შევარდნაძის "დაკიდული ბაღები", ანუ როგორ გავახაროთ ვარდი - კვირის პალიტრა

შევარდნაძის "დაკიდული ბაღები", ანუ როგორ გავახაროთ ვარდი

ვარდი რომ ყვავილთა დედოფალია, არავინ დავობს. ვარდის გარეშე გაზაფხული, მით უფრო, მაისი არ დგება, ამიტომაც შეარქვეს მაისს ვარდობისთვე. ვარდის მოვლა-გაშენებაზე ბიოლოგი და ცნობილი მებაღე ზურაბ შევარდნაძე დაგვეხმარება.

- ვარდს მზიანი, ნოყიერი, და კარგად დრენაჟირებული ნიადაგი სჭირდება.

ვარდის ბაღისთვის ნიადაგის მომზადება შემოდგომაზე უნდა დაიწყოთ: სავარდე მონაკვეთი 40 სანტიმეტრ სიღრმეზე (ორი ბარის პირზე) გადაიბარება. ღრმად დაბარული ადგილი სარეველებისა და ფესურებისგან უნდა გასუფთავდეს. შემდეგ ნიადაგს  გავაფხვიერებთ, საქონლის ახალ ნაკელს (იმ წლის) შევიტანთ და ზამთარში დავტოვებთ. გაზაფხულისთვის ნაკელი ყინვის, წვიმისა და თოვლის შედეგად უკვე გაფხვიერებული და ნესტით გაჯერებული იქნება. შემდეგ კიდევ ერთხელ გადავბარავთ ისე, რომ ნაკელი მიწაში ჩაიბაროს. თებერვლიდან აპრილამდე იწყება ვარდის დარგვა.

ნიადაგი დაიკვალება, ვარდის მწკრივებსა და ეგზემპლარებს შორის მანძილი 40 სანტიმეტრი უნდა იყოს. ნერგები ჭადრაკულად ირგვება. ვარდის უამრავი ჯიში არსებობს. სელექციონერებს ყოველწლიურად ასობით ახალი ჯიში გამოჰყავთ.  ძირითადი ჯგუფებიდან ცნობილია ჩაის ჰიბრიდები, ფორიბუნდას ჯიშის ვარდები (უფრო დიდი ბუჩქია), კლაიმინგის, ხვიარა ვარდების დიდი ჯგუფი (ღობეებს, ტალავერებს, ფანჩატურებსა და აივნებს ამშვენებს) და მინიატიურული, ანუ ჯუჯა, ძირითადად, საქოთნე ვარდები. ამ ჯიშების შერეულად ერთ ყვავილნარში დარგვა მიზანშეწონილი არ არის.

სჯობს ვარდი ნამყენი და არა კალმით გამრავლებული იყოს, რადგანაც ნამყენი ვარდები ძლიერი და უხვყვავილიანია. ამასთან, ხანგრძლივია ნამყენი ვარდების ყვავილობის პერიოდი და გამოირჩევა მრავალჯერადი ყვავილობით. კალმით გამრავლებული შედარებით სუსტი და არამდგრადია.

- მას შემდეგ, რაც ვარდს კვალში დავრგავთ, რას ვაკეთებთ?

- დარგვიდან თვე-ნახევარი მცენარეს თითქმის არაფერი სჭირდება. გათოხვნა და გაფხვიერება მაშინ არის საჭირო, როდესაც ვარდი ყლორტებს გამოიტანს.

- არც გასხვლა სჭირდება?

- იმ წელს გასხვლა აღარ სჭირდება, რადგანაც გასხლული ირგვება. შემდეგ ვარდის მოვლა იწყება, რაც მნიშვნელოვანი საქმეა. ის მავნებელი დაავადებებისგან - ვარდის ნაცრისა და ვარდის ჟანგასგან უნდა დავიცვათ. ვარდის ნაცრის შემთხვევაში ფოთლები ინაცრება, რაც სხვა ხეხილოვან კულტურებსაც ემართება, მათ შორის, ვაზსაც. ფოთლები თეთრად იფერფლება. მცენარეს  ფოთლის უკან ჟანგისფერი სოკოვანი ლაქები უჩნდება.

ვარდს ბუგრიც უჩნდება, რაც ყლორტებსა და კვირტებს ანადგურებს, - ისინი პატარა მწერები არიან, რომლებიც მცენარეს წყალს სწოვენ. ამის გამო ვარდს ყვავილი უხარისხო უხდება.  არსებობს კიდევ ერთი მავნებელი - ვარდის ხვატარი, რომელიც კოკორში იბუდებს, იქიდან გულში ჩადის და ღეროს ხვრეტს. ხვატარის წინააღმდეგ ქიმიური საშუალება არსებობს, მას მექანიკური მეთოდით ებრძვიან, - იმ ტოტს მანამდე ჭრიან, სანამ გულში ჩასულ მავნებელს იპოვიან.

სასურველია, დარგვიდან 10 დღის შემდეგ ღეროები სპილენძის ქლორჟანგით დამუშავდეს ან შაბიამნის სუსტი, 2-პროცენტიანი ხსნარი შევასხუროთ. სპილენძის ქლორჟანგით დამუშავება კვირტებისა და ფოთლების გაშლამდე შეიძლება, უკვე გაშლილ კვირტებზე კი წელიწადში 5-8-ჯერ ვასხურებთ კომბინირებულ ქიმიურ  ხსნარს.

- ხშირად უნდა მოვრწყათ ვარდი?

- ვარდი წყლის მოყვარული მცენარეა, ოღონდ ნიადაგი ზედმეტად სველი არ უნდა იყოს, რათა ვარდი არ ჩაგვილპეს. ვარდი  ასევე ვერ იტანს ფოთლების დასველებას, ამიტომ  მორწყვისას უნდა ვეცადოთ, მხოლოდ ფესვები დავუპკუროთ. დასველებული ფოთლები დაავადებების დასაბამია. ნაცარი სწორედ ნესტიან ფოთოლზე ჩნდება.

დარგვიდან იმ წელს მეტი არაფერი სჭირდება, მაგრამ ვისაც უკვე აქვს ვარდი და მისი გაახლება სურს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ყვავილობის ხანგრძლივობა და ყვავილის რაოდენობა (80%) გასხვლაზეა დამოკიდებული. გასხვლა მეტად მნიშვნელოვანია და ამ კულტურის მოყვანაში დიდ როლს თამაშობს. მთავარია, თებერვალსა და მარტში გაისხლას, ანუ მანამ, სანამ კვირტები დაიბერება... შემოდგომაზე ვარდს სანიტარიულ გასხვლას ვუტარებთ, ბუჩქებს ვასწორებთ, - ბუჩქს შუა წელზე გავსხლავთ, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, ხოლო კაპიტალურ გასხვლას, როგორც აღვნიშნე, გაზაფხულზე, ყინვის დამთავრებისთანავე ვატარებთ.

- რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვარდმა არა ერთჯერადად, არამედ მთელი წლის განმავლობაში იყვავილოს?

- ეს ვარდის ჯიშზეა დამოკიდებული. მაგალითად, ზოგიერთი ჯიში გაზაფხულიდან თოვლის მოსვლამდე ყვავის. არსებობს ჯიშები, რომლებიც მხოლოდ მაისში ყვავიან, მათ რიცხვს ხვიარა ვარდებიც მიეკუთვნება.  ვარდები, ძირითადად, მაისში ყვავიან.

ლალი ფაცია