კითხვა-პასუხი
04-11-2013
კითხვა-პასუხი
კითხვებს უპასუხებს სწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიტოთერაპევტი ნიკოლოზ იოსებიძე

როგორ ვებრძოლო კოლორადოს ხოჭოს, რომელმაც პომიდორი დამიზიანა?
ეთერ საბაშვილი, სიღნაღი


- კოლორადოს ხოჭო აზიანებს როგორც პომიდორს, ასევე კარტოფილს, საქართველოს ბარში ზოგადად ხოჭოს სამი სახეობაა გავრცელებული. მავნებლები სწრაფად მრავლდებიან და მცენარის ფოთლებს ანადგურებენ. მას ძირითადად ქიმიური საშუალებებით უნდა ვებრძოლოთ, რომელიც მემამულეთა კავშირში იყიდება.

წელს გარგარის დიდი მოსავალი ვერ მივიღე. ამასთან, ნაყოფს ყავისფერი ლაქებიც გაუჩნდა. როგორ ვუშველო?

დოდო აბრამიშვილი,
ცხვარიჭამია


- თუ
ჭერამს ან გარგარის ნაყოფს ლაქები გაუჩნდა, ეს კურკოვანთა საშიში დაავადებაა. ლაქები არა მარტო ნაყოფზე, ფოთლებზეც ვრცელდება. ეს დაავადება მცენარეს ასუსტებს და მოსავლიანობას ამცირებს. ხეს პროფილაქტიკისთვის შეაჭერით დაზიანებული ტოტები, ყლორტები. ნაყოფი უნდა შეიწამლოს 3%-იანი ბორდოს ხსნარით, ვეგეტაციის პერიოდში კი, 1%-იანი ბორდოს ხსნარით 10-12 დღეში ერთხელ.

ვცხოვრობ
თბილისში. მაქვს საკუთარი ეზო, სადაც ბროწეულის ხე მიდგას, რომელიც დიდ მოსავალს მაძლევს, მაგრამ ვერ ვახერხებ მოსავლის ისე შენახვას, რომ არ გამიფუჭდეს. როგორ შევინახოთ საზამთროდ ბროწეული?
იზოლდა ჭიჭინაძე, თბილისი


- ბროწეული დროულად, ოქტომბრის შუა რიცხვებში უნდა მოიკრიფოს. ნაყოფი, რომლის შენახვასაც საზამთროდ ვაპირებთ, აბსოლუტურად საღი უნდა იყოს და არა დაზიანებული, დამსკდარი. ის კარგად გამომშრალ საშრობში ინახება.
კარგი იქნება, თუ ბროწეულის გვირგვინში, სანამ კანი გახმება და გაქვავდება, თიხის ხსნარს (არაჟნის სისქის) ჩავასხამთ. ბროწეული კარგად ინახება 1-20-ზე ძირითადად 2-დან 6 თვემდე. შენახვის ვადა მის ჯიშზეა დამოკიდებული.
ბროწეულის შენახვა ასეც შეგიძლიათ: გამოწურეთ ბროწეული და საზამთროდ შეინახეთ. ან დამარცვლეთ, ნაყოფს დააყარეთ შაქარი - ბადაგივით ხდება და მშვენივრად ინახება.


30 წლის წინ, ჩემი ხელით კაკლის ხეები დავრგე, რომელიც წლების განმავლობაში მახარებდა მოსავლით. წელს ერთ-ერთი კაკლის ხე, როგორც ჩანს, დაავადდა: ნაყოფი დამწიფდა, მაგრამ ორ კვირაში ჩამოცვივდა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ მოვიქცე?
ბონდო მურჯიკნელი, ხაშური


- კაკლის დაავადებებსა და მავნებლებს გვიან შემოდგომით და ზამთარშიც უნდა ვებრძოლოთ.
გამხმარი ხეები უნდა ამოიძირკვოს და დაიწვას, უნდა გაიწმინდოს დაზიანებული ქერქისა და გამხმარი, დაზიანებული ტოტებისგან. მთავარ ტოტებს უნდა მოსცილდეს დამსკდარი ქერქი, ხავსი და ლიქნი, მოშორებული ნაწილი კი დაიწვას. შემდეგ ბზარები და ფულერები ცემენტით უნდა ამოივსოს. მექანიკურად დაზიანებულ ადგილებს ზეთის საღებავი უნდა წაესვას. ჩამოცვენილი ნაყოფი და ფოთლები უნდა შეგროვდეს და დაიწვას, ნაცარი კი ორმოში ჩაიმარხოს. მავნებლის ზამთრის ბუდეებიც უნდა განადგურდეს. ნიადაგი გვიან შემოდგომით ღრმად უნდა დამუშავდეს. ხავსითა და ლიქნით დაფარულ ხეებს 5%-იანი შაბიამნის ხსნარი უნდა შევასხუროთ.

ადრე გაზაფხულზე, კვირტების დასკდომამდე, საჭიროა, ნიადაგში მცხოვრები მავნებლების წინააღმდეგ სანერგეებსა და პლანტაციებში შესაბამისი ქიმიური საშუალებების შეტანა, მინიმალური სატყუარის გამოყენება მახრასა და მავთულა ჭიის წინააღმდეგ. გაზაფხულ-ზაფხულში იმ ადგილებში, სადაც გავრცელებულია ვაშლისნაყოფიჭამია, მატლის გამოჩეკისას, მაისის მეორე ნახევარსა და ივნისის მეორე ნახევარში 2-ჯერ უნდა მოირწყას.

ქაცვის ნერგი მაჩუქეს. დავრგე, მაგრამ ვერ იხარა - გახმა. იქნებ მირჩიოთ, სად შევიძინო ქაცვის ნერგი?
ლეილა ცირეკიძე, ქარელი


- ქაცვის ბუჩქები ივრის პირებზე უამრავია, ასევე ხევშიც. სწორედ ახლაა მისი დარგვის დრო. ქაცვმა რომ ნაყოფი დაისხას, მდედრობითი სქესისა უნდა იყოს. ამის დადგენა კი სწორედ ახლაა შესაძლებელი, რადგაც მისი ნაყოფი ახლა იკრიფება.
გივი
16 დეკემბერი 2013 16:30
ბატონო ნიკოლოზ,ჩემთვის ფრიად სასიამოვნო იყო თქვენი სტატიების აღმოჩენა "კვირის პალიტრაში". განსაკუთრებით საყურადღებოა თქვენი მოსაზრებები, რამდენადაც გიცნობდით როგორც ერთერთ საუკეთესო სპეციალისტს, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ აქვს შემოვლილი და შესწავლილი საქართველოს მცენარეული საფარი (ა/კავკასიის ტყეპროექტში მუშაობის დროს).

პატივისცემით, გივი კვირიკაშვილი
ესპანეთი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა