ბრძოლა წესების დაცვით, ანუ "აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?"
01-04-2020
ბრძოლა წესების დაცვით, ანუ "აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?"
ვისაც დიდგორის შესახებ სმენია, და ალბათ ასეთი ბევრია, მან კარგად იცის, როგორ შეძლო დავით IV-მ ამ ბრძოლის მოგება. საქმე ისაა, რომ გმირობას მხოლოდ მაშინ მოაქვს შედეგი, თუ ის სიბრძნით არის გაჯერებელი.
ასე, მაგალითად, დიდგორის ველზე ყველა ქართველმა მეომარმა იცოდა თავისი ადგილი და ის საბრძოლო წესები, რომლის დაცვაც მტერთან უთანასწორო ბრძოლაში წარმატების მისაღწევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამ ორი თვისობრივად განსხვავებული ფენომენის შერწყმის შედეგად დაიბადა ყველა ქართველისათვის კარგად ნაცნობი "ძლევაი საკვირველი",
რომელიც ისტორიული მნიშვნელობიდან თუ ცხრასაუკუნოვანი სიძველიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისათვის მეტად ძვირფასია.

მიუხედავად იმ არასახარბიელო მდგომარეობისა, რომელშიც დღეს მსოფლიო და მასთან ერთად ჩვენი ქვეყანაც იმყოფება, კარგად გამოჩნდა, რომ ცნობიერება, რომელიც ჩვენს "მრავალჭირნახულ" ერს საუკუნეების განმავლობაში ომებსა თუ ათასგვარ უბედურებაში ჩამოუყალიბდა, დღესაც გამართულად მუშაობს.

ის, რომ, სილაღეს
შეჩვეულმა ქართველების უმრავლესობამ სახელმწიფოს მიერ მყისიერად გამოცხადებული სხვადასხვაგვარი შეზღუდვები ძალდაუტანებლად მიიღო და ახლებურ ყოფას მოთმინებით შეხვდა, ამით თავმოწონება ალბათ უხერხულიც კია.

ამ ქვეყანას ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, არასოდეს ავიწყდება ისეთი ანბანური ჭეშმარიტებები, რომელთა ფორმულირებაც მარტივი, ყველასათვის გასაგები და საზოგადოდ მისაღებია. ერთია ის, რომ "ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა", მეორე კი ის, რომ "ძალა ერთობაშია". ამ ზემო ორს უთუოდ ამაგრებს, ან თუ გნებავთ ადუღაბებს კიდეც უშუალოდ ქართველთათვის დამახასიათებელი ერთი ეროვნული თვისება, რომლის თანახმადაც, როგორც სამიოდე ათეული წლის წინ მაღალნიჭიერად ითქვა: "ქართველებს ახასიათებთ წარმოუდგენელი სწრაფვა სიცოცხლის სიხარულის მიმართ".

ამგვარმა ცნობიერებამ მოიტანა ის, რომ ამ ახლად გამოჩენილი პანდემიისას, ეს უძველესი ქვეყანა კვლავ ფეხზე დგას და ჯერ კიდევ უცნობ სენს უდანაკარგოდ და იმედიანად ებრძვის. ამ ომს, მიუხედავად დაუსრულებლობისა, ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძის, პაატა იმნაძის, მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძისა და სხვათა სახით, უკვე ყავს ისეთი დამხვდურები, რომელთა პროფესიონალიზმსა და საჯარო ოპტმიზმს შფოთშეპარული ქართული საზოგადოება ბეწვის ხიდზე მშვიდად გადაჰყავს.

ასეთ რთულ დროს, ზედმიწევნით მნიშვნელოვანია ამ გააფთრებული ბრძოლის სხვადასხვა ეპიზოდის ისე გაშუქება, რომ ტელეეკრანს მიჩერებულ მრავალრიცხოვან აუდიტორიას პროტესტის, სიმძიმისა ან უხერხულობის განცდა არ გაუჩნდეს.

როცა ტელეჟურნალისტი გქვია და ვიღაცას შესაძლოა შენი სჯეროდეს კიდეც, უკიდურესად ცუდი ტონია, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, წარმოსახვითი ეჭვებით, უმისამართო ჩაძიებით, ჯორული სიჯიუტითა თუ როდიონ რასკოლნიკოვის გამომეტყველებით მოთმინება დააკარგინო ექიმს, რომელიც თავის ქვეყანას პირნათლად ემსახურება. როცა ასეთ მძიმე დროს პირდაპირ ეთერში მუშაობა გიწევს, იმას მაინც უნდა ხვდებოდე, რომ შენი და შენი თანამოქალაქეების გადასარჩენად მობილიზებულ ექიმებს თუ არ ეხმარები, სულ ცოტა არ უნდა ავნო მაინც.

როცა ექიმთა თავდადების მაგალითები, პოლიციელებთან, ფარმაცევტებთან თუ სასურსათო მაღაზიის გამყიდვლებთან ერთად ლამის უკვე ყოველდღიურობად იქცა, ხოლო ვიღაც, მთელი ცხოვრება მოძმის სადღეგრძელოს ომახიანად რომ სვამდა, ამავე მოძმისთვის თოთხმეტდღიან იზოლაციას ვერ უძლებს და სავალდებულო კარანტინიდან კისრისტეხით გარბის, ვიღაც მაღალი სულიერებისა თუ ღვთაებრივ საიდუმლოთა განსაკუთრებული ცოდნის გამოისობით სოციალურ დისტანცირებას რომ არ საჭიროებს, ვიღაც ისევ რომ ქეიფობს მოგუდულად და ხვევნა-კოცნით ემშვიდობება თანამეინახეს, შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი ცივილიზებულობა მაინც დაადასტურა. ამის დანახვას სულ ორი რამე სჭირდება - ფართოდ გახელილი თვალები და პირუთვნელობა.

ჩვენ აუცილებლად გადავრჩებით, თუ არ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი კეთილდღეობა წარმოუდგენელია, თუ სხვისი ტკივილი არ გვაწუხებს და თუ არ გვახსოვს, რომ სხვისი სიცოცხლე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩვენი, თუ არ გვესმის, რომ ბედნიერი ვერ იქნები, როცა შენი მოხუცებული მეზობელი უპატრონოდ იღუპება.

ჩვენ გადავრჩებით, თუ ხელს არ შევუშლით იმ ადამიანებს, რომელთა 24-საათიანი შრომის შედეგად, ჩვენს შვილებს, ჩვენს ოჯახს, ჩვენს სამეგობროს, ჩვენს დედაქალაქსა და სულაც მთელს ჩვენს ქვეყანას, სხვა, დიდი ქვეყნებისაგან განსხვავებით, ეს ტიალი ვირუსი ჯერაც არ მოსდებია.

გადავრჩებით, თუ თავს 130 წლის წინ გაჩენილ ერთ მარადიულ კითხვას ყოველდღიურად ისევ დავუსვამთ: "აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?"

ჰოდა, დავიწყოთ თუნდაც იმით, რომ სახლებში დავრჩეთ!

ხოლო, როცა დადგება დრო და შინიდან ძველებურად გამოვალთ, უმალ აღმოვჩნდებით ღირებულებათა გადაფასების უახლეს ველზე, რომელზეც ჩვენი ბრძოლაგამოვლილი საზოგადოება ფეხშიშველა გაივლის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები