კითხვა-პასუხი - კვირის პალიტრა

კითხვა-პასუხი

კითხვებს პასუხობსსწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიტოთერაპევტი ნიკოლოზ იოსებიძე

პატარა ბაღში ხეხილის რამდენიმე ძირი მაქვს დარგული. ატმის ხემ წელს, შარშანდელთან შედარებით, ნაკლები დაისხა. რატომ?

ვასილ ბუაჩიძე, თბილისი

- აუცილებელია ატმის ხის ყოველწლიური გასხვლა, ტოტებისა და ნაზარდების დამოკლება. კარგია, თუ გაზაფხულ-ზაფხულში გამოტანილ უსარგებლო ყლორტებს მოაცილებთ. ატმის ხემ დიდხანს რომ იხაროს, საჭიროა ცენტრალური ტოტისა და ვარჯამდე ნაწილის 80 სმ-მდე დამოკლება პირველ გასხვლაზე. ასევე ისხვლება დარგვის წინაც. ატმის ხე სიმაღლეში არ უნდა გავუშვათ. ამიტომ ვაცილებთ ცენტრალურ ტოტს, დანარჩენ ტოტებს  სანაყოფეს სამამულეზე (სანაყოფე - გრძლად, სამამულე - მოკლედ) ვსხლავთ. ძირითადი სხვლა გაზაფხულზე მიმდინარეობს. ზედმეტი ყლორტებისა და ხმელი ტოტების მოცილება კი ნებისმიერ დროს შეიძლება.

შარშან ეზოში სასინჯად რამდენიმე ძირი მარწყვი ხეების ძირში დავრგე, მაგრამ არ გაიხარა. იქნებ მირჩიოთ, რა ადგილას გავაშენო მარწყვი?

ნანული კაპანაძე, იმერეთი

- მარწყვის გასაშენებლად ადგილის შერჩევისას, რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო: ნიადაგის ტიპი და ნაყოფიერება, დრენაჟი, ქარისგან დაცვა, მზის სინათლე, წყალი.

მარწყვი ხეების ძირში არ უნდა დაირგას. დარგვის წინ ნიადაგში ორგანული სასუქი უნდა შევიტანოთ. მოერიდეთ ნიადაგს, სადაც  კულტურები (კარტოფილი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი) ან მარწყვი იყო გაშენებული. ის შეიძლება შეიცავდეს მარწყვის დამაავადებელ ორგანიზმს. აღნიშნული კულტურა კვირაში ერთხელ უნდა მოირწყას, თუ ადგილი ტენიანია, მაშინ ორ კვირაში ერთხელ.

იქნებ მითხრათ, როდის უნდა მოიკრიფოს ტყის ნობათი - ასკილი და კუნელი?

ქეთი გუგუტიშვილი, საგურამო

- ასკილი და კუნელი სექტემბერ-ოქტომბერში იკრიფება. გაითვალისწინეთ, რომ ასკილი არ უნდა გადამწიფდეს - როგორც კი გაწითლდება, მაშინვე უნდა დაიკრიფოს, რომ ჩიტებმა არ აკენკონ. მოკლედ, დაზამთრებამდე, სანამ მოყინავს, მოასწარით ასკილისა და კუნელის მოკრეფა.

ჩემს დარგულ პომიდორს წელს მახრა შეესია. გაისადაც იგივე რომ არ განმეორდეს, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე.

თინა ყველაშვილი, მცხეთა

- მახრა თითქმის ყველგან არის გავრცელებული. განსაკუთრებით, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებში. მახრა აზიანებს მცენარეთა ფესვებს, ანადგურებს თესლსა და ფესვის ყელთან ჭრის ღეროს. მას ძირითადად ქიმიური საშუალებებით უნდა ვებრძოლოთ, რომელიც მცენარეთა კავშირში იყიდება.

ძალიან მიჭირს საზამთროდ ხილის შენახვა, მიფუჭდება. სად და როგორ შევინახო ჩემი მოწეული ხილი (ვაშლი, ყურძენი) ისე, რომ არ ვიზარალო?

ეთერ ჩოხელი, დუშეთი

ხილი მოკრეფის დღესვე უნდა დაახარისხოთ, საღი ნაყოფი ზომის მიხედვით გადაარჩიოთ და ფრთხილად ჩაალაგოთ 4%-იანი სოდით გარეცხილ ყუთებში ან დაალაგოთ თაროებზე ერთ ფენად.

ვაშლი დაალაგეთ ყუნწით ქვემოთ, მსხალი - პირიქით. საწყობში ჰაერი რომ არ გამოშრეს, ტაშტით დადგით წყალი. ტენიან სარდაფში პირიქით - დგამენ ჩამქრალი კირით ან ხახვით სავსე ყუთს, რომ ზედმეტი ტენი შეიწოვოს.

იქ, სადაც ხილი დააბინავეთ, არ შეიძლება მძაფრსუნიანი პროდუქტის ან ქიმიური საშუალებების (ბენზინი, ნავთი და ა.შ.) შენახვა. ხილის შენახვა შეიძლება გადახურულ აივნებზეც, ოღონდ სათითაოდ შეახვიეთ ქაღალდში და ისე ჩააწყვეთ ყუთებში, ყინვის დროს კი ყუთებიც შეფუთეთ.

ყურძნის შესანახ სათავსში ტემპერატურა  5-60C უნდა იყოს, ტენიანობა - 80%. უმჯობესია, თუ ერთ ფენა მტევნებს ზემოდან ნახერხს მოაყრით, შემდეგ ისევ მტევნებს დააწყობთ და ა.შ.