ვინატრე, ჩემსკენ მობრუნებულიყო და დაველოცე, პატრიარქი ნელა მოტრიალდა და... - ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა
ვინატრე, ჩემსკენ მობრუნებულიყო და დაველოცე, პატრიარქი ნელა მოტრიალდა და... - ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა
ფოტო:კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მამუკა ბადრიძე
დაახლოებით ექვსი წლის წინ, როცა დასაბეჭდად მზადდებოდა წიგნი "ჩემი პატრიარქი", გამომცემლებმა შემომთავაზეს, რომ მის ფურცლებზე უწმინდესის შესახებ რაღაც მომეთხრო. ჩემდა სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, მიუხედავად სურვილისა, ამის გაკეთება ვერ შევძელი.

უნდა ვაღიარო, რომ დღიდან იმ წიგნის გამოსვლისა დღემდე, არ მასვენებს სინანულის განცდა იმისა, რომ ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, ვერ მოვყევი სწორედ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა მომეცა. ჰოდა, ამის გაკეთებას ვაპირებ სწორედ ახლა, როცა ჩვენს უტკბილეს პატრიარქს უზომოდ ატკინეს
გული...

თხუთმეტი წლის წინ, როცა მამა გარდამეცვალა, საშინელი სიცარიელე ვიგრძენი. მეგობარმა მირჩია, იქნებ ეკლესიური ცხოვრება გეცადა, გაგაძლიერებსო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომისა თუ ცხოვრების არასწორი წესის გამო, ეს ჩემთვის სულაც არ იყო იოლი, ტაძრამდე როგორღაც მივაღწიე და პირველი აღსარებაც გავბედე. ამის მერე, ისეთი სულიერი სიმსუბუქე
ვიგრძენი, როგორსაც მხოლოდ პირველად აღსარებანათქვამი ადამიანები განიცდიან ხოლმე.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ რაღაც ისეთი მჭირდებოდა, რასაც უთუოდ შეეძლო ჩემი რწმენის განმტკიცება ან, უფრო სწორად, ჩემი სულის გადარჩენა. იმავე მეგობარმა მირჩია, თუ სამებაში მიხვალ და პატრიარქი დაგლოცავს, ყველაფერს მაშინვე მიხვდებიო. მანვე ამიხსნა, ტაძრის რომელ ნაწილში უნდა დავმდგარიყავი, რათა წირვის დასრულებისთანავე უწმინდესს აუცილებლად დაველოცე. ეს იყო ადგილი ტაძრის მთავარი შესასვლელიდან დაახლოებით ექვსიოდ ნაბიჯში, ანუ იქ, სადაც გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, პატრიარქი პატარა ხალიჩაზე რამდენიმე წამი ჩერდებოდა ხოლმე.

მივედი სამებაში. წირვის ბოლოს სწორედ იქ დავდექი, სადაც უნდა დავმდგარიყავი. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ჩემი "გათვლით" უნდა მომხდარიყო. უწმინდესი მიმიახლოვდა, მისთვის დამახასიათებელი სათნოებით შემომხედა და ალბათ დამლოცავდა კიდეც, რომ არა ვიღაც ორმეტრიანი კაცი, რომელიც წინ ჩამიდგა და პატრიარქამდე მისასვლელი გზა უიმედოდ გადამიკეტა.

ილია II, რომელსაც შლეიფივით მისდევდა საეპისკოპოსო დასი, გზას დინჯი, მტკიცე ნაბიჯით მიუყვებოდა, და დაახლოებით ათ მეტრის გავლის შემდეგ, როცა გულდაწყვეტილმა ვინატრე, იქნებ ჩემსკენ მობრუნებულიყო და დაველოცე, შეჩერდა. მასთან ერთად გაჩერდნენ სხვებიც. პატრიარქი ნელა მოტრიალდა და ასეთივე ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ. როცა ახლოს მოვიდა და თვალებში ჩემთვის იქამდე უცნობი მზერით ჩამხედა, ვიგრძენი, რომ მთელ ჩემს ცხოვრებას წიგნივით, ფურცელ-ფურცელ, აბზაც-აბზაც, სიტყვა-სიტყვით კითხულობდა. თან მდუმარე, მაგრამ მეტყველი თვალებით მეკითხებოდა: "ხომ კარგია ეკლესიური ცხოვრება?", "ნუთუ ასე არ ჯობია?". მერე თავზე ხელი დამადო და დამლოცა.

ვისაც ერთხელ მაინც ხვდომია წილად მისი დალოცვის მადლი, უმალ მიხვდება, თუ რა განვიცადე. ეს იყო უწონადობის მსგავსი მდგომარეობა, რომლის მსგავსიც მოგვიანებით წმინდა ნიკოლოზის ხატთან თუ მიგვრძვნია...

წამომივიდა ცრემლი, რომელიც წყლის ნაკადს უფრო ჰგავდა და დაახლოებით ნახევარი საათი თუ უფრო მეტი, განწმენდის, არაამქვეყნიური სისუფთავისა თუ სიწმინდის ემოციით მავსებდა.

ასეთი წუთების შემდეგ ადამიანი მეყსეულად ხვდება, რომ ის ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. და თუ ოდესმე უნდა შემეგრძნო ჭეშმარიტების წამი, ეს სწორედ ის წამი იყო.

მსგავსი რამ ალბათ სხვასაც გადახდენია, რადგან, ფაქტია, რომ მან ბევრი ადამიანი შეცვალა სასიკეთოდ. იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე რომელიმე მოკვდავს ამის წარმოდგენა შეეძლო, და იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე მას ამის სურვილი ჰქონდა.

ამ თავდადებულმა კაცმა ქართველებს ქრისტიანული საქართველო გვაჩუქა. და ყველაფერი დაიწყო სწორედ მაშინ, როცა ის რწმენადაკარგულ ქვეყანაში ჩირაღდანივით გამოჩნდა.

და თუ ამ ლამის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობისას, არცთუ ისე ია-ვარდით მოფენილ გზაზე, სულგრძელობისა თუ ბერული სასოების გამო, რაღაც შეცდომები მაინც დაუშვა, იქნებ ჩვენც როგორმე "მოვიღოთ წყალობა" და იმ აუწონავი ღვაწლის გამო, რომლითაც მან ყველა ჩვენგანის უზომო ცოდვები საკუთარ თავზე იტვირთა, როგორმე მისი გაგება ვცადოთ?

და თუ დღეს რაღაც ვერ არის საპატრიარქოში ისე, როგორც ეს ჭეშმარიტ ქრისტიანს გაუხარდება, ნუ ვიტყვით უწმინდესზე აუგს, ვინიდან ის ამას ჩვენგან, მის მიერ სულგადარჩენილი ადამიანებისაგან არ იმსახურებს. ან რამდენიმე უღირსი მღვდელმსახურის გამო მისი ჯვარზე გაკვრა განა შეიძლება?

ან რით დაიმსახურა საჩოთირო რეპუტაციით გამორჩეულმა, ფეოდალურ ფუფუნებაში თხემით ტერფამდე ჩაფლულმა, უმწიფარი ინტელექტის ნამეუფარმა კაცმა, რომ საზოგადოება რაღაცაში ენდოს?!

ან განა შეიძლება, რომ საქართველოს ეკლესიის ხანდაზმული მესაჭის ასეთი გაუგონარი შეურაცხყოფა საეკლესიო რეფორმის ათვლის წერტილად ან ისტორიის ახალი ფურცლის გადასაშლელად გამოდგეს?

ვინ უნდა აწონოს უწმინდესის გაკეთებული სიკეთე? ან ვინ უნდა შეაფასოს მისი ხელით გამოძერწილი მადლი? ან შესაძლებელია კი იმ ღვაწლის შეფასება, რაც მას ამ ქვეყნის წინაშე მიუძღვის?

მის გაკეთებულ საქვეყნო საქმეებზე ლაპარაკი, ალბათ, მართლაც უხერხულია.

ამაზე ერთი კარგი ქართველი პოეტის ერთი კარგი ლექსი მახსენდება:
"როცა მიმტკიცებენ: / ბალახი მწვანეა! / ყინული - ცივია! / პლატონი - ბრძენია! /კაცი დაბადებით -პატიოსანია, / პირდაღებული ვარ და მრცხვენია."
მკითხველის კომენტარი (22)
21 ნოემბერი 2019 14:04
დღეგრძელობა ჩვენს უწმინდესს!
ლილი
21 ნოემბერი 2019 13:36
ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში,როცა ძალიან დიდი სანერვიულო მქონდა და არ ვიცოდი როდესმე მოგვარდებოდა თუ არა,ჩვენი პატრიარქი დამესიზმრა,ვიდექი ეკლესიის კიბეებთან და ველოდი თავდახრილი როდის ჩამოივლიდა რომ დაველოცე.მომიახლოვდა და თავზე ხელი დამადო,ცრემლები მისით წამოვიდა,პატრიარქმა გულში ჩამიკრა და მითხრა:ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება.
იმდენად ცხადად ხდებოდა ყველაფერი კარგა ხანს არ მჯეროდა,რომ ეს სიზმარი იყო.მისმა სიტყვებმა უდიდესი რწმენა და იმედი ჩამისახა, თავი ასე მშვიდად არასდროს მიგვრძვნია.განსაცდელმა მალე გაიარა. ახლაც, წლების შემდეგ,როცა რაღაც პრობლემა იჩენს თავს ყოველთვის მისი სიტყვები მახსენდება და მჯერა,ყველა განსაცდელი გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება!
ღმერთმა დღეგრძელი და ჯანმრთელი გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი!
tina
20 ნოემბერი 2019 12:13
დიდხანს სიცოცხლე ჩვენ საყვარელ პატრიარქს!
cicino
20 ნოემბერი 2019 12:05
ეს 90-იან წლებში მოხდა....მე-ნახევრად მორწმუნე, ამ პერიოდში, ერთ ახლობელ ახალგაზრდას შევნიშნე, ეკეთა ნაჩუქარი ძვირადღირებული ძეწკვი, ბოქლომის გასაღებით.... მოვხსენი და გადავაგდე.. ხუთიოდე წუთში სახე დამეფარა საზიზღარი ძირმაგარებით...რამოდენიმე დღის შემდეგ შევხვდი მეგობარს, რომელმაც მითხრა, რომ ეს სავარაუდოდ ჯადოს მოქმედების შედეგი იყო, და მირჩია, პატრიარქისგან ამეღო ლოცვა-კურთხევა.. უხალისოდ დავთანხმდი და წავედით სიონში, ლოცვას პატრიარქი ატარებდა.. ლოცვის დამთავრების შემდეგ, დავდექი გასასვლელთან, მაგრამ ჩემზე წინ იყო თავდახრილი მრევლის ჯარი.. შანსი ნაკლები მქონდა. ვიგრძენი, თავზე შემეხო თბილი ხელი და ტანში ჟრუანტელმა დამიარა.... გამოვედით ტაძრიდან და მესმის მეგობრის გაოცებული ხმა... სახე მომენტალურად გამინთავისუფლდა ძირმაგარებისგან.....
ელისო
20 ნოემბერი 2019 11:59
თქვენ გაიხარეთ რომ გაგვიზიარეთ თქვენი განცდა ჩვენი უწმინდესის შესახებ, დიდი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისათვის. სულ ცრემლებით წავიკითხე თქვენი წერილი და ვეთანხმები თქვენს ყოველ სიტყვას. პატრიარქი არის ადამიანი რომელიც დღემდე იღწვის ერის და ქვეყნის გადარჩენისთვის, მართლმადიდებლური რწმენის განმტკიცების და მისი გაძლიერებისთვის, ქართული ეკლესიის და მრევლის რწმენის გაღრმავებისთვის და ასეთი კეთილი და ერთგული მწყემსის ასე შეურაცხყოფას და არ დაფასებას ჩვენ უფალი არ გვაპატიებს და ღირსების ვართ.
პირადად ჩემთვის დიდი ბედნიერება იქნება პატრიარქის ახლოდან ნახვა და მისგან ლოცვის და კურთხევის მიღება მაგრამ, ჯერჯერობით ვერ მოვახერხე ალბათ ჯერ არის უფლის ნება. მე ყოველ წუთს ვფიქრობ და ვლოცულობ და შევთხოვ უფალს რომ ახლოდან შემახვედროს ჩვენს პატრიარქს. მჯერა რომ ჩემთვისაც ისეთი განცდა იქნება როგორიც თქვენ განიცადეთ ანდა შეიძლება უფრო მეტიც, რადგან მისი სახელის გაგონებაც ჩემთვის არის დიდი ბედნიერება და სიხარული. მე ძალიან მიყვარს ჩვენი პატრიარქი და ამიტომ ყოველ დღე ვლოცულობ მის კარგად ყოფნაზე და ვიცი და მჯერა რომ მარტო მე კი არა, არამედ ყველა ჭეშმარიტი ქართველი მრევლი ლოცულობს მამა ილიაზე და ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და დიდხანს კარგად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი. ამინ, დიდება უფალს!
მზია
20 ნოემბერი 2019 11:48
მადლობთ
ლალი
20 ნოემბერი 2019 11:37
ჩემთვისაც მარად დაუვიწყარია პატრიარქთან პირველი შეხვედრა - ეს 1985 წელი იყო. მე მაშინ არც რწმენაში ვიყავი და შესაბამისად, არც ეკლესიური, მაგრამ იმ ღვთიურმა ნათელმა რაც მას გარს ეხვია ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა და წარუშლელი კვალი დატოვა. უფლის წყალობით, შემდეგ წლებში კიდევ რამოდენიმეჯერ მქონდა ბედნიერება მისი დალოცვის მადლი მიმეღო. ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი, ის მაინც შეგვძლებოდეს რომ ნაამაგარს ასე გული არ ვატკინოთ!
ტატა
20 ნოემბერი 2019 11:34
რა კარგი წერილია,ლამის ცრემლებით წავიკითხე,მეც მქონდა ასეთი ბედნიერი დღე,სამებაში პატრიარქი ჯანმრთელობის წირვას აღავლენდა და წირვის დასრულების შემდეგ ატყდა ერთი ამბავი,ვის დალოცავდა პატრიარქი თავზე ხელის დადებით,ჩემს მეგობარს უთხარი(ერთად ვიყავით) აქ ისეთი ამბავია ვერც მივალთ ახლოს მეთქი,ჩვენ რა გვიჭირს,უფრო ჯანმრთელობის პრობლემა ვისაც აქვს იმათ ვაცალოთ მისვლა და წამოდი ჩვენ უკან დავიწიოთ თქო,როგორც კი შევეცადე უკან დახევა, სასწაულად გზა გაიხსნა და მე და ჩემი მეგობარი პატრიარქის წინ აღმოვჩნით,ვემთხვიე და.... არ ვიცი როგორ გადმოვცე ის სიყვარული და ის ემოცია რაც განვიცადე,და რაც დიდი დიდი ხანი გამყვა,ამიტომ კარგად მესმის თქვენი
ქეთევანი
20 ნოემბერი 2019 10:36
ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს ჩველი სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი.
ცისანა
20 ნოემბერი 2019 10:30
გარდამეცვალა მარტოხელი (შვილი უგზო უკვლოდაა დაკარგული) ახლობელი, 69 წლის ქალბატონი, ექსპერტიზის შემდგომ მისი მის საცხოვრებელ სახლში გადასვენება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმც ერთოთახიანი ბინა ნორმალურ მდგომარეობაშიც იყო, მაგრამ პრობლემა იყო შესასვლელის სივიწროვე. იქ საკაცით ადამიანის შეყვანა ან ჩასვენებულის იქედან გამოსვენება. მეზობლებმაც გვითხრეს, რომ ასეთი ბინიდან მეტად უჭირდათ განსვენებულის გამოყვანა თუ სასახლეს და მიცვალებულს ცალ-ცალკე არ ჩამოიტანდნენ. დრო მეტად მცირე გვქონდა და დავრეკე საპატრიარქოში გარდაცვლილი ქალბატონის ნაცნობ დედაოსთან და ვთხოვე დახმარება რომელიმე ეკლესიაში მისი დასვენებისათვის. აღნიშნული შეიტყო პატრიარქმა და შემოგვთავაზა საპატრიარქოს ეზოში მდებარე პატარა ტაძარში მიცვალებულის გადასვენება . ასეც მოვიქეცით. გაოცებული დავრჩით იმ ყურადღებით რაც აქ მოხდა. ყველა საჭირო რიტუალი იქნა ჩატარებული პანაშვიდიდან დაწყებული მის გამოსვენებამდე. თვითონ პატრიარქი მობრძანდა მოსასამძიმრებლად და შემდეგ თითქმის ერთი საათის განმავლობაში იქვე ტაძრის შესასვლელთან ეზოში იყო დაბრძანებული. უბრალო ადამიანის მიმართ ამ სიყვარულისა და პატივისცემის გამო როგორც ოჯახი, ისე პანაშვიდზე მოსული ყველა ადამიანი საოცრად განცვიფრებულები ვართ დღემდე.
უღრმესი მადლობა ჩვენს პატრიარქს ასეთი სიკეთისათვის, სიყვარულისთვის. ჩვენც ძალიან გვიყვარს ჩვენი პატრიარქი, ღმერთმა დიდხან გვიცოცხლოს მისი თავი საქართველოს იმედად.
ასევე დიდი მადლობა საპატრიარქოში მოღვაწე დედაოებს, განსაკუთრებით დედა ანასტასიასა და მოძღვარს მამა ტარიელს რომეწლთაც წრფელი გულით ყველაფერი გაუკეთეს ჩემს ახლობელს რაც საჭირო იყო მიცვალებულისათვის და იმაზე მეტიც.
აი ასეთი პატრიარქი ყავს დღეს საქარ\თველოს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები