ვაჟა გაფრინდაშვილის დასაბრუნებლად! კაცისა, რომელმაც მარადიული მტრისაგან შეგინებულ ქვეყანას ღირსება დაუბრუნა - კვირის პალიტრა

ვაჟა გაფრინდაშვილის დასაბრუნებლად! კაცისა, რომელმაც მარადიული მტრისაგან შეგინებულ ქვეყანას ღირსება დაუბრუნა

დღეს დილით, როცა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის განცხადება ვნახე, გული ისე მეტკინა, განსაცდელში ჩავარდნილ საკუთარი ოჯახის წევრისთვის რომ გეტკინება კაცს. არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს და ალბათ არც კი მინდა ვიცოდე, ვინ უნდა იყოს, ან რატომ უნდა იყოს საქართველოში ისეთი ვინმე, რომელიც ამ ღირსეული ქალბატონის განცხადებას გულთან ახლოს ვერ მიიტანს.

ქალბატონ თამილას, რომელიც თავის არანაკლებ ღირსეულ ორ ქალიშვილთან ერთად, ხმალამოღებული, მუხლჩაუხრელად იბრძვის საკუთარი მეუღლის დასახსნელად, ხვალ ჩვენი, მისი მეუღლის გმირობისა და კაცურ კაცობის დამნახველი ქართველების მხარდაჭერა სჭირდება.

ხვალ, 15 დეკემბერს 11 საათზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მოწოდებით რესპუბლიკის მოედანზე იკრიბება ქართული საზოგადოება, რომელიც მანქანებით გაემგზავრება და ექიმ ვაჟას მხარდამჭერ აქციას გამართავს იმ ავადსახსენებელ ზოლთან, რომელიც რუსებსა და ოსებს "საზღვარი" ჰგონიათ და რომლის აუღიარებლობის გამო ქართველური მუხტის ეს ხარივით გამტანი კაცი, 9 ნოემბრიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე ცხინვალის იზოლატორის დახშულ საკანშია გამოკეტილი.

ხვალ, ალბათ ყველა უნდა შევიკრიბოთ იმ კეთილშობილი კაცის მხარდასაჭერად, რომელიც მხოლოდ იმის გამოა დატყვევებული, რომ ჩვენი არეულ-დარეული, ზოგჯერ უსამართლო, ზოგჯერ გადარეული, ზოგჯერ არხეინი, ზოგჯერ საშინლად ჯიუტი, ზოგჯერ თავაშვებული, ზოგჯერ აუტანელი და მაინც ტკბილზე ტკბილი სამშობლო საკუთარ თავსა და საკუთარ თავისუფლებას ურჩევნია.

ხვალ, ევროპელსა თუ არაევროპელს, ამერიკელსა თუ არაამერიკელს, აზიელსა თუ არააზიელს, მტერსა თუ მოყვარეს, ყველას, ვისაც სადღაც საქართველოს შესახებ რაღაც გაუგია, უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყნის ღირსებისათვის მებრძოლ ადამიანზე ძვირფასი, ამ ქვეყნისთვის არაფერი არსებობს.

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ალბათ დგება ხოლმე წამი, როდესაც ის აღმოაჩენს, რომ რაღაც ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, შეიძლება გმირადაც კი იქცეს. ვაჟა გაფრინდაშვილის ნაბიჯი ალბათ ყველაზე რთულია იმ ნაბიჯთა შორის, რომელსაც პატივაყრილი ქვეყნისთვის ღირსების დაბრუნება შეუძლია. ასეთი ნაბიჯის გადადგმა ბევრს არ შეუძლია, თუმცა ქართველმა ექიმმა შეძლო.

ამიტომ, ჩვენ, ის ქართველი მოქალაქეები, რომლებსაც მშვენივრად გვესმის, რომ თავდადებული კაცის დასახმარებლად მხოლოდ გულზე მჯიღის კვრა და საკუთარ სახლებში ვაი-ვიში ვერაფრით საკმარისი ვერ იქნება, უნდა ამოვგლიჯოთ სავარძლებიდან საკუთარი სხეულები და იმ ადგილთან უნდა მივიდეთ, სადაც ნამდვილ ქართველ კაცებს რუსი სალდაფონები სამშობლოს სიყვარულისთვის ბორკილებს ადებენ.

როცა ქართველმა ექიმებმა ვაჟას მხარდასაჭერი აქცია გამართეს, ეს ალბათ სულაც არ იყო ცოტა, მაგრამ საკმარისი მაინც ვერ იქნება, ვინაიდან საქართველო მხოლოდ ექიმთა საზოგადოება არ არის და ის გაცილებით მეტია, ვიდრე ეს რომელიმე ჩვენგანს წარმოუდგენია.

ამიტომ, ხვალ, 15 დეკემბერს, 11 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, მარტივად გამოჩნდება, რამდენი ქართველისთვის არის მნიშვნელოვანი თავისუფლება კაცისა, რომელმაც მარადიული მტრისაგან შეგინებულ ქვეყანას ღირსება დაუბრუნა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს