Homo Russophilus intra, ანუ რუსოფილის პორტრეტი ინტერიერში - კვირის პალიტრა

Homo Russophilus intra, ანუ რუსოფილის პორტრეტი ინტერიერში

236 წლის წინ რუსულ დაბა გიორგიევსკში უცნაური ამბავი მოხდა. რუსულ-ქართულ ტრაქტატზე ხელმოწერისას, მთავარ დარბაზში, რუსული არყის მაგიდაზე გადაფენილი "სამეგობრო შეთანხმების" გრაგნილიდან უცებ რაღაც ნაცრისფერი გამოძვრა. გარსევან ჭავჭავაძე და პავლე პოტიომკინი თავდაპირველად დაფრთხნენ, თუმცა, ამ უცნაურმა არსებამ როგორც კი საკუთარი ვინაობა გაამხილა, ორივეს გაეცინა. ქართველი იცინოდა იმის გამო, რომ ასეთი არაფერი გაეგო, რუსი კი იცინოდა იმიტომ, რომ ასეთი ბევრი ენახა.

დაუპატიჟებელ სტუმარს, გარდა იმისა, რომ აქამდე გაუგონარი სახელი - "რუსოფილუსი" ერქვა, ორი დამახასიათებელი თვისება აღმოაჩნდა: პირველი იყო ის, რომ მისი არსებობა შეიძლებოდა მხოლოდ სხვა ადამიანის - ამ შემთხვევაში რომელიმე ქართველის - სულსა და გონებაში, მეორე კი იმაში, რომ მას ჰქონდა უსაზღვროდ გამრავლების ნიჭი.

ამგვარ შესაძლებლობათა მიუხედავად, დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ "რუსოფილუსი" ბოლომდე ყოვლისშემძლე მაინც ვერ გამოდგა, ვინაიდან ყველა ქართველის სულსა და გონებაში შეღწევა არ შეეძლო. ასეთი უძლურება აიხსნებოდა იმით, რომ მისთვის სასურველ ცნობიერების მატარებელს ანუ ახალმოვლენილ "რუსოფილუსს", გარკვეული ამოცანების შესასრულებლად, რაღაც კონკრეტული თვისებები აუცილებლად უნდა ჰქონოდა.

ამ თვისებათა მეშვეობით, 1783 წლის 24 ივლისიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე, ქართველი ერის ცხოვრებაში ეტაპობრივად შემოდიან: მაამებელი რუსოფილუსი, ფარისეველი რუსოფილუსი, პირმოთნე რუსოფილუსი, ფსევდოპატრიოტი რუსოფილუსი, მაბეზღარა რუსოფილუსი, ანგარებიანი რუსოფილუსი, ხარბი რუსოფილუსი, დაუნდობელი რუსოფილუსი, მზაკვარი რუსოფილუსი და კიდევ ისეთები, რომელთა ნაირგვარობასაც ჩვენამდე ჯერაც არ მოუღწევია. აქვე, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი მაამებელნი, ფარისეველნი, პირმოთნენი და ხარბები იმიტომ კი არ გახდნენ, რომ რუსოფილუსობა ეწადათ, არამედ რუსოფილუსები იმიტომ გახდნენ, რომ მაამებელნი, ფარისეველნი, პირმოთნენი და ხარბები იმთავითვე იყვნენ.

ამიტომ, ქართულ აზროვნებაში ამ ანტიეროვნული ელემენტის შემოპარვამ, მოგვიანებით კი, გამრავლებამ საქართველოში გააჩინა აზროვნების ისეთი ფორმა, რომლითაც შესაძლებელი გახდა: უზრუნველი ყოფა რუსის ჩრდილქვეშ, დაუღალავი ბრძოლა რუსეთის სადიდებლად, დამაკნინებელი შრომა რუსულ წყალობათა მოსაპოვებლად, ეროვნული ინტერესის გაწირვა რუსის სასარგებლოდ, ქართველის დასჯა რუსის საამებლად, სამშობლოს ტკივილის მიჩუმათება რუსული სიამტკბილობის ფასად, რუსული ფულით გატენილი ვიგინდარების ფსევდო-პატრიოტობა, რუსულ ბომბების უფლის წყალობად გამოცხადება და №1 მტრის დამამცირებელ განცხადებაზე ბრიყვული მადლიერება.

რომ არ ყოფილიყვნენ ზემოხსენებული რუსოფილუსები, საქართველო არ წააგებდა 1795-ის კრწანისის ბრძოლას, ეკატერინე II-ის მიერ მილიონი ოქროს მონეტით დაფინანსებულ აღა-მაჰმად-ხანთან, რის შემდეგაც, 15 ათასამდე დაღუპულისა თუ დატყვევებულის გარდა, რუსეთის გასახარად სახელმწიფოებრიობაც დავკარგეთ.

რომ არა ისინი, 1802-ის აპრილში არ მოხდებოდა სიონის ტაძარში თავად-აზნაურთა და ტფილისის მოქალაქეთა იძულება რუსეთის იმპერიის ერთგულებაზე ფიცის დასადებად, რაზეც, "მოწინავე წრითგან მრავალმა იმოდენი გამბედაობა გამოიჩინა, რომ შემორტყმულ ჯარს არ შეუშინდა, ძალით ფიცი არ მიიღო და ეკლესიითგან გავიდა."

არ იქნებოდა რუსოფილუს ციციანოვის მიერ სასტიკად ჩახშობილი 1804-ის მთიულეთის აჯანყება, 1812-ის კახეთის აჯანყება, 1819-20-ის იმერეთის აჯანყება, 1829-ის გურიის ბუნტი, რუსოფილუსების გაცემული 1832-ის შეთქმულება, 1855-ის სამურზაყანოელთა ამბოხი, 1866-ის აფხაზთა აჯანყება და 1875-ის სვანეთის აჯანყება.

არ მოხდებოდა რუსოფილუსური "ტროიკის" სოსო-სერგო-ფილიპეს წაქეზება-მეცადინეობით გაჩაღებული რუსეთ-საქართველოს 1921-ის ომი, არ შემოვიდოდა "წითელი დროშით, მოღერილ ყელით, / თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით / ..... სიკვდილი ცელით!", არ დაიკარგებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობა და "არ შეიბურებოდა თბილისი თალხით".

არ მოხდებოდა 1924-ის ყველაზე მასშტაბური ანტისაბჭოთა აჯანყება, რომლის ჩახშობაშიც "აქტიურად იღვაწეს" ქართველმა რუსოფილუსებმა. არ განადგურდებოდა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის უდიდესი ნაწილი, და არ გაქრებოდა სრულად რამდენიმე უძველესი გვარი, სიკვდილს გადაურჩებოდა გამოსვლების მონაწილე ქართველი ოფიცრობა, პოლიტიკური ოპოზიცია, სამღვედელოება და გლეხობა. ჯამში კი ეს ტრაგიკული ამბავი არ შეიწირავდა 12 ათას სიცოცხლეს.

რომ არა ქართველი რუსოფილუსების მიერ კონსტრუირებული "წითელი ტერორი", 1920-იდან 1940-მდე არ განადგურდებოდა 270 ათასი და უკაცრიელ ადგილებზე არ გადაასახლებდნენ 200 ათას ქართველს.

რომ არა ისინი, არ გამჟღავნდებოდა 1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულება და სიკვდილით არ დაისჯებოდა 17 ახალგაზრდა მეცნიერი, მწერალი და პოეტი.

რომ არა ისინი, რუსეთი ვერ მოახდენდა 1992/93 -ში აფხაზეთისა და შიდა ქართლის ოკუპაციას, არ დაიღუპებოდა 30 ათასი და ლტოლვილად არ გადაიქცეოდა 300 ათასი ქართველი.

რომ არა ისინი, არ მოხდებოდა 1978 წლის მოვლენები, 1989 წლის 9 აპრილი და 2008 წლის აგვისტო, არ დაიწყებოდა მცოცავი ოკუპაცია, რომელსაც დასასრული არ უჩანს...

რომ არა რუსოფილური მაამებლობა, არ იქნებოდა 20-21 ივნისი და არ გვეყოლებოდა თვალდაშრეტილი ახალგაზრდები, არ გვეყოლებოდა სისხლშეუმშრალი შს მინისტრი, პატივაყრილი პარლამენტი, ქვეყნისთვის ურგები მინისტრთა კაბინეტი, ყველასაგან დავიწყებული პრემიერ-მინისტრი და კონსტიტუციიდან ოლიგარქულად განჩარჩოებული ყოფილი ქველმოქმედი.

რომ არა რუსოფილური პირმოთნეობა, არ იქნებოდა ხელისუფლების კრავული პასუხი რუსი ომფალოსის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, რომლითაც თურმე, ქართველები XX ს.-ს პირველ მეოთხედში საკუთარი მიწების დაპყრობითა და იქ არარსებული ხალხის გენოციდით ვიყავით დაკავებულნი.

რომ არა რუსოფილური ფსევდოპატრიოტიზმი, არ გვეყოლებოდა აბორიგენ გეებზე ნადირობაში "სულამამდინარი", ჰიბრიდულკომბლიანი ცრუბელადი, რომლის საყელურის ზონარის ბოლოც კრემლის ჭიშკარზე ისეა გამოკვანძული, რომ ყოველ ცისმარე დღეს, არც თუ ისე ინტელექტუალურ ელემენტებთან ერთად, გულისფანცქალით ელოდება რუსულ ენაზე გაცემულ ინსტრუქციებს.

ეს მეტად მობეზრებული რუსოფილუსობა ჯერ-ჯერობით ის უკურნებელია სენია, რომელსაც თავისუფლებაში დაბადებული და უკვე ღირსეულ ქართველებად ქცეული ახალგაზრდები დღეს თუ ხვალ აუცილებლად დაამარცხებენ.

რაც შეეხება, ამ სნეულებით შეპყრობილ ადამიანთა ჯგუფს, დაე, არასოდეს მოაკლდეთ რუსის იმედი, რუსული სითბო, რუსი პოლიტიკოსის დაპირება, რუსის სიფხიზლე, რუსი სალდათის ჩექმა, რუსული ჰუმანიზმი, რუსული ზომიერება, რუსული მადლიერება და რუსის უფროსი ძმობა.

იმისათვის, რომ ჩემი საჭირბოროტო სურვილი რამენაირად ახდეს და უახლოეს მომავალში დასავიწყებლად განწირულ Homo Russophilus -ებს ნამდვილი, თუნდაც წარმავალი, მაგრამ მაინც ერთიანობის განცდა გაუჩნდეთ, მინდა მათ სრული სერიოზულობით მოვუწოდო:

რუსოფილუსებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით, მაგრამ არა საქართველოში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს