თეთრი ხალათი, რომელიც მავთულხლართებზე იმარჯვებს - კვირის პალიტრა

თეთრი ხალათი, რომელიც მავთულხლართებზე იმარჯვებს

დავით არსენაშვილი და გია კალანდაძე ეროვნული მოძრაობის ის მოჰიკანები არიან, რომლებიც ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, საოკუპაციო ზოლთან ახლოს, სხვა მრავალ ქართველთან ერთსულოვნად იდგნენ. ეს ნამდვილი კაცები, თავიანთ ოჯახებთან ერთად, მოძმისა თუ საკუთარი ქვეყნის სიყვარულით არასოდეს იღლებიან.

ამ ორი, სამშობლოზე შეყვარებული ქართველის გარდა, იქ ასეთი კიდევ ორი ათასი იდგა. უცხო თვალი მაშინვე შეამჩნევდა, რომ ამ ხალხის სიძლიერე არა რაოდენობაში, არამედ ქვეყნის სიყვარულის აღმატებულ ხარისხშია, რომელიც ჩვენს დაუძინებელ მტერსა თუ გონებაარეულ მოყვარეს არც დღე უნდა ასვენებდეს და არც ღამე.

ყველა ასაკისა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, რომელიც აქციაში მონაწილეობდა, თავისი უჩვეულობით უშუალო გარემოს ქმნიდა. როცა მათ შორის ბედნიერი სახით მოხტუნავე ექვსიოდე წლის თეთრქუდიანი ბიჭუნა დავინახე, მაშინვე ვინანე, რომ ჩემი ექვსი წლის ვაჟი, დილიდან რომ ძია ვაჟას დასახმარებლად "რუსების საგუშაგოსთან" წაყვანას მეხვეწებოდა, სახლში გულდაწყვეტილი დავტოვე.

დავით არსენაშვილი და გია კალანდაძე

როცა სოფელ ოძისის თავში, ამ მებრძოლი ოჯახის თაოსნობით შეკრებილი ქართული საზოგადოების წინაშე, ხალხის თანადგომით აღელვებულმა ექიმის მეუღლემ ემოციური სიტყვა დაიწყო, უნებურად ჩემი პატარა, მტკიცე ოჯახი გამახსენდა და კარგი ემოცია მომეძალა. ბედნიერი კაცია ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც ასეთი ოჯახი ჰყავს და ბედნიერია ყველა ის კაცი, ვისაც ოჯახი მძიმე წუთებში არ მიატოვებს.

მეუღლის თეთრი ხალათით შემოსილმა ქალბატონმა თამილამ ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ვაჟასნაირი კაცისთვის ასეთ მხარდაჭერას დიდი ფასი აქვს, მერე კი თანადგომისკენ მოუწოდა ოსი ეროვნების ექიმებს და როგორც ეს არაერთხელ, დაუღალავად გაუკეთებია, საკუთარი მეუღლის სახლში დაბრუნება მოითხოვა.

მისივე თხოვნით, სიტყვით აღარავინ გამოსულა და აქცია დახვეწილ პერფორმანსში გადაიზარდა. ეს იყო ქათქათა ბუშტებით ძალმოსილი ცისკენ ატყორცნილი თეთრი ხალათი, რომელიც სასიკეთოდ განწყობილმა ნიავმა მავთულხლართებზე გასამარჯვებლად და აქციის მონაწილეთა გასახარად ზუსტად ცხინვალის მიმართულებით წაიღო.

ამას მოჰყვა ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც იმ ადამიანებით მოიწნა, ვინც მშვენივრად იცის "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება". ადამიანური ენერგიით გაცოცხლებულმა ჯაჭვმა, რომლის მთავარი რგოლიც დატყვევებული ექიმის ოჯახი გახდა, აქცია ისევე მშვიდობიანად დაასრულა, როგორც დაიწყო.

უკანა გზაზე, გაწელილი სამანქანე კოლონის რომელიღაც მონაკვეთზე, თითქოს სიმბოლურად შევნიშნე ამ ძირძველი მიწის ყველა მტკაველისთვის ათასჯერ ნაომარი კაცი, ვისთან მისვლაც უბრალოდ ვერ შევძელი. მეწყინასავით, ვინაიდან ასეთ ხალხთან შეხვედრამ სისხლის ისეთი ქართველური აჩქროლება იცის, ვერაფერი რომ ვერ გაანელებს.

P.S. აქციაზე წამოსვლამდე, როცა მანქანა სამრეცხაოში მივიყვანე, "ავტოსტილისტმა" გოდერძიმ გაიკვირვა, კვირაობით მანქანის გარეცხვა როდის გიყვარდაო. როცა ჩემი მარშრუტი ვაუწყე, "აბა რაო", გაუხარდა ბავშვივით და ბოლოს, შესრულებული სამუშაოს გასამრჯელო არაფრის დიდებით არ გამომართვა, ეგ ფული ვაჟას ამბავში იყოსო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს