გავწევრდეთ თუ არა კოოპერატივში
07-10-2013
გავწევრდეთ თუ არა კოოპერატივში
"ეს ყველაფერი გლეხისთვის კეთდება"

"არც მიწა უნდა მოცდეს და არც - გლეხი"


საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავა პროექტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე აღნიშნავს, რომ ამ კანონით გლეხი საკუთარ გლეხურ (საოჯახო) მეურნეობას კოოპერირების გზით უკეთ განავითარებს.

- ვისაც სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით მუშაობა სურს და კოოპერატივის სტატუსის მიღება უნდა, ვალდებულია, რეესტრში წარადგინოს სათანადო დოკუმენტაცია... მას შემდეგ, რაც კოოპერატივის
შექმნის მსურველი პირები საჯარო რეესტრში დააფუძნებენ კოოპერატივს და სურვილი ექნებათ მიიღონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, უნდა მიმართონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, რომელიც განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ კოოპერატივის სტატუსს მიანიჭებს. კოოპერატივზე გავრცელდება  კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები, ამასთან კოოპერატივის წევრები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს მოთხოვნისთანავე
წარუდგინონ ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ. შეღავათებში იგულისხმება გრანტის მიღების შესაძლებლობაც.

- რა გრანტის მიღებაზეა ლაპარაკი?
- მიღებული გრანტის ფარგლებში, მოგების გადასახადით, არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი.  ვთქვათ, მიიღო 100 ლარი, ბოლომდე მოიხმარს იმ 100 ლარს. გარდა ამისა, კოოპერატივს მიეცემა შესაძლებლობა შესაბამის სახელმწიფო პროგრამებშიც მიიღოს მონაწილეობას, რომელიც 
მისი ტექნიკით უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას გულისხმობს, ასევე ჩაუტარდებათ ტრენინგები, სემინარები და სხვა. ეს ყველაფერი გლეხისთვის კეთდება.  მაგალითად, გლეხს საკუთრებაში აქვს 0,25 ჰა მიწის ფართობი, რომელზეც შესაბამისი აგრო-ტექნიკური ღონისძიებები ძვირი უჯდება... კოოპერატივში სხვებთან ერთად გაწევრების შემდეგ ეს ღონისძიებები გაცილებით იაფი დაუჯდება, რადგან, კოოპერატივის საკუთრებაში ან და სარგებლობაში არსებული პირობითად 10 ჰექტრის დამუშავებისათვის საჭირო მომსახურებისა და სასუქის/პესტიციდების გამოყენებისთვის დასჭირდება საბითუმო ფასების გადახდა და არა საცალო ფასების, რაც გაცილებით ნაკლები დაუჯდება.

- რამდენ კაცს შეეძლება გაწევრება?
- მაღალმთიან რეგიონებში კოოპერატივი მინიმუმ 3 წევრისგან უნდა შეიქმნას, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე  - 5 წევრისგან. მთაში ხალხის ნაკლებობაა და 3 წევრით ამიტომ განისაზღვრა.
კოოპერატივი ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და მისი ერთი წევრი ერთ ხმას ნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ ზოგს შეიძლება მეტი პაი (წილი) ჰქონდეს კოოპერატივში. გადაწყვეტილების მიღების დროს ყველა წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს. თავის მხრივ, სააგენტოს უფლება აქვს, კოოპერატივისგან მოითხოვოს, მაგალითად, გაისად, თავის მიწაზე რის დათესვას აპირებს, მიიღოს ინფორმაცია - რა ეტაპზეა სამუშაოები, რამდენი მოსავალი მიიღო, რამდენის რეალიზაციის საშუალება აქვს. ამ ინფორმაციის საფუძველზე სააგენტო იზრუნებს, მიღებული პროდუქციის რეალიზებაში კოოპერატივს დაეხმაროს. მთავარი მიზანიც ხომ ეს არის!

- კოოპერატივი გლეხებს კოლმეურნეობასთან ხომ არ გაუჩენს ასოციაციას?

საბჭოთა კავშირის დროს კოლმეურნეობის წევრი უნდა ყოფილიყო ყველა გლეხი, რომლებიც კოლმეურნეობაში თუ არ გაწევრდებოდნენ, ვერაფერს მიიღებდნენ იმიტომ, რომ საკუთრებაში არაფერი ჰქონდათ და, შესაბამისად, თავს ვერ ირჩენდნენ. კოლმეურნეობაში გლეხს არავინ არაფერს ეკითხებოდა. ყველაფერს თავმჯდომარე წყვეტდა. იყო გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო. ახლა გლეხს არავინ აიძულებს კოოპერატივში გაერთიანებას. ამასთან, მის თითოეულ წევრს თანაბარი უფლებები აქვს. 

- დღეს გლეხი მზადაა ამ სიახლის ასათვისებლად?
- გამრჯე გლეხი ამისთვის მზად არის. სააგენტოს წარმომადგენლები გლეხებთან პირადად მივლენ და ყველაფერს აუხსნიან.

დღეს მსოფლიოში, სადაც კი სოფლის მეურნეობით არის ხალხი დასაქმებული, 90% კოოპერატივის წევრია. 
zviadi
08 ოქტომბერი 2013 01:31
კი მაგრამ, ძველად როგორ შრომობდა ქართველი კაცი როცა არ კოლმეურნეობაში იყო და არც კოოპერატივში? იქნება გავიხსენოთ მაშინ როგორ იყო აწყობილი ეს ამბავი.
აპოლონო
07 ოქტომბერი 2013 17:09
ძალიან კარგია იდეის დონეზე, როგორც იდეა კოლექტივიზაციის, არც კომუნიზმის იდეა არ იყო ცუდი, მაგრამ მშენებელს რომ პურის ცხობას დაავალებენ, ხოლო მზარეულს მშენებლობას, კოოპერატივების სააგენტოს ხელმძღვანელად კოსმონავტს დანიშნავენ(მიშელაძესთვის სოფლის მეურნეობა კოსმოსზე შორსაა), ხოლო სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს კონსულტანტადაც არ მიიღებენ ამ სსიპ-ში ის სააგენტო კოლექტივიზაციის ბედს გაიზიარებს მაგრამ არა 70 წლის შემდეგ 70 კვირასაც ვერ იმუშავებს! სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები დავიჯეროთ გაწყდა საქართველოში, თუ მათ ნათესავები არ ყავთ მთავრობაში და პარლამენტში რომ დანიშნონ და საქმეს ეშველოს?
აპოლონო
07 ოქტომბერი 2013 17:08
ძალიან კარგია იდეის დონეზე, როგორც იდეა კოლექტივიზაციის, არც კომუნიზმის იდეა არ იყო ცუდი, მაგრამ მშენებელს რომ პურის ცხობას დაავალებენ, ხოლო მზარეულს მშენებლობას, კოოპერატივების სააგენტოს ხელმძღვანელად კოსმონავტს დანიშნავენ(მიშელაძესთვის სოფლის მეურნეობა კოსმოსზე შორსაა), ხოლო სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს კონსულტანტადაც არ მიიღებენ ამ სსიპ-ში ის სააგენტო კოლექტივიზაციის ბედს გაიზიარებს მაგრამ არა 70 წლის შემდეგ 70 კვირასაც ვერ იმუშავებს! სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები დავიჯეროთ გაწყდა საქართველოში, თუ მათ ნათესავები არ ყავთ მთავრობაში და პარლამენტში რომ დანიშნონ და საქმეს ეშველოს?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა