სახლი, რომელშიც შენ აღარ ცხოვრობ - კვირის პალიტრა

სახლი, რომელშიც შენ აღარ ცხოვრობ

როცა იმ ქვეყნის მოქალაქე ხარ, რომელსაც ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის ყოფნაც არ ყოფნას უდრის; როცა გებრძვის ისეთი უზნეო მტერი, როგორიც რუსეთია; როდესაც გიწევს შეგუება ისეთ სინამდვილესთან, რომელიც თავმოყვარე კაცისთვის დამთრგუნველია; როდესაც იცი, რომ ქართული ოჯახების ტრაგედიას შენი ქვეყნის ხელისუფლება, პრაქტიკული უუნარობიდან თუ მორალური უძლურებიდან გამომდინარე ვერაფრით შველის, მაშინ უნდა შევეგუოთ იმას, რომ შუაგულ საქართველოში:

რუსი ოკუპანტის გამო, სახლი, რომელიც ქართველი კაცის შვილების ჟრიამულით იყო აღსავსე, ქართველ კაცს აღარ ეკუთვნის და ვეღარასოდეს მოეფერება ქართული აგურით ნაშენ იმ ბებერ კედლებს, მისი წინაპრების "მრავალჟამიერი" რომ აზანზარებდა.

რუსი ოკუპანტის გამო, მისი ქართველი მეუღლე ვეღარასოდეს შემოდებს ფანჯრის რაფაზე თიხის ქოთანში ამოხეთქილ ყვავილს, მხარგაშლილი სერებიდან წამოსული ნიავი რომ სულს უბერავდა.

რუსი ოკუპანტის გამო, მისი ქართველი შვილები ვეღარ შეჭამენ იმ შინდისფერ ტყემალს, რომლის ნერგიც ქართველმა პაპამ თავის დროზე თამარაშენიდან ჩამოიტანა.

რუსი ოკუპანტის გამო, ქართველი კაცის ეზო, რომელშიც მან, დედის კალთას ჩაჭიდებულმა ფეხი ბორძიკით აიდგა, მას აღარ ეკუთვნის.

რუსი ოკუპანტის გამო, ეზოს დაფერდებული ნაწილი, სადაც ბალღობისას ხშირად ჩაირბენდა, ტკბილად რომ ჩახუტებოდა მსხლის ძირში მომლოდინე ქართველ პაპას, ხვალ უკვე რუსული ტანკის გასაჩერებელი ალაგი იქნება.

რუსი ოკუპანტის გამო, ბოსელი, რომელიც მაშინ ააგეს, სკოლაში რომ პირველად წავიდა, ვეღარასოდეს შეიფარებს მისი შვილების მეგობარ ბოჩოლას, რომლის მშობლებიც თავაშვებული რუსი ჯარისკაცების მადამ კიდევ უფრო ადრე შეიწირა.

რუსი ოკუპანტის გამო, თონე, რომელშიც მისი ქართველი ბებია თავის გამხდარი თითებით პურს ყოჩაღად აკრავდა, ხვალ უკვე ხაკისფერფორმიანი ბოგანოების "კურილკად" იქცევა.

რუსი ოკუპანტის გამო, კაკალს, რომლის კენწეროდანაც ყმაწვილობისას ქართლის მინდვრებს ქართველურად შეუძახებდა ხოლმე, ხვალ, მის ეზოში შემოთრეული გაავებული მტერი შეშად დაჩეხავს.

რუსი ოკუპანტის გამო, მისი ცელი ვეღარ მოთიბავს კოჭს აცილებულ მწვანე ბალახს, რომლის ქოჩორსაც სამ დღეში ერთხელ ხმადაბალი ღიღინით სხეპდა.

რუსი ოკუპანტის გამო, ის ვეღარ დაკრეფს იმ ლოყაწითელა ვაშლებს, მისი ოჯახის დიდი თუ პატარა ოჯახის მარჩენალს რომ ეძახოდა.

რუსი ოკუპანტის გამო, მარანი, რომლის გრილ მიწაში ჩაძარღვული ქვევრებიც, ქართველი კაცის მთელი დრო და მოსწრება, ატენურით იყო გადავსებული, მისი ვეღარ იქნება.

რუსი ოკუპანტის გამო, ის ვეღარასოდეს მოეფერება საკუთარი ვენახის დაორთქლილ მტევნებს, რომლის ნაჟურიც მის ოცფუთიან ქვევრებს სიამაყით ავსებდა.

რუსი ოკუპანტის გამო, ქართველი კაცის სახლში ვეღარ იმეტყველებენ იმ ქართულ ენაზე, იოანე ზოსიმე მეორედ მოსვლის ენას რომ უწოდებდა.

ამიტომ,

ქართველი კაცის სახლი რუსი ოკუპანტის უწმაწური გინებით რომ არ შეირყვნას, უმჯობესია დაინგრეს - მისივე ხელით;

მისი კაკლის ხე, ვიდრე რუსი ოკუპანტის კოცონში დანახშირდება, სჯობს მიწაზე წამოიქცეს - მისივე ხელით;

მისი დედის ნაფერები ვარდი რუსი ოკუპანტის ყნოსვამ რომ არ წაბილწოს, სჯობს ბოლქვიანად ამოიძირკვოს - მისივე ხელით;

ამწვანებული მდელო, რუსი ოკუპანტის ნალებიანი ჩექმის გასაქელად რომ არ იქცეს, უმჯობესია დაიწვას - ქართველი კაცისავე ხელით;

მსხალი, ვიდრე რუსი ოკუპანტის პირს გაასველებს, სჯობს ძირშივე მოიჭრას - ქართველი კაცისავე ხელით;

ბოსელი, ვიდრე შიგ უგონოდ მთვრალი რუსი ოკუპანტი გათხლაშულა, უნდა დაიშალოს - ქართველი კაცისავე ხელით;

ვაშლის ხეები, ვიდრე მის ნაყოფს რუსი ოკუპანტის კბილები ჩასობია, უმჯობესია ფესვებიანად ამოძირკვოს - ქართველი კაცისავე ხელით;

ვენახი, ვიდრე მის მტევნებს რუსი ოკუპანტის დაუბანელი თითები წაეპოტინება, უმჯობესია აიკაფოს - ქართველი კაცისავე ხელით;

ქვევრები, ვიდრე მას რუსი ოკუპანტი გააბინძურებს, უმჯობესია მიწით ამოივსოს ქართველი კაცისავე ხელით.

რადგან ასეთი ხელისუფლების პირობებში რუსი ოკუპანტი მალე ალბათ ცენტრალურ მაგისტრალზე დაგვირჭობს მავთულხლართებით გაწყობილ ჟანგიან ბოძებს, მერე გორსაც შემოიმტკიცებს და როცა თბილისამდე მოვა, იქ უკვე პურითა და მარილით დავხვდებით, რომელსაც დაამშვენებს პომპეზური კონცერტი, თავისი პრემიერ-მინისტრით, პარლამენტის თავმჯდომარით, ენამჭევრი პრეზიდენტით, "მმართველი" პარტიის თავმჯდომარით, წითელი მიხაკებით, მშვიდობაზე ლექსებით, ქართული ცეკვა-სიმღერითა და რუსული სამფეროვანი დროშებით, და აღარ იარსებებს ამ ქვეყნად ჩვენზე უფრო ბედნიერი რომელიმე სხვა ერი.

ამის მერე კი აუცილებლად იქნება მხოლოდ "იხარე ერო", ვინაიდან აღარ იქნება საჭირო "მოკვდი მტერო", იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მტერი აღარ გვეყოლება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს