ცხოველთა ფერმა, ანუ "5-ვარსკვლავიანი ნომრები" პირუტყვს! - კვირის პალიტრა

ცხოველთა ფერმა, ანუ "5-ვარსკვლავიანი ნომრები" პირუტყვს!

როგორ ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი

როგორ ვაწარმოოთ ბიოპროდუქტები, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ ქეთევან ლაფერაშვილს ვესაუბრეთ:

- ბიომეურნეობა იგივეა, რაც ეკოლოგიური და ორგანული მეურნეობა. ეს ფერმერული მეურნეობის მართვის ისეთი ფორმაა, როცა უარს ვამბობთ ხელოვნურ სასუქსა და შხამქიმიკატებზე. ასევე უარს ვამბობთ მემცენარეობასა და მეცხოველეობაში ზრდის სტიმულატორებსა და ჰორმონებზე...

- მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით "ბიოწარმოების წესები" დამტკიცდა. ვინ ისარგებლებს ამ წესებით?

- შემუშავებული წესების გათვალისწინება სავალდებულოა ყველა იმ ფერმერისა თუ სურსათის მწარმოებლისთვის, ვისაც წარმოებული პროდუქტის ბაზარზე გატანა სურს. ამისათვის უნდა დააკმაყოფილოს ამ წესებით დადგენილი მოთხოვნები და ამასთან, უზრუნველყოს პროდუქციის სერტიფიცირება.

- რა მოთხოვნებია "ბიომეცხოველეობის" პროდუქტებთან დაკავშირებით?

- დაუშვებელია ერთსა და იმავე საწარმოში ბიოლოგიური და არაბიოლოგიური მეთოდებით ერთი და იმავე ცხოველის მოშენება. ცხოველს უნდა ჰქონდეს დაბინავებისა და ძოვების ისეთი პირობები, რომელიც მის ბუნებრივ, ქცევით და ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს - ცხოველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუფთა წყლით, ჰაერითა და ბუნებრივი განათებით. დაცული უნდა იყოს წვიმის, ქარის, ტენის, მტვრის, ტოქსიკური აირების, დაავადებებისა და პარაზიტებისაგან. ამასთან სადგომში უნდა იყოს შესაბამისი ტემპერატურა. პირუტყვს უნდა ჰქონდეს შესატყვისი დასასვენებელი და სამოძრაო სივრცე, დაცული უნდა იყოს ტრავმებისგან...

დადგენილებით განსაზღვრულია ცხოველთა დაბინავებისთვის სადგომების ფართობი, სადაც პირუტყვი მშრალ გარემოში უნდა იმყოფებოდეს. სადგომის იატაკი ნამჯით, ნახერხით, თივით, ქვიშით, ტორფით ან სხვა სახის ბუნებრივი მასალებით უნდა იყოს მოფენილი. ასევე უნდა არსებობდეს ადგილი ცხოველის ჰიგიენისა და გამრავლებისთვის. პირუტყვი უნდა იკვებებოდეს ბიოსაკვებით, რომელიც იმავე რეგიონის ბიომეურნეობაში მზადდება.

პირუტყვი უნდა გაერთიანდეს ჯგუფებში (ჯოგი, ფარა), გარდა ღორებისა, რომლებიც იზოლირებული უნდა იყვნენ მაკეობის ბოლო ეტაპზე და ძუძუს წოვების პერიოდში. ახალშობილი ძუძუმწოვრები უმჯობესია იკვებებოდნენ დედის რძით, სულ მცირე: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 3 თვე; წვრილფეხა პირუტყვი - 1,5 თვე; გოჭი - 40 დღე.

- როგორ ხდება ბიოპროდუქტის ეტიკეტირება?

- საკვები მიჩნეული იქნება ბიოპროდუქტად თუ ეტიკეტზე, რეკლამასა და კომერციულ დოკუმენტში, აღნიშნულია ტერმინები: "ბიოლოგიური", "ორგანული", "ეკოლოგიური", "ეკოლოგიურად სუფთა", "ბიო", "ეკო", მსგავს სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, აბრევიატურა, სიმბოლო, სავაჭრო ნიშანი ან ლოგო. ასეთი აღნიშვნა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პროდუქციის წარმოება დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ხდება და ამ შესაბამისობას სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს. ეტიკეტსა და თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო.