"ევროპის დაისი" - ღია წერილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს
"ევროპის დაისი" - ღია წერილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს
პატივცემულო დეპუტატებო,

იძულებული ვარ შეგახსენოთ, რომ მიუხედავად თქვენს მიერ 26 ივნისს მიღებული რეზოლუციისა, რომლითაც რუსეთს აღუდგა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრობა, ევროპის სამხრეთით კვლავ არსებობს ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია სწორედ ამ რუსეთის მიერ. ამ ქვეყანას სახელად ჰქვია საქართველო, მის დედაქალაქ თბილისში კი უკვე მე-14 დღეა მიმდინარებს საპროტესტო გამოსვლები.

ეს აქცია, რომელიც სპონტანურად დაიწყო ოკუპანტ ქვეყანასთან ჩემი ქვეყნის ხელისუფლების მაამებლური დამოკიდებულებისა და რუსი პოლიტიკოსების ზღვარგადასული თავხედობის გამო, აქცია, რომელზეც ზემოაღნიშნულთა ძალისხმევითა
თუ დაჟინებული მოთხოვნით მომიტინგე ახალგაზრდობის სისხლი დაიღვარა, ქალაქის მთავარ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს.

მაშინ, როდესაც ტრიბუნაზე გამომსვლელთა სიტყვები გაჯერებულია რუსეთის კაცთმოძულე პოლიტიკის საწინააღმდეგო პათოსით, რომელსაც შლეიფად გასდევს ევროპის ჰიმნი, მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ მითვისებულია საქართველოს ნაწილი, მაშინ, როდესაც რუსეთი თქვენს მიერ დასავიწყებლად განწირულ ქვეყანას ანტიოკუპაციურ
განწყობათა გამო ეკონომიკურ სანქციებს უწესებს, მაშინ, როდესაც რუსეთი ევროპულ ღირებულებათა და თავისუფლების იდეალების ერთგულების გამო ქართველ მომიტინგეებს რადიკალებსა და ექსტრემისტებს უწოდებს, თქვენ, ევროსაბჭოს ასამბლეის 118 წევრი მხარს უჭერთ ამ ორგანიზაციიდან თავის დროზე სამართლიანად გაძევებული წევრის უკან დაბრუნებას.

არ ვიცი, შეიტყვეთ თუ არა, მაგრამ, ეკონომიკური სანქციების გამოცხადებისა და ასამბლეის აღდგენილი წევრობის კვალად, ამ ქვეყნის საგარეო უწყების მოლაპარაკე თავმა კუნთების თამაშით თავხედურად გვაუწყა, რომ თურმე "რუსეთს პატიოსნებასა და ღირსებაზე საკუთარი შეხედულება აქვს" და იმედი გამოთქვა, რომ მათი "ადეკვატური რეაქცია (იგულისხმება სანქციები) ქართველებს ჭკუაზე მოიყვანს".
იმედი მაქვს დამეთანხმებით, რომ ამგვარი რიტორიკა სარკისებურად ასახავს ასამბლეის აწ რეაბილიტირებული ქვეყნის "ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ მოტივებს", რომელთა გამყარებაშიც თქვენს მიერ მიღებულ რეზოლუციას სულაც არ უჭირავს უკანასკნელი ადგილი.

გთავაზობთ მარტივ ექსპერიმენტს: წარმოიდგინეთ, რომ ბოროტმოქმედს, რომელსაც ბრალად ედება მრავალი ათეული წლის მანძილზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი უამრავი ადამიანის მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, სხვისი კერძო საკუთრების მითვისება, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, პერმანენტულ ქსენოფობიასა და კომბინირებულ შანტაჟზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში ჩასმიდან 5 წლის შემდეგ, მიუხედავად ქცევის მოდელის მნიშვნელოვანი გაუარესებისა და განთავისუფლების მრავალჯერადი უსაფუძვლო მოთხოვნისა, სასამართლო, მოსამართლეთა მიმართ პოტენციური ანგარიშსწორების შიშისა თუ გაუცნობიერებული სტოკჰოლმის სინდრომის გამო, ამ კრიმინალურ სუბიექტს ციხიდან უპასუხისმგებლოდ უშვებს.

იქნებ რომელიმე თქვენგანს შესწევს ძალა, რომ ამ გამოუსწორებელი რეციდივისტის ნამსხვერპლარ თუ სამსხვერპლო ადამიანებს ასეთი ალოგიკური გადაწყვეტილების მართებულობა აუხსნას? ან იქნებ რომელიმე თქვენგანი ფლობს ისეთ ფილიგრანულ მექანიზმს, რომელიც აწ გათავისუფლებული არამზადის დანაშაულებრივ ქმედებებს უპრობლემოდ აღკვეთს? ან იქნებ იმაზე გიფიქრიათ, რა ფასის გადახდა მოუწევს თქვენი თანხმობით წახალისებული ძალადობის საპირწონედ თქვენს მიერ იგნორირებულ ქვეყნებს?

როგორ გავიგოთ ეს? როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთისაგან დაზარალებული ქართველი, უკრაინელი თუ სხვა აღმოსავლეთ ევროპელი მოქალაქეების უფლებების დაცვა რუსეთთან ერთად? ან იქნებ რუსეთი მოულოდნელად გაკეთილშობილდა და მისი პოლიტიკა მისაბაძ მაგალითად იქცა?

იქნებ რუსეთი დონ კიხოტია, ხოლო ევროპა მისი ერთგული სანჩო პანსა, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით? იქნებ რუსეთს სულაც არ დაუპყრია საქართველოს ტერიტორიის 20% და ქართველების ტრაგედია მხოლოდ ილუზიაა? იქნებ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი სულაც არ ყოფილა და ის სარეკლამოდ გამოვიგონეთ? იქნებ იქ სულაც არ მომხდარა ქართველების ეთნიკური წმენდა? იქნებ რუსულ ბულდოზერებს ქართული სოფლები მიწასთან არ გაუსწორებიათ და იქ აშენებული რუსული სამხედრო ბაზებიც ეფემერული მოჩვენებაა?

იქნებ რუსეთი სულაც არ მონაწილეობს თბილისიდან 40 კილომეტრით დაშორებულ მცოცავ ოკუპაციაში და ეს ამბავი მხოლოდ ქართველებს გვგონია სიმართლე? იქნებ რუსეთი სულაც არ იტაცებს ქართული სოფლებიდან საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო ქართველები ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგებული რუსული ბაზების ციხეებში საკუთარი სურვილით სხდებიან? იქნებ რუსეთი სულაც უცოდველია გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში? იქნებ რუსეთს სულაც არ დაუწესებია თბილისური აქციების პარალელურად საქართველოსათვის ეკონომიკური სანქციები?

იქნებ უკრაინის ომი რუსეთთან მხოლოდ ზღაპარია, რომელიც ევროპას უკვე მობეზრდა? იქნებ უკრაინაში მოკლული ათი ათასობით კაცი მხოლოდ უკრაინელთა ფანტაზიის ნაყოფია და ევროპული თანაგრძნობა ამის გამო საბოლოოდ ჩაქრა? იქნებ ყირიმის ანექსია მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაშია ანექსია, დასავლეთში კი - მოგონილი ამბავი?

იქნებ გგონიათ, რომ ამ რეზოლუციის მიღება თქვენი 750 მილიონი ევროპელი ამომრჩველის დაუოკებელი სურვილია? იქნებ უკვე დადგა დრო იმისა, რომ გულწრფელად გვიპასუხოთ, არის თუ არა ისევ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროპის დემოკრატიული სინდისი?
იქნებ საბოლოოდ გაგვარკვიოთ, არის თუ არა ამ რეზოლუციის მიღება უგულებელყოფა იმ ევროპული ღირებულებებისა, რომელთა უპირველესი მიზანიც ამ ბებერ კონტინენტზე ადამიანთა კეთილდღეობა და უხიფათო არსებობაა?

იქნებ როგორმე გაიხსენოთ, როგორ შეუწყო ხელი გასულ საუკუნეში ზოგიერთი ევროპული ქვეყნის დამთმობლურმა პოლიტიკამ იმ "დიდი გერმანული რაიხის" შექმნას, რომლის "მოღვაწეობის" შედეგად მსოფლიომ 73 მილიონი დაღუპულის სახით განუზომელი საფასური გადაიხადა.

ამიტომ, ამ არცთუ შესაშური გამოცდილებისა თუ შორსმჭვრეტელობას მოკლებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ვშიშობ, რომ თანამედროვე ევროპა რვა ათეული წლის წინანდელ სინანულს კიდევ ერთხელ გაიზიარებს.
რაც შეეხება აწმყოს, თქვენი 118 ხმიდან გამომდინარე, ერთი რამ უკვე აბსოლუტურად ცხადია:

ევროპაში რაღაც დამპალა... და არა მხოლოდ რუსეთის წყალობით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
emigranti
15 ივლისი 2019 20:46
იქნებ ეხლა მაინც გაიგონ რომ ევროპა ცალი ხელიტ გვეფერება და ცალი ხელიტ რუსეთს ანიშნებს '' ხომ იცი გულს უტბობთ და ტვინს უტრიალებტო""
მარიამი
07 ივლისი 2019 13:39
მართალია, საზიზღრად იქცევიან , ელაქუცებიან მაგ უჯიშოებს იაფი საწვავისა და წიაღისეულის გამო, ის კი არ იციან, თუ ჩვენ და უკრაინას დაგვაჩოქებენ, ჯერი მაგათზე მიდგება და წინააღდეგობის გაწევის გარეშე ჩაბარდებიან, მიკვირს ძალიან, ნუთუ თანამედროვე ევროპელები იმ ჯვაროსნების შთამომავლები არიან?
ოჰოო
06 ივლისი 2019 20:37
აი ზუსტად ყოველივე ამის გამო ყველა ქართველმა უნდა გაიგოს ,რომ მის გასაკეთებელს არც ევროპა გააკეთებს არც ამერიკა და არც სხვა ვინმე,თითოეულმა ჩვენთაგანმა თავდაუზოგავად უდა იშრომოს,ისწავლოს და ქვეყანა უნდა გააძლიეროს! ყოველი ქართველი მიუხედავად სქესისა,სარწმუნოებისა,პოლიტიკური შეხედულებისა მზად უნდა იყოს ქვეყნის დასაცავად ამას კი ისევ და ისევ სჭირდება შრომა შრომა შრომა და სწავლა სწავლა სწავლა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები