ვინატრე, ჩემსკენ მობრუნებულიყო და დაველოცე, პატრიარქი ნელა მოტრიალდა და... - ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა
ვინატრე, ჩემსკენ მობრუნებულიყო და დაველოცე, პატრიარქი ნელა მოტრიალდა და... - ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა
ფოტო:კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მამუკა ბადრიძე
დაახლოებით ექვსი წლის წინ, როცა დასაბეჭდად მზადდებოდა წიგნი "ჩემი პატრიარქი", გამომცემლებმა შემომთავაზეს, რომ მის ფურცლებზე უწმინდესის შესახებ რაღაც მომეთხრო. ჩემდა სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, მიუხედავად სურვილისა, ამის გაკეთება ვერ შევძელი.

უნდა ვაღიარო, რომ დღიდან იმ წიგნის გამოსვლისა დღემდე, არ მასვენებს სინანულის განცდა იმისა, რომ ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, ვერ მოვყევი სწორედ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა მომეცა. ჰოდა, ამის გაკეთებას ვაპირებ სწორედ ახლა, როცა ჩვენს უტკბილეს პატრიარქს უზომოდ ატკინეს
გული...

თხუთმეტი წლის წინ, როცა მამა გარდამეცვალა, საშინელი სიცარიელე ვიგრძენი. მეგობარმა მირჩია, იქნებ ეკლესიური ცხოვრება გეცადა, გაგაძლიერებსო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომისა თუ ცხოვრების არასწორი წესის გამო, ეს ჩემთვის სულაც არ იყო იოლი, ტაძრამდე როგორღაც მივაღწიე და პირველი აღსარებაც გავბედე. ამის მერე, ისეთი სულიერი სიმსუბუქე
ვიგრძენი, როგორსაც მხოლოდ პირველად აღსარებანათქვამი ადამიანები განიცდიან ხოლმე.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ რაღაც ისეთი მჭირდებოდა, რასაც უთუოდ შეეძლო ჩემი რწმენის განმტკიცება ან, უფრო სწორად, ჩემი სულის გადარჩენა. იმავე მეგობარმა მირჩია, თუ სამებაში მიხვალ და პატრიარქი დაგლოცავს, ყველაფერს მაშინვე მიხვდებიო. მანვე ამიხსნა, ტაძრის რომელ ნაწილში უნდა დავმდგარიყავი, რათა წირვის დასრულებისთანავე უწმინდესს აუცილებლად დაველოცე. ეს იყო ადგილი ტაძრის მთავარი შესასვლელიდან დაახლოებით ექვსიოდ ნაბიჯში, ანუ იქ, სადაც გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, პატრიარქი პატარა ხალიჩაზე რამდენიმე წამი ჩერდებოდა ხოლმე.

მივედი სამებაში. წირვის ბოლოს სწორედ იქ დავდექი, სადაც უნდა დავმდგარიყავი. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ჩემი "გათვლით" უნდა მომხდარიყო. უწმინდესი მიმიახლოვდა, მისთვის დამახასიათებელი სათნოებით შემომხედა და ალბათ დამლოცავდა კიდეც, რომ არა ვიღაც ორმეტრიანი კაცი, რომელიც წინ ჩამიდგა და პატრიარქამდე მისასვლელი გზა უიმედოდ გადამიკეტა.

ილია II, რომელსაც შლეიფივით მისდევდა საეპისკოპოსო დასი, გზას დინჯი, მტკიცე ნაბიჯით მიუყვებოდა, და დაახლოებით ათ მეტრის გავლის შემდეგ, როცა გულდაწყვეტილმა ვინატრე, იქნებ ჩემსკენ მობრუნებულიყო და დაველოცე, შეჩერდა. მასთან ერთად გაჩერდნენ სხვებიც. პატრიარქი ნელა მოტრიალდა და ასეთივე ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ. როცა ახლოს მოვიდა და თვალებში ჩემთვის იქამდე უცნობი მზერით ჩამხედა, ვიგრძენი, რომ მთელ ჩემს ცხოვრებას წიგნივით, ფურცელ-ფურცელ, აბზაც-აბზაც, სიტყვა-სიტყვით კითხულობდა. თან მდუმარე, მაგრამ მეტყველი თვალებით მეკითხებოდა: "ხომ კარგია ეკლესიური ცხოვრება?", "ნუთუ ასე არ ჯობია?". მერე თავზე ხელი დამადო და დამლოცა.

ვისაც ერთხელ მაინც ხვდომია წილად მისი დალოცვის მადლი, უმალ მიხვდება, თუ რა განვიცადე. ეს იყო უწონადობის მსგავსი მდგომარეობა, რომლის მსგავსიც მოგვიანებით წმინდა ნიკოლოზის ხატთან თუ მიგვრძვნია...

წამომივიდა ცრემლი, რომელიც წყლის ნაკადს უფრო ჰგავდა და დაახლოებით ნახევარი საათი თუ უფრო მეტი, განწმენდის, არაამქვეყნიური სისუფთავისა თუ სიწმინდის ემოციით მავსებდა.

ასეთი წუთების შემდეგ ადამიანი მეყსეულად ხვდება, რომ ის ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. და თუ ოდესმე უნდა შემეგრძნო ჭეშმარიტების წამი, ეს სწორედ ის წამი იყო.

მსგავსი რამ ალბათ სხვასაც გადახდენია, რადგან, ფაქტია, რომ მან ბევრი ადამიანი შეცვალა სასიკეთოდ. იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე რომელიმე მოკვდავს ამის წარმოდგენა შეეძლო, და იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე მას ამის სურვილი ჰქონდა.

ამ თავდადებულმა კაცმა ქართველებს ქრისტიანული საქართველო გვაჩუქა. და ყველაფერი დაიწყო სწორედ მაშინ, როცა ის რწმენადაკარგულ ქვეყანაში ჩირაღდანივით გამოჩნდა.

და თუ ამ ლამის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობისას, არცთუ ისე ია-ვარდით მოფენილ გზაზე, სულგრძელობისა თუ ბერული სასოების გამო, რაღაც შეცდომები მაინც დაუშვა, იქნებ ჩვენც როგორმე "მოვიღოთ წყალობა" და იმ აუწონავი ღვაწლის გამო, რომლითაც მან ყველა ჩვენგანის უზომო ცოდვები საკუთარ თავზე იტვირთა, როგორმე მისი გაგება ვცადოთ?

და თუ დღეს რაღაც ვერ არის საპატრიარქოში ისე, როგორც ეს ჭეშმარიტ ქრისტიანს გაუხარდება, ნუ ვიტყვით უწმინდესზე აუგს, ვინიდან ის ამას ჩვენგან, მის მიერ სულგადარჩენილი ადამიანებისაგან არ იმსახურებს. ან რამდენიმე უღირსი მღვდელმსახურის გამო მისი ჯვარზე გაკვრა განა შეიძლება?

ან რით დაიმსახურა საჩოთირო რეპუტაციით გამორჩეულმა, ფეოდალურ ფუფუნებაში თხემით ტერფამდე ჩაფლულმა, უმწიფარი ინტელექტის ნამეუფარმა კაცმა, რომ საზოგადოება რაღაცაში ენდოს?!

ან განა შეიძლება, რომ საქართველოს ეკლესიის ხანდაზმული მესაჭის ასეთი გაუგონარი შეურაცხყოფა საეკლესიო რეფორმის ათვლის წერტილად ან ისტორიის ახალი ფურცლის გადასაშლელად გამოდგეს?

ვინ უნდა აწონოს უწმინდესის გაკეთებული სიკეთე? ან ვინ უნდა შეაფასოს მისი ხელით გამოძერწილი მადლი? ან შესაძლებელია კი იმ ღვაწლის შეფასება, რაც მას ამ ქვეყნის წინაშე მიუძღვის?

მის გაკეთებულ საქვეყნო საქმეებზე ლაპარაკი, ალბათ, მართლაც უხერხულია.

ამაზე ერთი კარგი ქართველი პოეტის ერთი კარგი ლექსი მახსენდება:
"როცა მიმტკიცებენ: / ბალახი მწვანეა! / ყინული - ცივია! / პლატონი - ბრძენია! /კაცი დაბადებით -პატიოსანია, / პირდაღებული ვარ და მრცხვენია."
მკითხველის კომენტარი (22)
რუსიკო
20 ნოემბერი 2019 10:13
მართლაც რომ სიტყვით აუწერელი გრძნობაა როცა უწმინდესი გლოცავს. მე მიყვარს ჩემი პატრიარქი.
თთთთ
20 ნოემბერი 2019 10:02
კარგი სტატიაა, გაიხარე მამუკა..........
ჟორა გაბრიჭიძე
20 ნოემბერი 2019 09:39
მე ბევრჯერ მქონია ასეთი ბედნიერება და განცდა, როგორსაც ეს ბატონი აღწერს, ყველა ქართველმა და ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ უწმინდესმა საქართველო მეორედ გააქრისტიანა და წმინდა ნინოს საქმის დარი საქმე გაგვიკეთა ქართველებს. რაც შეეხება პეტრეს და მაგეთ სულ გაყიდულებს, უნდა ესმოდეთ, რომ კარგად ვიცნობთ მაგათ დამპალ ზნეს და კარგად ვიცით სააკაშვილისა და ახალაიების გვერდში მდგომი ყვავი, არასდროს რომ არ გათეთრდება. მაპატიე უფალო...
პაატა
20 ნოემბერი 2019 09:26
მეც გადამხდა მსგავსი ამბავი, ეს უნდა განიცადო და მაშინ მიხვდები, რაოდენ დიდი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს შორის
მადადუნა
20 ნოემბერი 2019 08:46
ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს
ნანა
20 ნოემბერი 2019 04:22
ემოციების გარეშე ვერ წავიკითხე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ამ სიკეთის დანახვისთვის❤️მეც მქონდა ბედნიერება , პირადად შევხვედოდი და შევხებოდი მის ნაზ, ბავშვივით ფაფუკ ხელს. ჩემი შვილის ქორწილზე, ნეფე-პატარძლის დასალოცად ვიყავით მისულები და ცრემლებს ვერ ვიკავებდი, რომ ვუმზერდი . თან უხერხული იყო, შვილის ქორწილზე ვტიროდი. კი არ ვტიროდი, თავისთავად მომდიოდა ცრემლები. მერე ჩემმა რძალმა უთხრა უწმინდესს, რომ მისი ნახვით გამო ვტიროდი. დამლოცა, თავისი ტკბილი ენით❤️
ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი საყვარელი პატრიარქი. ❤️❤️❤️❤️❤️
ქართველი
19 ნოემბერი 2019 17:18
დღეს, საქართველოს მის უწმინდესობაზე დიდი ქართველი არ ყავს. მისი სახით, ჩვენი დროის ყველაზე დიდი ქართველი დადის ამ ქვეყანაზე.
გიორგი
19 ნოემბერი 2019 17:01
საქართველოში ღმერთი ესაუბრება ხალხს პატრიარქის სახითა და ბაგეებით. ღმერთის უარყოფა და ამ ქვეყნის დაღუპვა ერთი და იგივეა. პატრიარქი უნდა დაიცვას ხალხმა, რომ იტყვიან ,,ქუდზე კაცმა"! თუ საჭიროება დავინახეთ მთელი ერი უნდა დაირაზმოს ამისათვის! სწორედ ასეთ დროს გამოჩნდება ვის უყვარს ,,ენა, მამული, სარწმუმოება", ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი".
ლარისა
19 ნოემბერი 2019 15:47
მადლობა,რომ ეს ყველაფერი დაწერეთ. წარმომიდგენია, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც პატრიარქს მუდმივად ხვდებიან. მეც მქონდა ასეთი ბედნიერება, მხოლოდ ერთხელ. 90-იან წლებში სიონში დავდიოდი ხოლმე. ბევრი სერიოზული პრობლემა მქონდა და ძალიან მიჭირდა. . იმ დღეს, პატრიარქი წირავდა და წირვის შემდეგ, როგორც ყოველთვის მრევლს თავზე ხელს ადებდა. ძალიან მინდოდა მეც მათ გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ წინ შაოსანი დედების რამდენიმე რიგი ჩამიდგა. მივხვდი, რომ პატრიარქი ვერც დამინახავდა. გულდაწყვეტილმა თავი ჩავღუნე. არ ვიცი, როგორ მომწვდა, ალბათ, ჩემსკენ წამოვიდა და იმ ქალებმა გზა დაუთმეს.როცა თავზე მისი ხელი შემეხო, ვიგრძენი რომ ყველა დარდი მომეხსნა და სულიერი და ფიზიკური სიმშვიდის ასეთი გრძნობა არც მანამდე და არც შემდეგ არ მქონია.
*****
19 ნოემბერი 2019 15:21
რა სასიამოვნო საკითხავია, გაიხარეთ.

როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები