პატრიარქმა "მამულ-დედული" გვიკურთხა... - კვირის პალიტრა

პატრიარქმა "მამულ-დედული" გვიკურთხა...

საქართველო ოდითგანვე რომ მიწათმოქმედთა ქვეყანაა, საყოველთაოდ ცნობილია. სწორედ ამიტომაც უწოდეს მას გეორგია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი კაცი მუდმივად მტერს ებრძოდა, შრომა არასდროს მიუტოვებია, საკუთარი ოფლით მოიპოვებდა პურს არსობისას, - მოჰყავდა ხორბალი, აშენებდა ვაზს, მისდევდა მესაქონლეობას და ამიტომაც იყო ეს დარგი იმთავითვე აღორძინებული, რასაც არაერთი ისტორიული წყაროც ადასტურებს...

ბოლო წლებში, სამწუხაროდ, ამ კუთხით სატრაბახო და გასახარი ბევრი არაფერია. ქართველი გლეხი მიწას გაუორგულდა, რასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ როგორც უნდა იყოს საქმე, ჩვენი ხსნა მაინც ძლიერ სოფელშია. ამიტომ ქართველები მიწას უნდა დავუბრუნდეთ!

"კვირის პალიტრა" ამ საქმეში მნიშვნელოვან სიტყვას ყოველთვის ამბობდა, მკითხველს მუდმივად მოუთხრობდა, როგორ მოევლოთ საკუთარი მამულ-დედულისთვის, რისი დასტურიც რუბრიკა "მამულ-დედული" გახლდათ, რომელსაც სწავლული აგრონომი ნიკოლოზ იოსებიძე უძღვებოდა. ამ ნომრიდან კი გაზეთში სიახლეა, "მამულ-დედული" ახლა 4 გვერდზე იშლება, რომელსაც თვეში ერთხელ შემოგთავაზებთ! ამისკენ უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის უდიდესმა სურვილმა გვიბიძგა. სწორედ მას გაუჩნდა იდეა, "კვირის პალიტრას" სოფლის მეურნეობის საკითხებისთვის იმაზე მეტი ყურდღება დაეთმო, ვიდრე უთმობდა. უწმინდესმა გვთხოვა, ადამიანებს მიწასთან შრომის გაიოლებაში დავხმარებოდით, რათა ქართველი დაბრუნებოდა წინაპართა ტრადიციას, კვალში გაჰყოლოდა და ხნულში თესლი ჩაეგდო. მით უფრო, რომ ახლა შემოდგომაა და ხეხილის დარგვა-განახლებისთვის სასურველი პერიოდია, რომელიც ფოთოლცვენის შემდეგ იწყება და მთელი ზამთარი გრძელდება...

პატრიარქმა საქმე გვიკურთხა, გზა დაგვილოცა და წარმატება გვისურვა.

მხარში ამოგვიდგა სოფლის მეურნეობის სამინისტრო. კონსულტაციას სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გელაშვილი გაგვიწევს.

გავერთიანდეთ და ერთად დავძლიოთ პრობლემა - დავუბრუნდეთ მშობლიურ მიწას!