ვინატრე, ჩემსკენ მობრუნებულიყო და დაველოცე, პატრიარქი ნელა მოტრიალდა და... - ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა
ვინატრე, ჩემსკენ მობრუნებულიყო და დაველოცე, პატრიარქი ნელა მოტრიალდა და... - ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა
ფოტო:კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მამუკა ბადრიძე
დაახლოებით ექვსი წლის წინ, როცა დასაბეჭდად მზადდებოდა წიგნი "ჩემი პატრიარქი", გამომცემლებმა შემომთავაზეს, რომ მის ფურცლებზე უწმინდესის შესახებ რაღაც მომეთხრო. ჩემდა სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, მიუხედავად სურვილისა, ამის გაკეთება ვერ შევძელი.

უნდა ვაღიარო, რომ დღიდან იმ წიგნის გამოსვლისა დღემდე, არ მასვენებს სინანულის განცდა იმისა, რომ ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, ვერ მოვყევი სწორედ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა მომეცა. ჰოდა, ამის გაკეთებას ვაპირებ სწორედ ახლა, როცა ჩვენს უტკბილეს პატრიარქს უზომოდ ატკინეს
გული...

თხუთმეტი წლის წინ, როცა მამა გარდამეცვალა, საშინელი სიცარიელე ვიგრძენი. მეგობარმა მირჩია, იქნებ ეკლესიური ცხოვრება გეცადა, გაგაძლიერებსო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომისა თუ ცხოვრების არასწორი წესის გამო, ეს ჩემთვის სულაც არ იყო იოლი, ტაძრამდე როგორღაც მივაღწიე და პირველი აღსარებაც გავბედე. ამის მერე, ისეთი სულიერი სიმსუბუქე
ვიგრძენი, როგორსაც მხოლოდ პირველად აღსარებანათქვამი ადამიანები განიცდიან ხოლმე.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ რაღაც ისეთი მჭირდებოდა, რასაც უთუოდ შეეძლო ჩემი რწმენის განმტკიცება ან, უფრო სწორად, ჩემი სულის გადარჩენა. იმავე მეგობარმა მირჩია, თუ სამებაში მიხვალ და პატრიარქი დაგლოცავს, ყველაფერს მაშინვე მიხვდებიო. მანვე ამიხსნა, ტაძრის რომელ ნაწილში უნდა დავმდგარიყავი, რათა წირვის დასრულებისთანავე უწმინდესს აუცილებლად დაველოცე. ეს იყო ადგილი ტაძრის მთავარი შესასვლელიდან დაახლოებით ექვსიოდ ნაბიჯში, ანუ იქ, სადაც გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, პატრიარქი პატარა ხალიჩაზე რამდენიმე წამი ჩერდებოდა ხოლმე.

მივედი სამებაში. წირვის ბოლოს სწორედ იქ დავდექი, სადაც უნდა დავმდგარიყავი. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ჩემი "გათვლით" უნდა მომხდარიყო. უწმინდესი მიმიახლოვდა, მისთვის დამახასიათებელი სათნოებით შემომხედა და ალბათ დამლოცავდა კიდეც, რომ არა ვიღაც ორმეტრიანი კაცი, რომელიც წინ ჩამიდგა და პატრიარქამდე მისასვლელი გზა უიმედოდ გადამიკეტა.

ილია II, რომელსაც შლეიფივით მისდევდა საეპისკოპოსო დასი, გზას დინჯი, მტკიცე ნაბიჯით მიუყვებოდა, და დაახლოებით ათ მეტრის გავლის შემდეგ, როცა გულდაწყვეტილმა ვინატრე, იქნებ ჩემსკენ მობრუნებულიყო და დაველოცე, შეჩერდა. მასთან ერთად გაჩერდნენ სხვებიც. პატრიარქი ნელა მოტრიალდა და ასეთივე ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ. როცა ახლოს მოვიდა და თვალებში ჩემთვის იქამდე უცნობი მზერით ჩამხედა, ვიგრძენი, რომ მთელ ჩემს ცხოვრებას წიგნივით, ფურცელ-ფურცელ, აბზაც-აბზაც, სიტყვა-სიტყვით კითხულობდა. თან მდუმარე, მაგრამ მეტყველი თვალებით მეკითხებოდა: "ხომ კარგია ეკლესიური ცხოვრება?", "ნუთუ ასე არ ჯობია?". მერე თავზე ხელი დამადო და დამლოცა.

ვისაც ერთხელ მაინც ხვდომია წილად მისი დალოცვის მადლი, უმალ მიხვდება, თუ რა განვიცადე. ეს იყო უწონადობის მსგავსი მდგომარეობა, რომლის მსგავსიც მოგვიანებით წმინდა ნიკოლოზის ხატთან თუ მიგვრძვნია...

წამომივიდა ცრემლი, რომელიც წყლის ნაკადს უფრო ჰგავდა და დაახლოებით ნახევარი საათი თუ უფრო მეტი, განწმენდის, არაამქვეყნიური სისუფთავისა თუ სიწმინდის ემოციით მავსებდა.

ასეთი წუთების შემდეგ ადამიანი მეყსეულად ხვდება, რომ ის ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. და თუ ოდესმე უნდა შემეგრძნო ჭეშმარიტების წამი, ეს სწორედ ის წამი იყო.

მსგავსი რამ ალბათ სხვასაც გადახდენია, რადგან, ფაქტია, რომ მან ბევრი ადამიანი შეცვალა სასიკეთოდ. იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე რომელიმე მოკვდავს ამის წარმოდგენა შეეძლო, და იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე მას ამის სურვილი ჰქონდა.

ამ თავდადებულმა კაცმა ქართველებს ქრისტიანული საქართველო გვაჩუქა. და ყველაფერი დაიწყო სწორედ მაშინ, როცა ის რწმენადაკარგულ ქვეყანაში ჩირაღდანივით გამოჩნდა.

და თუ ამ ლამის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობისას, არცთუ ისე ია-ვარდით მოფენილ გზაზე, სულგრძელობისა თუ ბერული სასოების გამო, რაღაც შეცდომები მაინც დაუშვა, იქნებ ჩვენც როგორმე "მოვიღოთ წყალობა" და იმ აუწონავი ღვაწლის გამო, რომლითაც მან ყველა ჩვენგანის უზომო ცოდვები საკუთარ თავზე იტვირთა, როგორმე მისი გაგება ვცადოთ?

და თუ დღეს რაღაც ვერ არის საპატრიარქოში ისე, როგორც ეს ჭეშმარიტ ქრისტიანს გაუხარდება, ნუ ვიტყვით უწმინდესზე აუგს, ვინიდან ის ამას ჩვენგან, მის მიერ სულგადარჩენილი ადამიანებისაგან არ იმსახურებს. ან რამდენიმე უღირსი მღვდელმსახურის გამო მისი ჯვარზე გაკვრა განა შეიძლება?

ან რით დაიმსახურა საჩოთირო რეპუტაციით გამორჩეულმა, ფეოდალურ ფუფუნებაში თხემით ტერფამდე ჩაფლულმა, უმწიფარი ინტელექტის ნამეუფარმა კაცმა, რომ საზოგადოება რაღაცაში ენდოს?!

ან განა შეიძლება, რომ საქართველოს ეკლესიის ხანდაზმული მესაჭის ასეთი გაუგონარი შეურაცხყოფა საეკლესიო რეფორმის ათვლის წერტილად ან ისტორიის ახალი ფურცლის გადასაშლელად გამოდგეს?

ვინ უნდა აწონოს უწმინდესის გაკეთებული სიკეთე? ან ვინ უნდა შეაფასოს მისი ხელით გამოძერწილი მადლი? ან შესაძლებელია კი იმ ღვაწლის შეფასება, რაც მას ამ ქვეყნის წინაშე მიუძღვის?

მის გაკეთებულ საქვეყნო საქმეებზე ლაპარაკი, ალბათ, მართლაც უხერხულია.

ამაზე ერთი კარგი ქართველი პოეტის ერთი კარგი ლექსი მახსენდება:
"როცა მიმტკიცებენ: / ბალახი მწვანეა! / ყინული - ცივია! / პლატონი - ბრძენია! /კაცი დაბადებით -პატიოსანია, / პირდაღებული ვარ და მრცხვენია."
21 ნოემბერი 2019 14:04
დღეგრძელობა ჩვენს უწმინდესს!
ლილი
21 ნოემბერი 2019 13:36
ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში,როცა ძალიან დიდი სანერვიულო მქონდა და არ ვიცოდი როდესმე მოგვარდებოდა თუ არა,ჩვენი პატრიარქი დამესიზმრა,ვიდექი ეკლესიის კიბეებთან და ველოდი თავდახრილი როდის ჩამოივლიდა რომ დაველოცე.მომიახლოვდა და თავზე ხელი დამადო,ცრემლები მისით წამოვიდა,პატრიარქმა გულში ჩამიკრა და მითხრა:ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება.
იმდენად ცხადად ხდებოდა ყველაფერი კარგა ხანს არ მჯეროდა,რომ ეს სიზმარი იყო.მისმა სიტყვებმა უდიდესი რწმენა და იმედი ჩამისახა, თავი ასე მშვიდად არასდროს მიგვრძვნია.განსაცდელმა მალე გაიარა. ახლაც, წლების შემდეგ,როცა რაღაც პრობლემა იჩენს თავს ყოველთვის მისი სიტყვები მახსენდება და მჯერა,ყველა განსაცდელი გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება!
ღმერთმა დღეგრძელი და ჯანმრთელი გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი!
tina
20 ნოემბერი 2019 12:13
დიდხანს სიცოცხლე ჩვენ საყვარელ პატრიარქს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?