა გამო 2.5 %-საც ვერ ასცდა და არც ახლა მეპარება ეჭვი, რომ ის მეტად ღირსეული პრეზიდენტი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არცერთი კანდიდატი არ მომწონს და როგორც აწ გაშიშვლებული მეფე იტყოდა, ვარ ჯერ კიდევ "გაუკრეფავი", ვიღაცისთვის აწ მოსაფერებელი თუ მავანისთვის თითქმის საძულველი "შუაშისტი", არჩევნებზე აუცილებლად წავალ.

წავალ იმ კითხვებით, რომელიც ჩემს მიერ ექვსი წლის წინ არჩეულმა პოლიტიკურმა ძალამ ჩემდა სამწუხაროდ პასუხგაუცემელი დატოვა, ხოლო ორმა ინტერვიუმ და ერთმა ნაძალადევმა აღსარებამ ისინი უფრო ბუნდოვანი გახადა.

ამიტომ, როცა ხარ ხელისუფლება და 28 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება გწადია, მაშინ ნება იბოძე და როგორმე უპასუხე იმ კითხვებს, რომელთა არსებობამაც განაპირობა საერთო ეროვნული ნიჰილიზმი, რაც თქვენს მიერ ექვსი წლით დავიწყებულმა მოსახლეობამ ბუნებრივად გამოხატა პროტესტის უმარტივესი ფორმით - არჩევნებზე წაუსვლელობით. მაშ ასე:

რატომ დაიკარგა უგზოუკვლოდ ექვსი წინანდელი დაპირება პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის შესახებ, ან როგორ ვერ ხვდებით, რომ ამ მარად ახალგაზრდა პოლიტიკური ინიციატივის გაცოცხლებით ელექტორალურ ნეოფობიას საბოლოოდ დაამარცხებთ, მოწინააღმდეგეს უამრავ ხმას (თქვენი ყოფილი მხარდამჭერებისას მაინც) წაართმევთ, და ექვსი წლის მანძილზე გადღაბნილ სახეს ფორმას მაინც შეუნარჩუნებთ?

რატომ გეშინიათ გაერთიანებული ოპოზიციის ტყავში გახვეული "ნაციონალური მოძრაობისა" და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარნათქვამი კაცის "ვარსქენივით" მოსვლისა მაშინ, როცა არჩევნების წაგების შემთხვევაშიც კი ისინი ხელისუფლებაში ვერ მოდიან. რატომ გავიწყდებათ არსებული პოლიტიკური მოცემულობა და არ გიჩნდებათ "გუნდური ევრიკა" იმის თაობაზე, რომ ძალაუფლება ორი წელი კვლავ თქვენი გეკუთვნით?

რამ განაპირობა ერთნიშნა რეიტინგის, ეკლექტიკური მსოფლმხედველობის ქალბატონის საპრეზიდენტოდ "შემოტყორცნა", ანტიპატრიოტულმა განცხადებამ "საქართველოს ომის ავტორობაზე", ნაპრეზიდენტალისადმი მარადიულმა წყენამ თუ რომელიმე ფსევდოევროპული სახელმწიფოს თავსმოხვეულმა ნებამ? ან იქნებ სამივემ ერთად? რატომ უმალავთ მედიასივრცეს ამ აწ განბილბორდებულ ქალბატონს, რომლის უმაღლეს პროფესიონალზმსაც მამონას ტრფიალში შემჩნეული აპოლონის მსახურები, ამ ჯერზე უჯაჭვო "ძველი გვარდია" და "რონინობის" კანდიდატი "თაიგულიანი კაცი" გულზე მჯიღებით ირწმუნებიან?

როდემდე უნდა იყოს დაბანდებული თქვენი შაგრენის ტყავივით შემცირებული ავტორიტეტი უძრავი ქონების კოლექციონერ "სარდაფის კაცში", ან იქნებ გგონიათ, რომ მასზე დაკისრებული გირაო მისი სიურეალისტურად გაწელილი ჩრდილიდან უდანაკარგოდ გამოგიყვანთ? იქნებ ამ მინუსსაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე გამოასწორებს სხვა პრობლემებთან ერთად "უგულოდ დაპირებულ" იმ ერთ წელიწადში, როცა არავინ იცის რის გამოსწორებას აპირებს და არავის აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა მიაჩნია მას გამოსასწორებლად?

როდემდე იქნება პარლამენტის თავმჯდომარე აწ ბილბორდიზირებული ეგოცენტრული კაცი, რომელიც გარდა პოლიტიკური უმწიფარობისა, არც უნიკალური ბიოგრაფიით გამოირჩევა, არც სასპიკერო ენამჭევრობით, არც ინტელექტუალური რესურსით, არც ზოგადი ტაქტითა და არც პოლიტიკოსის მოქნილებით? ან როგორ იქცა საკანონმდებლო ორგანოს პირველი ვიოლინოს უტყუარ კრიტერიუმად ლათინოამერიკული სერიალების სატრფოსაგან უარყოფილი და ფსევდოჰიპობისაკენ მიდრეკილი კინოგმირის იმიჯი?

რატომ რჩება იუსტიციის პირველ მსახურად უახლესი ქართული ტრენდის - "დამღუპველი კოჰაბიტაციის" მიუხედავად, ხელმძღვანელი იმ უწყებისა, რომელიც ამ "მურუსირებული კოჰაბიტაციისა" თუ "სტერილური პროკურატურის" ომფალოსად (უმთავრეს ცენტრად) ითვლება? იქნებ გგონიათ, რომ ეს დაავიწყდა იმ ამომრჩეველს, რომელმაც 2012-ში ხმა უკეთესი მომავლისა და თუნდაც დამოუკიდებელი სასამართლოს იმედით მოგცათ?

რამდენჯერ გაგახსენდათ ექვსი წლის მანძილზე 400 000-ზე მეტი ლტოლვილი? როგორ მოახერხეთ, რომ ამ ხალხის მიმართ წინა ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებასაც კი აჯობეთ და არჩევნების წინ განახლებულ სამინისტროთა სიიდან ლტოლვილთა სამინისტრო მოულოდნელად გააქრეთ? თუ გგონიათ, რომ ამ სამინისტროს უკმარობას ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის ის საქვეყნო ღვაწლი გადაფარავს, რომლის შესახებ არავის არსად არასოდეს სმენია?

ასე და ამგვარად, უკვე აღარავის უკვირს თქვენი მეტოქისა და ლამის უკვე (არ შეშინდეთ) სავარაუდო შემცვლელის ვინაობა, ვინაიდან თქვენ და "ნაციონალებმა" პოლიტიკური ახლომხედველობით ერთმანეთი სწორედაც რომ დაიმსახურეთ.

28 ოქტომბრის შემდეგ, მიუხედავად "ნაციონალების" ლამის საათივით აწყობილი საარჩევნო კამპანიისა, წარსულით დადასტურებული არასანდო დემოკრატიულობის აჩრდილი ამ უკვე "ორთა ერთარსებად" ქცეულ პოლიტიკურ ძალას მაინც ისე დასდევს, რომ მისთვის სახლში დარჩენილი ამომრჩევლის ხმა ერთი ათად ფასობს.

ამ მოიერიშე ძალას ამასობაში გადაავიწყდა ხალხისათვის აეხსნა როგორ ერწყმის კომპოზიციურად ერთმანეთს საპრეზიდენტო კანდიდატის სინანული "ნაციონალების" დაშვებული შეცდომების მიმართ და მისივე სურვილი ამ შეცდომათა ავტორების შეწყალების შესახებ?

მათ ისიც ავიწყდებათ, რომ მოწინააღმდეგეთა თუ არჩევნებზე წაუსვლელი ხალხისთვის "ნაციონალების" არსი უკვე კარგა ხნის ცნობილია. იგივე ხალხი ნათლად ხედავს მოწინააღმდეგის შეცდომათა ჰიპერბოლიზებაზე აწყობილ ფსევდოპატრიოტულ საარჩევნო კამპანიას, სადაც ქართველ სამხედროებს "თითით საჩვენებელი" ადგილი უკავიათ.

ამ ყველაფრამდე გაცილებით ადრე იყო სასამართლო, რომელიც დღევანდელი ლეთარგიული თვლემის მიუხედავად, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩავარდა კომატოზურ მდგომარებაში, და რომელიც მიუხედავად ქართული საზოგადოების არაერთი პროტესტისა, არასოდეს გამოსულა იქიდან.

პროკურატურას, რომელსაც ახლა მკვდარიც აღარ ეთქმის, სწორედ "ნაციონალების" დროს გაუჩნდა პირველი მეტასტაზები. სტრუქტურა, რომელმაც ზედამხედველის როლი ხელისუფალთა ნებით უპირობო ჯალათის როლზე სიამოვნებით გაცვალა, "მიშასეული" მმართველობის იმ ავანგარდად იქცა, რომელიც ამა თუ იმ გამოძიების ამოჩემებულ სამსხვერპლოს გარანტირებულად ჩუქნიდა სევდიან ფინალს.

ანტიხალხური ეპოსი, რომელიც შარდენის ქუჩიდან მოტაცებული ახალგაზრდა კაცის მოკვდინებით დაიწყო, რუსთაველსა და რიყეზე ხელისუფლების თავგასულობის მაპროტესტებელ მოქალაქეთა ცემით გაგრძელდა, ხოლო 26 მაისს მომიტინგეთა მკვლელობითაც დასრულდა, დამთავრდა დიდი გადარჩევით და ქვეყნის სათავეში ახალი ძალა ლოგიკურად მოვიდა.

გამოხდა ხანი და "ნაციონალების" დროინდელი ავზნიანი წლების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის მზისქვეშ პარტიულ მეგობრებთან ერთად აღმოჩენილ ექსდესიდენტს ისტორიული ფრაზა აღმოხდა, რომლის თანახმადაც "ხალხმა ნაციონალურ მოძრაობას აპატია". ეს არის შეცდომა, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ ამ "ამჯერად უფრთო" ფრაზის ავტორს, ქართველი ხალხი და საკუთარი თავი ერთმანეთში აერია. მას მარტივად და დიდსულოვნად, თუნდაც ოპოზიციის ოფისიდან, შეეძლო ეთქვა: "მე მათ ვაპატიე" და მცირე ფილოსოფიური პაუზის კვალად, თუნდაც ჩურჩულით დაემატებინა ერთი საჩუმათო შტრიხი იმაზე, რომ "ხალხმა ხმა "ნაციონალებს" კი არა, "ოცნების" წინააღმდეგ მისცა."

როცა წარმოადგენ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სულაც არ არის გუშინდელი, ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ ისიც უნდა იცოდე, რომ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლას, მიუხედავად მისი ამღვრეულობისა, ალბათ უნდა მოერიდო. ბევრი ფიქრი არ ჭირდება იმას, რომ ამ ძველი პარტიის ბოსებსა თუ ბოსყოფილებს მშობლიური ქვეყნის მომავალზე "სევდიან ფიქრთ გასართველად" ესაჭიროებათ ესოდენ მონატრებული სადეპუტატო კვოტა, რომელსაც ისინი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ შემოკრებილ ერთიან ფრონტზე, სამი ან ოთხი შეკოწიწებული სკამის სახით ალბათ მიიღებენ.

კარგია, მისასალმებელია და თითქმის კეთილშობილურია ის, რომ "მიშამ აღიარა თავისი შეცდომა" და "მან ბოდიში მოიხადა". ამაზე ალბათ არანაკლები და საეთერო დროის ხელშეწყობის თვალსაზრისით აღმატებულია ისიც, რომ პატიება გთხოვათ თვით იმ ნიკამაც, რომლის ტელევიზიამაც თქვენი პარტია, "ევროპული საქართველოს" შემდეგ, გამოაცხადა მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე №2 პარტიად.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე მივდივარ და საარჩევნო კაბინაში ალბათ ორივეს გადავხაზავ, კიდევ უფრო მიმტკიცდება აზრი იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ნორმალურ მომავალს ახალი პოლიტიკური ძალა სჭირდება.

ძალა, რომელიც არ კლავს, არ ცრუობს, არ ეშინია, არ არის კორუმპირებული, გულწრფელია, არ დასცინის, სამშობლოს მოყვარულია, სხვის დაკრულზე არ ცეკვავს, სასამართლოს დამოუკიდებლობას თვალისჩინივით უვლის, ფსევდოლიბერალიზმს სათოფეზე არ ეკარება, ცრუპატრიოტიზმს გაურბის, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ქართველობისთვის თავდადებით იღწვის, საკუთარ ავტორიტეტს უფრთხილდება და გულწრფელად სჯერა, რომ ამ პატარა ქვეყანას დიდი საქმეების კეთება შეუძლია...

მოკლედ, არა "ნაცები", არა "ქოცები", არამედ რაღაც სხვა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს