ПРАВДА по русский, ანუ "რუსული სიმართლის" პირისპირ - კვირის პალიტრა

ПРАВДА по русский, ანუ "რუსული სიმართლის" პირისპირ

მორგან ორტაგუსი ახალგაზრდა ქალია და თითქმის ექვსი თვეა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერად მუშაობს. არცთუ მცირეხნიანმა სამსახურებრივმა გამოცდილებამ ახლო აღმოსავლეთში, USAID-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და Fox News-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში თავისი ლოგიკური კვალი დაამჩნია ტრუმენის სახლის ახალი სპიკერის პროფესიონალიზმსა და სიმტკიცეს. თუ ვინმეს ამ სიტყვების გადამოწმების სურვილი გაუჩნდება, შეუძლია სხვადასხვა ტელევიზიისა თუ სოციალური ქსელის მეშვეობით იხილოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება "რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით".

განხილვა განცხადებისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის პატივისცემითა და მხარდაჭერითაა განმსჭვალული, აქ ზედმეტად მეჩვენება, ვინაიდან ძნელად მეგულება საკუთარი ქვეყნის მოყვარული რომელიმე ქართველი, ვისაც ეს განცხადება მოსმენილი ან წაკითხული არ ჰქონდეს და ვისაც ამგვარი მხარდაჭერის შემდეგ, ჩვენი ოკეანესგაღმელი მეგობრის მიმართ მადლიერების განცდა არ გასჩენია.

თუმცა, ქართველებისაგან განსხვავებით, თავისი რაობიდან გამომდინარე, სულაც არ ფიქრობს ასე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი" - აშშ-ში რუსეთის ფედერაციის საელჩო.

ამერიკულ მიწაზე მრავალწლოვან სარეველასავით ფესვგადგმულმა რუსულმა დიპლომატიურმა უჯრედმა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების პასუხად, მისთვის დამახასიათებელი დერჟიმორდული აპლომბით 2008-ის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით სიცრუითა და სიყალბით შეკმაზული პასუხი გაავრცელა.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა სამინისტროთა მსგავსად, პოლიტიკური სიტლანქის შრეს ვერაფრის დიდებით ვერ გასცდა, და თანაც ამ უწყების მინისტრს დროდადრო რუსების პრეზიდენტის მიმართ მადლიერების იშტა შემოუტევს ხოლმე, ალბათ უმჯობესი იქნება, თუ მათ რეაქციას მოთმინებით აღარ დაველოდებით.

პასუხის გაცემა იქნებ რუსულადაც ჯობდა, თუმცა რუსებს ამ ჩვენს ბედნიერ ქვეყანაში, სავარაუდოდ, წერა-კითხვის მცოდნე იმდენი თაყვანისმცემელი მაინც ყავს, სურვილის შემთხვევაში ორიოდე საძულველი გვერდის გადათარგმნა რომ მოახერხონ. თან ალბათ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ეს ის ხალხია, "საჭირო დროსა და საჭირო ადგილას" საწერი მაგიდის ბოლო უჯრაში გადანახული ვ. ვ. პუტინის სურათისა და რუსული დროშების ამოღებას ვერავინ რომ ვერ დაასწრებს.

რუსული ფანტასმაგორიული ტექსტის თანახმად, "2008 წლის 8 აგვისტოს ქართული აგრესიის წლისთავზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა მკრეხელობა სისხლიანი მოვლენების მსხვერპლთა მიმართ", რაც რუსული პარამეტრებით ნიშნავს იმას, რომ "რუსეთ-საქართველოს ომი", რომელშიც 400-ზე მეტი ქართველი დაიღუპა და 1800-მდე დაიჭრა, თურმე მხოლოდ "ქართული აგრესია" ყოფილა, საკუთარი მიწის იარაღით დაცვა კი - "სისხლიანი მოვლენები".

რუსები "გაოცებას" გამოხატავენ იმაზე, რომ "ვაშინგტონში არ ჩქარობენ, თბილისელ პროტეჟეებს მოუწოდონ გამოავლინონ პოლიტიკური ნება და პასუხისმგებლობა აიღონ რუს სამშვიდობოებსა და სამხრეთ ოსეთში მძინარე მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმისთვის" და აბსოლუტურად შეგნებულად ვერ იხსენებენ იმას, რომ ეს ე.წ. "რუსი სამშვიდობოები" არაერთი წლის განმავალობაში ბომბავდნენ ქართულ სოფლებსა და არც ქართველი ეროვნების მოქალაქეთა მიმართ თაკილობდნენ სხვადასხვა სახის ძალადობასა თუ პროვოკაციებს. აქვე ავიწყდებათ ისიც, "სამხრეთ ოსეთში მძინარე მშვიდობიან მოქალაქეები", ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავად რომ გახიზნეს.

ის, რომ "აშშ-ის საგარეო უწყება რუსეთის დადანაშაულებას ტრადიციული პოლიტიზირებული და რუსოფობიური მიდგომებით უსაფუძვლოდ აგრძელებს," რუსული პოლიტიკის ენაზე ნიშნავს იმას, რომ თურმე რუსეთის ბრალდება შესაძლოა გამოწვეული იყოს მხოლოდ პოლიტიზირებული და რუსოფობიური მიდგომებით, რაც უკვე იმდენად ტრივიალურია, რომ გაოცებასაც აღარ იწვევს.

როცა რუსოფობიაზე საუბრობს სახელმწიფო, რომელშიც ქსენოფობიის აკვანი ყოველდღიურად ირწევა და რომელსაც "სულაც არ ახსოვს", უახლოეს წარსულში როგორი მეთოდებით გამოაძევა უამრავი ქართველი, ამის რაციონალური აღქმა ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება.

ისინი მზად არიან სამყაროს შეახსენონ, რომ სწორედ მათი მშვიდობისმოყვარე ჯარი იყო ის ძალა, რომელმაც "გენოციდის აქტი აღკვეთა". აქვე იქნებ ისიც დაეზუსტებინათ, რომ ეს იყო ისეთივე გენოციდის აქტი, რომელიც, მათი ყოვლისმცოდნე პრეზიდენტის აზრით, XX საუკუნის ოციანი წლების შიდა ქართლში ქართველების მიერ იქ არარსებული ოსი მოსახლეობის მიმართ განხორციელდა.

"საკუთარი ობიექტურობიდან" გამომდინარე, რუსები გამოხატავენ მზადყოფნას გადასცენ ამერიკულ მხარეს "მოვლენების "რეალური" ქრონოლოგია", რომელიც იმავე კაბინეტებში დაიწერა, სადაც პუტინის ისტორიული "байка" საქართველოს შუაგულში მოწყობილი გენოციდის შესახებ. მათ არც ის ავიწყდებათ, რომ რუსული პრაქტიკული გამოცდილების თანახმად, "აშშ ვერ ითვისებს ისტორიის გაკვეთილებს", რაც მათივე "შორსმჭვრეტელური" ლოგიკით, ქართველების ჩადენილი დანაშაულის შეუმჩნევლობას იწვევს.

ისინი ოპტიმიზმით აღსავსე იმედს გამოთქვამენ, რომ "ვაშინგტონში უარს იტყვიან ამგვარ პრაქტიკაზე", და კვაზიირონიული პასაჟით ამერიკელებს მოუწოდებენ, რომ ""მეგობრებს" საკუთარ მაგალითზე აჩვენონ "ჭეშმარიტი დემოკრატიული მიდგომები".

აქ, ალბათ უპრიანი იქნებოდა დაგვეზუსტებინა, ნუთუ ლაპარაკი იმგვარ დემოკრატიულ მიდგომებზეა, რუსეთში რომ იციან? ან იქნებ დემოკრატია ქართული მიწების მისხალ-მისხალ მიტაცების ამაზრზენი პრაქტიკაა, ამ განცხადების პარალელურად გუგუტიანთკარში რომ გრძელდება?

თუ ბუნებაში არსებობს ვინმე, ვისაც რუსეთის საელჩოს განცხადებიდან ერთი სიტყვისა მაინც სჯერა, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ამ ოკუპანტი სახელმწიფოს ნამოღვაწარიდან დასაჯერებელია მხოლოდ ქართულ მიწაზე მობოგინე რუსი სალდათების ხელით გაჭიმული ახალი მავთულხლართი, რომელმაც ეს-ესაა შუაზე გადასერა მორიგი ქართული სოფელი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს