როცა ვიღაც ხელს არ გიშვებს
როცა ვიღაც ხელს არ გიშვებს
რასაც ახლა მოვყვები, ბუნდოვნად მახსოვს, რადგან იმ დღის მერე ბევრი წყალია ჩავლილი. ეს ამბავი მარტო ჩემმა უფროსმა დამ თუ იცის, რადგან მის გარდა, ვინმესთვის მოყოლა არც მიცდია, მეგონა დამცინებდნენ. ამას ალბათ ახლაც არ გავაკეთებდი, რომ არა თხუთმეტი წლის ბავშვის ამბავი, რომელმაც ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ძველი იარა თავისით გაიხსნა. ჰოდა, ამ თითქმის დავიწყებულმა ამბავმა, ახლაც რომ უსიამოდ მახსენდება, შეიძლება ვიღაცას თვალი აუხილოს, ან რაიმეზე დააფიქროს.

ზუსტად თხუთმეტი წლისა ვიყავი, როცა
ერთი ცუდი საქციელის გამო მამაჩემი "საშინლად" მეჩხუბა. დამნაშავე ალბათ უფრო ვიყავი, ვიდრე არა და იქნებ არც მამაჩემის ჩხუბი იყო საშინელი, მაგრამ მისმა სიტყვებმა ისე გამამწარა, რომ იმავ საღამოს სახლიდან გავიქეცი. ჯერ ჩემი უახლოესი მეგობრის სახლთან მივედი, მაგრამ მის სალათისფერ რკინის კართან მისულმა, ზარი აღარ დავრეკე,
რადგან ტკბილი ოჯახი ჰქონდათ და მათი შეწუხება მომერიდასავით. მერე იქვე, გზის გადაღმა, "ჯაფარიძის ბაღში" გადავედი, უმიზნო ყიალი დავიწყე და სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი.

მამაჩემზე ისე ვიყავი გაბრაზებული, ვერაფრით ვიჯერებდი, რომ მე ამ სიტყვებს ვიმსახურებდი, ანუ როგორც ყველა თხუთმეტი წლის ბავშვს, წამითაც კი არ შემპარვია ეჭვი საკუთარ განუმეორებლობაში, რადგან ჩემი წარმოდგენები საკუთარ თავზე ხან ევერესტის სიმაღლეს უტოლდებოდა, ხან კიდევ სათაფლიის გამოქვაბულის სიღრმეს.

ბევრი ხეტიალის მერე, ვერაფრით რომ ვერ დავშოშმინდი, გადავწყვიტე სადმე წავსულიყავი, თუმც არც ვინმეს ნახვა მინდოდა და არც რამის მოყოლა. ამიტომ როგორც კი მეტრო "მარჯანიშვილის" ესკალატორზე შევდექი, უცებ გადავწყვიტე თავი მომეკლა. იმ წუთებში, მცირედითაც არ ვაჭარბებ, ეს ერთადერთ ნორმალულ გამოსავლად მომეჩვენა. თან ყველაზე დიდი უკეთურება ამ განზრახვისა იყო ის, რომ ჩემი უგუნური გადაწყვეტილება რომანტიულად მეჩვენებოდა.

წარმოვიდგინე, როგორ მოვიდოდნენ პანაშვიდზე ჩემი კლასელები, როგორ შევეცოდებოდი ყველას, როგორ იტყოდნენ, თურმე რა მაგარი ვინმე ყოფილაო და როგორი უბედური იქნებოდა მამაჩემი, რომელმაც ასე გამაბრაზა. მეცოდებოდა მხოლოდ დედაჩემი და ჩემი და, რომელიც, სავარაუდოდ, გამიგებდა.

ბოლოს და ბოლოს დავისვენებდი მათემატიკისაგან, რომელზეც ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, თითქმის ყოველდღე ორ-ორი საათი დავდიოდი და ვერაფრით ვიგებდი რაში მჭირდებოდა. აღარ დავინახავდი ჩვენს სახლში მოსულ უთვალავ სტუმარს, რომელთა დანახვაზეც ვიზაფრებოდი, რადგან უმეტესობა თვლიდა, რომ შეზარხოშებულზე ჩემთვის ჭკუა უნდა დაერიგებინა. აღარ ჩავაბარებდი მშობლების სურვილით ჩემთვის ამოუცნობ ეკონომიურ ფაკულტეტზე. აღარ შევიჭრიდი თმას პოლბოქსზე ულვაშა ჟორასთან და აღარ წავიდოდი "დასასვენებლად" სოფელში, სადაც თბილისზე უარესად ცხელოდა. აღარავინ ამიკრძალავდა ჩემებურ ცხოვრებაზე ფიქრს და აღარავინ მიმითითებდა, რა უნდა გამეკეთებინა ხვალ.

ამასობაში აზრმა "ამ უსამართლო სამყაროდან" ელვისებურად გაქცევის შესახებ ისეთი გამოკვეთილი კონტურები შეიძინა, რომ ვიცოდი, აუცილებლად გავაკეთებდი.

ფრთხილად მივუახლოვდი მეტროსადგურის მთელ სიგრძეზე გავლებულ თეთრ ზოლს, რომელიც მატარებლის ბაქნის კიდიდან სადღაც ორმოცი სანტიმეტრით იყო დაშორებული და საზღვრის-მაგვარ როლს თამაშობდა. საკმარისი იყო ერთი ნაბიჯი და ყველაფერი წამებში დამთავრდებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამის ძალა მეყოფოდა.

მატარებლის შესახვედრად, როცა თეთრ ზოლზე პირველად გადაბიჯება დავაპირე, ვიღაცამ დამიძახა. ჩემი უბნელი ლოლო იყო, რომელიც აკორდეონის გაკვეთილიდან სახლში ბრუნდებოდა. გამოექანა და ისე მაგრად ჩამეხუტა, თითქოს გუშინ არ მენახა, როცა სანთლის ქუჩაზე თავის დეიდაშვილ ინგასთან ერთად შემხვდა.

ლოლო რომ წავიდა, სამჯერ გადავაბიჯე თეთრ ხაზს, სამივეჯერ ის გამახსენდა და სამივე მატარებელი გავატარე. თითქოს არაფერი მიშლიდა ხელს, მაგრამ რაღაც მიჭერდა. მალევე მივხვდი, რომ ეს რაღაც ლოლო იყო, რომელიც ისე ჩამეხუტა, ჩემი ცუდი ალბათ ძალიან ეწყინებოდა. ამიტომ იმ დღეს ხელი ჩავიქნიე და მეტროდან იმ განზრახვით ამოვედი, რომ უკვე დაგეგმილი ბოლო ნაბიჯი ხვალ ან ზეგ აუცილებლად გადამედგა.

მეორე დღეს, სკოლაში ჩვეულებრივად მივედი. არავისთვის არაფერი მითქვამს. ამიტომ არავის არაფერი შეუმჩნევია. როცა მესამე, ისტორიის გაკვეთილი დაიწყო, საკლასო ჟურნალიდან ჩემი გვარის ამოკითხვისას, როცა "ვარ" სხვებივით ომახიანად კი არა, ჩუმად, ძლივს ამოვღერღე, ჩვენი კლასის დამრიგებელმა ეთერ ჯავახიშვილმა პაუზა გააკეთა, სათვალე მოიხსნა, ცოტა უცნაურადაც დამაკვირდა და: "კარგად ხარო" - მკითხა. "კი" - მეთქი, ვუპასუხე და თვალი ავარიდე. მან სია ბოლომდე წაიკითხა და ისე, რომ ზედმეტი ყურადღება არ მოუქცევია, გაკვეთილი გააგრძელა.

როცა დიდი დასვენების დრო მოვიდა: "ერთ წუთს დარჩიო". თან პირველი მერხისკენ მიმითითა, მარცხენა რიგში, მისი მაგიდის წინ რომ იდგა. რამდენიმე წუთი არაფერი უთქვამს. მერე შვინდისფერი კალამი მე-9ა კლასის ჟურნალზე ფრთხილად დადო და ისეთი თვალებით შემომხედა, რომ გული ამიჩუყდა. რაღაც კითხვები დამისვა და როცა ჩემი პასუხები მიიღო, ერთხანს ჩუმად იყო. მერე თითქოს შემთხვევით გაახსენდა ერთი ავსტრალიელი მწერლის მოთხრობა "მე შემიძლია გუბეზე გადახტომა", რომელიც პოლიომელიტით დაავადებულ ბიჭზეა, ცხოვრებისეულ ყველა პრობლემასთან ვაჟკაცურად გამკლავება რომ შეძლო. ამაზე ზუსტად ისეთივე ჟრუანტელმა დამიარა, როგორც ლოლოსთან შეხვედრისას.

იმ დღიდან მოყოლებული ერთი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, დიდ დასვენებასა თუ გაკვეთილების შემდეგ, დროდადრო რაღაცას მიყვებოდა და შეფარულად მჩუქნიდა ხოლმე სითბოს, რომელიც ჩემს გულში თივის ზვინივით იზრდებოდა. თან ამას ისე ბუნებრივად აკეთებდა, რომ ისტორიის გაკვეთილზე განვითარებულ მოვლენებს უკვე გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი. ამის შედეგად, მალევე აღმოვაჩინე, რომ ჩვენს დამრიგებელს ყოველი ახალი მასალის ახსნისას, სახე ბედნიერებისაგან უბრწყინავდა.

ამასობაში ასეთივე ბედნიერების სურვილი მეც გამიჩნდა, რაც ისტორიულზე ჩაბარებით ავისრულე. ხოლო მოგვიანებით მივხვდი, რომ საკლასო ოთახში ნაპოვნმა სითბომ "უსიკვდილოდ" ცხოვრება მასწავლა. ამის მერე, ჩემთვის ცხოვრება ღმერთის საჩუქარია, რომელიც იმავე ღმერთს სახეში არასოდეს არ უნდა ესროლო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ხატია
08 იანვარი 2020 03:33
ვაიჰ! რა კარგია!
ლელო
30 დეკემბერი 2019 10:56
ეთერ ჯანახიშვილი მეც მასწავლიდა ძალიან მიყვარდაააააა!
27 დეკემბერი 2019 22:49
არაჩვეულებრივი ემოციით გაჟღენთილი სტატია

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები