როგორ დავიცვათ საქონელი დაავადებებისგან?
07-10-2013
როგორ დავიცვათ საქონელი დაავადებებისგან?
"ყოფილა შემთხვევა, ეზოში ჯილეხიანი საქონელი დაუკლავთ და იმ ადგილიდან ოჯახიც კი აყრილა"

ჯილეხის ბაცილა მიწაში 100 წელზე მეტხანს ძლებს


"ვეტერინარები, შეიძლება ითქვას, მეხანძრეები ვართ. იქ, სადაც ხანძარი ჩნდება, უნდა ჩავაქროთ, მაგრამ ცეცხლმა რომ არ იფეთქოს, მისი პრევენციაც გვევალება", - როგორ დავიცვათ შინაური ცხოველები დაავადებებისგან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტექიმი მიხეილ სოხაძე გვესაუბრება.

- როგორ მოვიქცეთ, შინაურ ცხოველებს ცოფი რომ არ შეეყაროს?
- ცოფის მატარებლები
უმთავრესად ხორცის მჭამელი გარეული ცხოველები არიან. მენახირის უმეთვალყურეოდ გაშვებული საქონელი ტყეშიც შედის, სადაც შეიძლება ნებისმიერმა ცხოველმა გაკაწროს ან უკბინოს. ცოფი გარეული ცხოველებიდან ძაღლსა და კატაშიც ხვდება და გადადის ადამიანზეც. სექტემბერში ავცერით ყველა ძაღლი და კატა, რომელიც ჩვენთან მოჰყავდათ, დაავადების გამავრცელებლები სწორედ ისინი არიან. ცოფის აცრა
უფასოა. თუმცა,  სოფელში იშვიათად ნახავთ აცრილ ძაღლს.

- ცოფზე წელიწადში რამდენჯერ უნდა აიცრას ცხოველი?
- ცოფზე წელიწადში ერთხელ, ხოლო ჯილეხზე, იქ, სადაც კერებია, ორჯერ. ჯილეხის ვაქცინა 20 თეთრი ღირს.  საქონელს აცრამდე დეჰელმინთიზაცია (ჭიების საწინააღმდეგოდ) უნდა გაუკეთდეს, რადგანაც ჭიები სხვადასხვა ტოქსინს გამოიმუშავებენ, რომელიც ხელს უშლის ვაქცინის მოქმედებას. ექტოპარაზიტების (კანის გარე პარაზიტები), შემთხვევაში კი ერთი ნემსია საკმარისი. ამის შემდეგ საქონელი მთელი წელი დაცულია. 

- რატომ უნდა აიცრას საქონელი ჯილეხზე?

- ჯილეხი საშიში დაავადება. ის ხშირად ადამიანის სიკვდილს იწვევს. არსებობს კანისა და ნაწლავური ფორმა. კანის ფორმა იკურნება, ნაწლავის ფორმა უმეტესად სიკვდილით მთავრდება. ყოფილა შემთხვევა, ეზოში ჯილეხიანი საქონელი დაუკლავთ და იმ ადგილიდან ოჯახი აყრილა - ჯილეხის ბაცილა მიწაში 100 წელზე მეტხანს ძლებს, კაფსულას იკეთებს და თავს კარგად გრძნობს. ამიტომ ბავშვების მიწაში თამაში სარისკოა. ქართლის ერთ-ერთ სოფელში, ჯილეხით დაავადებული ოჯახის წევრი საავადმყოფოში აღმოჩნდა. როდესაც ვაქცინაცია ჩატარდა, ოჯახმა საქონელი დამალა - ვერ მიხვდნენ, რომ სიკვდილს ეთამაშებოდნენ; მალევე ოჯახის სხვა წევრიც ისევ ჯილეხით დაავადდა... ჯილეხი უსაშინელესი სპოროვანი დაავადებაა, რომელიც პირუტყვს ბალახიდან გადაედება. ამიტომ პრობლემაა დაბინძურებული საძოვრები...

- დღეს პრობლემაა, რომ სოფლებსა და რაიონებში ვეტექიმები არ არიან...
- სწორედ ამიტომ 3-თვიანი კონტრაქტით სამუშაოდ აგვყავს ვეტერინარები, გაისიდან კი მთელი წლით ავიყვანთ. ისინი სოფელ-სოფელ ივლიან და პრობლემებს ნელ-ნელა მოაგვარებენ (ასე ვაპირებთ მუშაობას კერძო ვეტერინარული სტრუქტურის ჩამოყალიბებამდე, რომელიც გლეხს სერვისს თვითონ შესთავაზებს). ვეტერინარი გააფრთხილებს მოსახლეობას, თუ როდის უნდა მოიყვანოს საქონელი შესამოწმებლად. გლეხები პირუტყვს თუ მოუვლიან, დაავადებებისგან დაიცავენ და მათ პროდუქტიულობასაც გაზრდიან. ჯანმრთელი საქონელი მეტ და ხარისხიან რძეს მოიწველის.

- როგორც ქვეყნის მთავარი ვეტექიმი, რას გვეტყვით, სად ვიყიდოთ ხორცი?

- ერთი თვის წინ ღამის ორ საათზე დამირეკეს და მითხრეს, - დეზერტირის ბაზარში ჯილეხი დაფიქსირდაო. ბრძანება ისე გავეცი, არც კი დავფიქრებულვარ, - დახურეთ ბაზარი-მეთქი! ეს ამბავი სასწრაფოდ შევატყობინე სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

- ბაზრის ლაბორატორიას გამოეპარა?
- პროდუქტი არა სასაკლაოდან, არამედ კერძო პირისგან მიიღეს, რომელმაც მკვდარი საქონლის ხორცი გაყიდა...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით