ფუტკარი რომ არ გაგვინაწყენდეს... - კვირის პალიტრა

ფუტკარი რომ არ გაგვინაწყენდეს...

მეფუტკრე ღვთის საქმეს ემსახურება, რადგანაც ფუტკარი ყველა იმ პროდუქტს იძლევა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საჭიროა. ფუტკარი ეკოსისტემის ერთ-ერთი ძირითადი ბინადარია და მის მდგრადობას განაპირობებს. ის რომ ბუნებიდან გამოვრიცხოთ, დაიწყება სამყაროს ბალანსის რღვევა - წყლისმიერი, ქარისმიერი ეროზიები, ნიადაგების ჩამორეცხვა... ამასთან, ფუტკარი ერთადერთი მწერია, რომელიც მცენარეს ჯვარედინად ამტვერიანებს. განაყოფიერება კი თუ დამტვერვის გზით არ მოხდა, ცხადია, თესლიც ვეღარ ჩავარდება ნიადაგში და ბუნებრივი საფარი გაღარიბდება, ანუ საშიშროება თვითონ დედამიწიდან დაგვემუქრება. ამიტომ მეფუტკრე სამყაროს მსახურია.

როლანდ ზირაქიშვილმა მეფუტკრეობას 40 წლის წინ მიჰყო ხელი, მერე ეს საქმიანობა მის ბიზნესად იქცა. დღეს ბატონი როლანდი მეფუტკრეობაზე გვესაუბრა და რჩევებსაც  გვაძლევს.

- როგორ თაფლს უწოდებენ საუკეთესოს?

- ცაცხვის თაფლი ყველაზე ძვირად ღირებული და მაღალხარისხიანია, მას ინტენსიურად იყენებენ. ცაცხვის ხე 25 წლიდან იწყებს ყვავილობას და პროდუქტს 50 წლის შემდეგ იძლევა. არანაკლებ ღირებულია აკაციის თაფლი, ის ბევრად მეტია ბუნებაში. აკაცია 13 წლიდან ყვავილობს. ზოგადად, ყველანაირი თაფლი სამკურნალოა. წაბლის თაფლი დღეს ყველაზე მოთხოვნადია და უცხოეთშიც გადის.

- როგორ შევინახოთ თაფლი?

- თაფლი ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში უნდა შევინახოთ. თუ მას თავღია გავაჩერებთ, ჰაერიდან წყალს აიღებს და გაფუჭდება. ის ადვილად ითვისებს წყალს და თხელდება, წარმოიქმნება დუღილის ბაქტერიებიც, რაც ასევე აზიანებს პროდუქტს. თაფლი არ უნდა დავდგათ ფანჯრის რაფაზე, სადაც მზეა - მისი ხარისხი მკვეთრად მცირდება. თაფლი ბნელ, გრილ ადგილზე ინახება.

- რას ურჩევთ მათ, ვისაც სურს, რომ მეფუტკრეობას მიჰყვეს?

- ამ საქმიანობის დაწყება არ არის რთული. ამისთვის ჩვენმა საწარმომ იზრუნა და გვაქვს თვენახევრიანი სასწავლო კურსები, სადაც როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებთ. მეტიც, ამ სწავლების შემდეგ ხალხს საფუტკრეებშიც დავასაქმებთ, სადაც საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. მეფუტკრეს შეუძლია ამავე საწარმოში შეიძინოს ფუტკარი, აქციები. მისი ფუტკარი დაცული იქნება ისე, რომ გარანტირებული შემოსავალი მიიღოს. ამავე დროს, შეუძლია, ხელფასის ნაწილი ჩადოს აქციებში და ავტომატურად გახდეს მეწილე, გაიჩინოს ქონება...

მოკლედ, ჯერ სწავლაა საჭირო და შემდეგ ბიზნესისთვის თანხების მოძიება-დაბანდება, რათა საქმიანობა განავითაროთ.

ფუტკარი ოდითგანვე ადამიანის თანამგზავრია. მრავალი ზღაპარი თუ ლეგენდა შეითხზა ფუტკრის შესახებ. აუცილებელ პირობად ითვლებოდა, რომ ფუტკრებს თავაზიანად მოპყრობოდნენ, არ დაეშურებინათ მათთვის საალერსო სიტყვები, რათა ფუტკარი არ განაწყენებულიყო და სკა არ მიეტოვებინა.

ქართული ფუტკარი

შრომისმოყვარე ქართველი ხალხისთვის ფუტკარი ისეთივე გარჯის საგანი იყო, როგორიც ვენახის მოვლა. ოდითგანვე ქართული ჯიშის ფუტკარი გამოირჩეოდა გამძლეობით, ღალიანობით და არააგრესიულობით.

ქართული ფუტკარი თავისი დადებითი თვისებებით მსოფლიოშია აღიარებული. იგი ძველ და ამჟამინდელ ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია კავკასიური ფუტკრის სახელწოდებით. ქართული ფუტკრის შესწავლა იწყება მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ადმინისტრაციულად კავკასიაში შედიოდა. ამჟამად კავკასიურ ფუტკარში იგულისხმება ქართული ფუტკარი. საბოლოოდ უნდა დადგინდეს, რომ ქართულ ფუტკარს მსოფლიოს ყველა ლიტერატურულ წყაროებში დაერქვას თავისი კუთვნილი სახელი.

1886 წლიდან საფუძველი ეყრება საქართველოში ქართული ფუტკრის დედების გამოსაყვანი საჯიშეების ჩამოყალიბებას. საჯიშეები ჩამოყალიბდა სოხუმში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალ ათონში, გორში, ქუთაისში, გაგრაში, სოჭში, ბათუმსა და მცხეთაში. თბილისში საჯიშე ჩამოყალიბდა 1893 წელს.

1928 წელს დიდი მუშაობა ჩატარდა საქართველოში გავრცელებული ფუტკრის შესასწავლად. ექსპედიციის მასალების მიხედვით აფხაზური პოპულაციის ხორთუმის სიგრძე 7.01 მმ-ს შეადგენს, მეგრულის - 7.10 მმ-ს, სვანურის - 6.89 მმ-ს და იმერულის - 6.89 მმ-ს.

ქართული ფუტკრის დამახასიათებელი საშუალო მაჩვენებლები:

შეფერილობა - რუხი

ხორთუმის სიგრძე - 7.20 მმ.

პროდუქტიულობა - 17.31 კგ.

დღეღამური კვერცხმდებლობა - 1160 ც.

ფრთის სიგრძე - 9.45 მმ.

ფრთის სიგანე - 3.22 მმ.

ზამთარგამძლეობა - კარგი

თვინიერება - თვინიერი.

ეს საინტერესოა

ყველა ეგვიპტელი ფარაონი “ფუტკართა მბრძანებლის” ტიტულს ატარებდა. ფუტკარი სამეფო ემბლემაზე იყო გამოსახული, ხოლო ფარაონის გარდაცვალების შემდეგ, ამ მწერს მის აკლდამაზე გამოსახავდნენ.

ძველი ბერძნები დარწმუნებული იყვნენ, რომ ზევსი ჩვილობაში ფუტკრის ნექტრით გამოკვებეს. ხშირად, ცხოველებისა და ნადირობის ქალღმერთ არტემიდესაც ფუტკრის თანხლებით გამოსახავდნენ. თაფლის სამკურნალო თვისებები ჰიპოკრატემ შეისწავლა და აღწერა.

პალეონტოლოგთა აზრით, ფუტკრები დედამიწაზე 30 მლნ წლის წინ გაჩნდნენ, ადამიანებმა კი თაფლი ჯერ კიდევ ქვის ხანაში გასინჯეს. ესპანეთის ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე აღმოჩენილია ნახატი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 7 ათასი წლის წინ არის შექმნილი და მასზე გამოსახულია ადამიანი, რომელიც ფუტკრის ბუდიდან თაფლს იღებს.

ცნობილი ფაქტია, რომ ბრძოლისას მოკლული ალექსანდრე მაკედონელის ცხედარი თაფლში მოათავსეს და რამდენიმეკვირიანი მგზავრობის შემდეგ, მისი გაუხრწნელი სხეული სამშობლოში ჩაიტანეს.