შემოდგომის ნობათი - კვირის პალიტრა

შემოდგომის ნობათი

მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლით წელიწადის ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარულითა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს - სიმძიმით ტოტებდახუნძლულ ბაღს, რომელსაც დროულად სჭირდება მოკრეფა-დაბინავება. ეს კი არც ისე ადვილი საქმეა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ხეხილის ჯიშების მიხედვით ნაყოფის სიმწიფის ხარისხიც - ნაადრევად მოკრეფილი ვაშლი ცუდად ინახება და არც არომატი აქვს; არც დაგვიანებით მოკრეფილი ვარგა, გადამწიფებული ხილი კარტოფილივით ფხვიერი ხდება.

ხილის კრეფისას შეეცადეთ, ნაყოფი არ დააზიანოთ, დაჟეჟილი და დაზიანებული შესანახად არ გამოგადგებათ, თუმცა წვენის, მურაბის, ჯემის გასაკეთებლად ყველანაირი ხილი ივარგებს.

სექტემბერში უკვე დაიკრიფა საშემოდგომო ჯიშის ვაშლი: როზმარინ ფენიქსი, ყვითელი კეთილშობილი, აპორტი, ლაგოდეხის რენეტი და სხვ. ასევე შავი მსხალი, კეიფერის თესლნერგი, შემოდგომის ხეჭეჭური, ბერე-ჰარდი, საშემოდგომო დეჰანი,  მიკადო,  ტყის ლამაზურა და სხვ.

დაიკრიფა რქაწითელი (სექტემბრის შუა რიცხვებში), კახური მწვანე, წულუკიძის თეთრა (სექტემბრის ბოლოს), ალექსანდროული (სექტემბრის მეორე ნახევარში), უსახელოური (სექტემბრის ბოლოს).

ბაღჩა-ბოსტანში აუცილებელია მცენარეთა გამოხშირვა, ნიადაგის გაფხვიერება, დამატებითი გამოკვება, დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა, მორწყვა.

ღია გრუნტში ითესება: წიწმატი, ქინძი, კამა, სალათა, თვის ბოლოკი, ხახვი, ნიორი, ისპანახი. საჩითილედ ითესება: ყვავილოვანი და თეთრთავიანი კომბოსტო.

მოსავლის აღების შემდეგ, როცა ყველაფერს დააბინავებთ, ნაკვეთი გადაბარეთ. თუ სამი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, სასურველია, ყოველ 10 კვმ-ზე 40-60 კგ ნაკელის შეტანა. ყინვების დაწყებამდე გადაბარვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ყინვა ბელტებს შლის და ნიადაგს აფხვიერებს. გამხმარი და დაავადებული ხეები ძირიანად ამოძირკვეთ და ნაკვეთიდან გაიტანეთ. ხის ამოსაღებად, ძირიდან 60-100 სმ-ის დაშორებით, ირგვლივ მოთხარეთ და ყველა ფესვი გადაჭერით. როგორც კი ხეს გვერდზე გადახრით, მისი მოთხრა ადვილია.

სექტემბერში იბერტყება კაკალი; თხლად გაშალეთ მშრალ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება და დაცულია მღრღნელებისაგან. მსხვილი, მაღალხარისხოვანი კაკალი გადაარჩიეთ და შეინახეთ სათესლედ. ითესება ადრე გაზაფხულზე.