ზაფხულის ორი დღე, ანუ მომავლისთვის ნასროლი ტყვიები - კვირის პალიტრა

ზაფხულის ორი დღე, ანუ მომავლისთვის ნასროლი ტყვიები

როცა თოფის კონდახს აბჯრიან მხარზე იბჯენ, გაავებული თვალით სამიზნეს ირჩევ, რომელიც ამ შემთხვევაში შენი თანამოქალაქეა, როცა ამ თოფის მორკალულ ჩახმახს გულმოდგინედ გამოკრავ თითს და შენსავით ქართველ ახალგაზრდას ქუჩაში ზვარაკივით წამოაქცევ, როცა დაჭრილ თუ ცრემლიანი გაზით გაბრუებულ შენს ხალხს ქუჩებსა და სკვერებში გაშმაგებული დასდევ, როცა დაკავებულს წიხლს ურტყამ და ხელგადაგრეხილს სახეში აფურთხებ, რა უნდა გიწოდო?

ვინა ხარ? რა დედამ გაგზარდა? რომელი მამა ამაყობს შენი შვილობით, რომელი ქალია ბედნიერი შენი ცოლობით და რომელ შვილს უხარია შენი მამობა? რომელი სკოლის მერხთან იჯექი? რომელ ქუჩაზე გაიზარდე, ან თუ თამაშობოდი ბავშვობაში ომობანას, სადაც უიარაღო ხალხს არ ესვრიან?

ან იმ ხელებით, საძულველი თოფი რომ გეკავა, თოფი, რომლის ლულიდან გადმონთხეულმა ტყვიებმაც ჩვენს შვილებს, დებსა თუ ძმებს თვალები დასთხარა, ყბები დაულეწა, თავები დაუხეთქა, მხრები მოამტვრია და მოძმის სისხლი რუსთაველის გამზირს უგემურად შეაზილა, საკუთარ შვილებს როგორ უნდა მოეფერო?

ან როგორ უნდა გადაიწერო იმ თითებით პირჯვარი, რომელიც გაშმაგებით ამოძრავებდა იმ თოფის სასხლეტს, ქართველ ბავშვებს რომ აბრმავებდა.

სწორედ ამიტომ, ის, რომ შენ ქართველი ხარ, საზარელია!

ან შენ, ამ ბრძანების გამცემი ქართველების სისხლით რუსთაველის მომრწყველი მინისტრი, როდემდე აპირებ შენს წყეულ თანამდებობაზე დარჩენას?

იქნებ იქამდე, ვიდრე შენი ჯავშანაკრული მონაკაცუნები უფრო მეტ ქართველ გოგო-ბიჭს არ დასთხრიან თვალებს, უფრო მეტ ოჯახის მამას არ მოუნგრევენ ყბებს, უფრო მეტ ქალბატონს არ მოამტვრევენ მხრებს, უფრო მეტ ხანშიშესულ ადამიანს არ დაუკარგავენ უკანასკნელ იმედსა და უფრო მეტ ბავშვს არ გაუჩენენ აქამდე არარსებულ სიძულვილს პოლიციის მიმართ.

შენ უკანმოუხედავად უნდა წახვიდე ჯერ თანამდებობიდან, მერე კი უკვალოდ გაქრე, ვინაიდან 20-21 ივნისის შემდეგ, შენი ნებისმიერი გამოჩენა ნებისმიერ ადგილას ნებისმიერს გაახსენებს ნასისხლარ რუსთაველსა და მომავლისაკენ მომზირალი ბავშვების დამშრალ თვალებს.

სწორედ ამიტომ, ის, რომ შენ ქართველი ხარ, საზარელია!

ხოლო შენ, ახლანდელ დროსა და ქართულ სივრცეში დაკარგულო პარლამენტის ნასპიკერალო, რამ გაგაბედინა ჩატარება იმ ე.წ. "მართლმადიდებლური" ასამბლეისა, რომლის პრეზიდენტიც რუსი კომუნისტია?

ან როგორ ვერ უნდა ხვდებოდე იმას, რომ ოკუპანტი ქვეყნის სათათბირო ორგანოს კომუნისტი ერთეული საქართველოს პარლამენტს სათოფეზეც არ უნდა გააკარო? ან რა ცოდნა უნდა იმას, რომ "მართლმადიდებლობა" და "კომუნისტი" ბიპოლარული ცნებებია.

როცა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს ზემოაღნიშნული არ გესმის, მაშინ ვერც იმას მიხვდები, რომ ამ ფსევდომართლმადიდებლისა და კომუნისტის კვაზისიმბიოზი პირველივე შესაძლებლობისთანავე იქაურობას მოთხვრიდა.

და მოთხვარა კიდეც...

ამ გაუგებარმა წარმონაქნმა აფხაზეთის ომისას, ქართველების მტრის სანგარში ნათრევი კომუნისტი სხეულით წაბილწა სავარძელი საქართველოს იმ პრეზიდენტისა, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა...

და შენ, რომელიც ამ სავარძელში რამდენიმე წელი იჯექი, ვერაფრით მიხვდი იმას, რომ ეს სავარძელი თავკიდური ქვაა საქართველოს დამოუკიდებლობის ოცდაათწლიანი ისტორიისა...

სწორედ ამიტომ, ის, რომ შენ ქართველი ხარ, სამარცხვინოა!

რაც შეგეხება შენ, ზაქრო, შენ არაკომპეტენტურად ენერგიული განტევების ვაცობის კანდიდატად იქეცი, თუმცა შენი საფიცარის საუბედუროდ და შენი მაფიცარის გულგასახეთქად ვაცადაც კი ვერ ივარგე.

სწორედ ამიტომ, ის, რომ შენ ქართველი ხარ, სამარცხვინოა!

აი, შენ კი, ნიცშესთან მოპაექრე პლუტოკრატო, რომლის ბოლთის ცემასაც შუშის სასახლის ყველაზე დიდ დარბაზში ბოლო არ უჩანს და ზემონახსენებ უგუნურ მარიონეტებს ხელ-ფეხზე გამობმული ძაფებით ამოძრავებ, დროა გაჩერდე. ამგვარი გაჩერების მაგალითი შეიძლება აიღო კაცისაგან, რომელსაც კომბლები ძლიერ უყვარდა... უნდა გაჩერდე დროულად, რადგან ის მწვანე შუქი, რომელიც შენ, მიუხედავად ქვეყნის ოკუპაციის 20%-ისა, რუს პოლიტიკოსებსა თუ "კაგებეშნიკური" რძით ნასაზრდოებს რუს "ბიზნესმენებს" აუნთე, სისხლისფერი გახდა. ეს შუქი, რომელიც ჩრდილოეთიდან ლამის უკვე ალისფრად მოჩანს, იმდენად გონებადამხშობი გამოდგა, რომ "მართლმადიდებლურ" ტყავში გახვეული ვიღაც კომუნისტი შენი ბუნდოვანი ვალდებულებებითა თუ ვასალური მაამებლობით დაიმედებული, ჯერ საქართველოში, მერე პარლამენტში, მერე კი, ქვეყნის პირველი კანონმდებლის სკამზე აღმოჩნდა....

ამიტომ, იქნებ როგორმე მიხვდე, ან იქნებ ვინმე ახლობელმა გულახდილად გითხრას, რომ უკვე დადგა ჟამი, როდესაც, თუ არ გაჩერდი, აუცილებლად გაგაჩერებენ.

ეს გამჩერებელი ახალგაზრდობაა, რომელიც რუსთაველზე დგას და იდგება მანამ, ვიდრე თვალებისმთხრელ მინისტრს წასვლის უფლებას არ მისცემ, ვიდრე ასეულობით ღიმილის ბიჭს საპატიმროდან არ გამოაშვებინებ.

დრო მიდის და თანაც ისე, რომ ვერ შემოაბრუნებ. იქნებ როგორმე მიხვდე, რომ შენი უმოქმედობა უგუნურებაა, შენი სიჯიუტე - სახიფათო, შენი ქართველობა კი - უნაყოფო. დროა გადაწყვეტილებები მიიღო.

ნუ წელავ იმას, რის გაწელვაც უსასრულოდ შეუძლებელია. მით უმეტეს საქართველოში, რომელსაც ასეთი ნათელი ახალგაზრდობა ჰყავს, რაც ზაფხულის ამ ორი უმძიმესი დღის ერთადერთი კარგი ამბავია.

სწორედ ამ ახალგაზრდობისა, და, რა თქმა უნდა, ღმერთისა რომ არ მჯეროდეს, ვიფიქრებდი, რომ ამ ქვეყანას მომავალი არ გააჩნია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს