Back In the U.S.S.R., თუ მომავლისაკენ მიმავალი მესამე გზა - კვირის პალიტრა

Back In the U.S.S.R., თუ მომავლისაკენ მიმავალი მესამე გზა

"ადამიანები შექმნილნი არიან, როგორც თანასწორი არსებანი, ვინაიდან მათ ღმერთმა მიანიჭა ისეთი ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ სწრაფვა. ამ უფლებათა განსამტკიცებლად იქმნებიან მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას ღებულობენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი განაგებენ. თუ განმგებლობის რაიმე ფორმა ოდესმე ამ მიზნის შემლახავი გახდება, ხალხს ენიჭება უფლება შეცვალოს ან გააუქმოს იგი. ...კეთილგონიერება მოითხოვს, რომ დიდი ხნის ჩამოყალიბებული ხელისუფლება უმნიშვნელო და წარმავალ მიზეზთა გამო არ შეიცვალოს, ვინაიდან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სანამ ბოროტება გასაძლისია, ადამიანები უფრო ადვილად ეგუებიან სიდუხჭირეს, ვიდრე მიჩვეულის მოსპობით ტვირთის შემსუბუქებას. მაგრამ როდესაც გაუთავებელი უსამართლობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მისი გამუდმებით ერთი მიზნისკენ წარმართვა ხალხს აბსოლუტური თვითნებობით ემუქრება, მისი უფლება და ვალია, რომ მომავალში საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოლო მოუღოს ამგვარ ხელისუფლებას და აღავლინოს მოღვაწეთა ახალი დასი". - ეს გახლავთ ამონარიდი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან, რომელიც თვალსაჩინო სახელმძღვანელოა იმისა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ადამიანმა საიმისოდ, რათა ბედნიერი და თავისუფალი იყოს.

ეს დოკუმენტი განსაკუთრებით ძვირფასია მათთვის, ვისთვისაც ცნობილია, თუ როგორ განვითარდა საზოგადოება ამ თვალსაჩინო ისტორიულ დოკუმენტზე ხელმომწერთა ქვეყანაში მისი მიღების შემდგომ.

ალბათ, მრავალთა შორის, ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ვისაც ჭეშმარიტად დასავლურ ფასეულებათა მატარებელ ქვეყანაში ცხოვრება ერთხელ მაინც არ უნატრია, ვისთვისაც უმნიშვნელოა თავისუფლების იდეალები და კანონის უზენაესობა სულაც არ არის ცარიელი სიტყვები.

ალბათ უდავოა, რომ ქართველებს სხვებზე არანაკლებ გვსურს ბედნიერება და თავისუფლება; ალბათ არც ისაა საკამათო, რომ ჩვენ აქ და ახლავე, ყველაზე მეტად ჯანსაღი სტრატეგიული არჩევანი გვჭირდება; და ვერც იმას უარვყოფთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი დღეს ბეწვის ხიდზე ჰკიდია - ამ ხიდის ერთ, უკვე გავლილ ბოლოში რუსეთია, ხოლო წინ - დასავლეთი.

ხოლო იმას, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამი ათეული წლის თავზე საქართველო კვლავ დადგებოდა ლამის უკვე დავიწყებული რუსულ-დასავლური არჩევანის წინაშე, მარადი მტრისა თუ ოპტიმისტი რუსოფილის გარდა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე.

ამ გვარიანად მობეზრებულ ჩრდილოურ წარსულსა და ევროპულ მომავალს, გარდა მენტალურ-გეოგრაფიული სხვაობისა, ახასიათებს დიამეტრალურად განსხვავებული მისწრაფებები, რომლებიც ცხელი ზაფხულის მეტად მძიმე დღეებში ისევე თვალსაჩინო გახდა, როგორც ახალი არჩევანის გაკეთების აუცილებლობა.

უნდა ავირჩიოთ აშენდეს თუ არა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მრავალ სიკეთესთან ერთად ევროპასა და აზიას, ყველაზე მეტად სწორედ "აქ, ამ ლამაზ ქვეყანაში" დააახლოვებს. ეს სიახლოვე, ყველაზე მეტად ქართველებისათვის, დროის ამ უმცირეს მონაკვეთში იმდენად არსებითია, რომ უამისოდ ცივილიზებულ აწმყოზე ფიქრი უახლოეს მომავალში შეიძლება უტოპიად გვექცეს.

იმდენად რამდენადაც ფიქრი ჯერ კიდევ ძალგვიძს და თითქმის დავიწყებულ ჩრდილოურ ბურუსს ჩვენი გონება ჯერ კიდევ არ გარემოუცავს, ლოგიკურად ვუახლოვდებით ცხოველმყოფელ აზრს, რომ ველიკორუსული ცნობიერებით შეპყრობილი ავი მეზობელი ყოველგვარ ხერხსა თუ ყველანაირ ღონეს გამოიყენებს საიმისოდ, რათა საქართველო ევროპას სათოფეზეც არ გაეკაროს.

როგორც დრომ გამოაჩინა, საამისოდ, ანუ ქართულ-ევროპული განზიდულობის მეისრედ რუსეთის მიერ დაბევებული კაცი, რომელმაც ხელისუფლება ნაცრისფერი სუბიექტებით გაავსო და საბჭოური სულისკვეთების წყვდიადში ჩაძირული მართლმსაჯულება ყმადნაფიცად აქცია, ზემოხსენებულთავე დახმარებით, საკუთარი ხალხის მომავლის მოპარვასაც გულდაგულ ცდილობს.

დღეს, ამ კაცმა მავანის წაქეზების, რვაწლიანი ჭოჭმანისა თუ პოლიტიკური წაჯექ-უკუჯექობანას კვალად, მეოცნების ნიღაბის საბოლოოდ ჩამოგლეჯა და საკუთარი ჭეშმარიტი სახის სააშკარაოზე გამოტანა განიზრახა.

ამ უსიამო სინამდვილის გამოჩენამ, ჩვენდა სამწუხაროდ, თან ისეთი შუქ-ჩრდილი გამოიყოლა, რომლის წახნაგებიც 20 ივნისის სისხლიანი შუაღამით იწყება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უსამართლო გასამართლებამდე იწელება.

პატრონყმური გრძნობებით მართულმა სასამართლომ, გარდა იმისა, რომ ადამიანურ ტკივილთან და ფინანსურ დანაკარგებთან ერთად მორალური ზიანი მიაყენა XXI საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული პროექტის ავტორებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი ჯერ კიდევ სუსტი ქვეყნისა და ჩვენი ჯერ კიდევ მოუღონიერებელი შვილების მომავალი.

ხოლო, ის, რომ დასავლეთიდან მოწყვეტის უხეირო მცდელობათა საპირწონედ, კონსორციუმის სათავეში, შერისხულ ბიზნესმენთა ნაცვლად, აშშ-ს სავაჭრო პალატის შეფის სახით, ამერიკის საქმიანი წრეების უმთავრესი ლობისტური ორგანიზაციის წარმომადგენელი მივიღეთ, გვარწმუნებს იმაში, რომ გეოპოლიტიკურ შლაგბაუმთან რუსეთის შეჩერების აუცილებლობა საბოლოოდ დადგა.

უსამართლობამ და ანაკლიის პორტის გადარჩენის სურვილმა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მძლავრი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოდ გადაქცევის პერსპექტივა ასაზრდოებს, ორი წარმატებული, უსამართლოდ შევიწროებული ქართველი ბიზნესმენი ლოგიკურად მიიყვანა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების იდეამდე. ეს მოძრაობა ალბათ სულ მალე იქცევა იმ პოლიტიკურ ძალად, აქამდე მოღვაწე ლამის ყავლგასული მოთამაშეები ნებსით თუ უნებლიედ ანგარიშს რომ გაუწევენ.

ის, რომ ქვეყანას მესამე პოლიტიკური ძალა სჭირდება, ადრეც არაერთხელ მითქვამს და ამის საილუსტრაციოდ გამოდგება, თუნდაც, ამონარიდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებში "პალიტრის" გვერდზე გამოქვეყნებული საკუთარი წერილიდან "არა "ნაცები", არა "ქოცები", არამედ რაღაც სხვა":

"....კიდევ უფრო მიმტკიცდება აზრი იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ნორმალურ მომავალს ახალი პოლიტიკური ძალა სჭირდება.

ძალა, რომელიც არ კლავს, არ ცრუობს, არ ეშინია, არ არის კორუმპირებული, გულწრფელია, არ დასცინის, სამშობლოს მოყვარულია, სხვის დაკრულზე არ ცეკვავს, სასამართლოს დამოუკიდებლობას თვალისჩინივით უვლის, ფსევდოლიბერალიზმს სათოფეზე არ ეკარება, ცრუპატრიოტიზმს გაურბის, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ქართველობისთვის თავდადებით იღწვის, საკუთარ ავტორიტეტს უფრთხილდება და გულწრფელად სჯერა, რომ ამ პატარა ქვეყანას დიდი საქმეების კეთება შეუძლია".

დიახ, საქართველოს დიდი საქმეების კეთება მართლა შეუძლია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს