ხის სიმაღლე ფესვებით იზომება... - კვირის პალიტრა

ხის სიმაღლე ფესვებით იზომება...

ნოემბრის სამუშაოები

ნოემბერში პირდაპირ მისწრებაა მერქნიანი კულტურების დარგვა. მოსაჭრელი მოჭერით, ამოსაძირკვი ამოძირკვეთ. მათ ადგილას კი ახალი, თქვენთვის სასურველი საუკეთესო ჯიშის ხეხილის ნერგები დარგეთ.

თუ ახლა აპირებთ ბაღის გაშენებას, ხეებს რომ ამოძირკვავთ, ორმო ნაკელშერეული ახალი მიწით შეავსეთ და დააცადეთ, რომ კარგად დაჯდეს. ამოთხარეთ 50 სმ სიღრმისა და 100 სმ სიგანის ორმო, დასარგავად მომზადებული ნერგი ისე მოათავსეთ მასში, რომ ნამყენი ადგილი მიწის ზემოთაც დარჩეს. დარგვამდე ორმოში მიწა კონუსისებურად შეაგროვეთ და ფესვები ზედ გადაანაწილეთ, შემდეგ დააყარეთ მიწა და კარგად მიტკეპნეთ. კარგად დამუშავებული ნიადაგი ხელს შეუწყობს ფესვების განვითარებას და, შესაბამისად, ნერგის გახარებას. მართალია, ბაღში ხეების დარგვა თუ ახლის გაშენება საქართველოს ყველა რაიონში გაზაფხულსა და მთელი შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც შეიძლება, მაგრამ უპირატესობა მაინც შემოდგომა-ზამთარს ენიჭება, რადგან მოსავლის დაბინავების შემდეგ მეტი თავისუფალი დრო გვაქვს და მეორეც - ამ დროს დარგული ნერგი მჭიდრო "კონტაქტს ამყარებს" ნიადაგთან და გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტიურ ვეგეტაციას იწყებს.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ დასარგავად საუკეთესოა 2-წლიანი ნერგი, რომლის შტამბის სიმაღლე უნდა იყოს 60-90 სმ. მნიშვნელოვანია ტოტების თანაბარი განლაგებაც. უსათუოდ მიაქციეთ ყურადღება ფესვთა სისტემას. ძირითადი ფესვების სიგრძე ორწლიან ნამყენს 25-30 სმ მაინც უნდა ჰქონდეს.

სასარგებლო რჩევები

ყინვების დაწყებამდე შტამბზე და დედა ტოტებზე ბაქტერიული კიბოთი დაზიანებული ადგილები ამოჭერით საღ მერქნამდე, დაამუშავეთ 3%-იანი შაბიამნის ხსნარით და ამოლესეთ ნაზავით: 70% ნიგროლი, 15% კანიფოლი, 15% პარაფინი, ან 70% ნიგროლი და 30% ხის ნაცარი. ბაქტერიული კიბოს წინააღმდეგ ფოთოლცვენის დაწყებამდე ასხურებენ 1%-იან ბორდოს ხსნარს (1 კგ შაბიამანი, 1 კგ კირი 100 ლ წყალზე).

ატმის ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ, ფოთოლცვენის შემდეგ, მცენარეებსა და შტამბის გარშემო ნიადაგს შეასხურეთ 5%-იანი შარდოვანას ხსნარი (10 ლ წყალზე 500 გ შარდოვანა). ახალგაზრდა ხეებს შეასხურეთ იგივე 4%-იანი ხსნარი.

მავნებელთა და დაავადებათა მოზამთრე სტადიების გასანადგურებლად, ფოთოლცვენის შემდეგ, ვეგეტაციის დაწყებამდე, როცა ჰაერის ტემპერატურა +5 0ც-ზე მაღალია და 200ც-ზე დაბალი, კარგია ხე-ბუჩქნარს შეასხუროთ 1%-იანი დნოკის ხსნარი (10 ლ წყალზე - 100 გ), შესხურება რეკომენდებულია 2-3 წელიწადში ერთხელ.

პამიდვრის ახალი, საღი მიწისზედა ნაწილებისა და ფესვების 4 კგ ნედლი მასალის ნაყენი გამოიყენება ხერხიების ღიად მცხოვრები მატლების წინააღმდეგ.

ნახარშის დამზადების წესი: 4 კგ ახალ, ნედლ მწვანე მასას ათავსებენ ჭურჭელში, ასხამენ 10 ლ წყალს და ადუღებენ 30 წუთს. შესხურების წინ აზავებენ წყლით შეფერადებით 1:3 და უმატებენ 10 ლ ნახარშზე 40 გ საპონს.

გვირილის ფოთლებს და თანაყვავილედებს აშრობენ ჩრდილში, დაქუცმაცებულ მშრალ მასალას ათავსებენ ვედროში. 1 კგ მშრალ მასას ასხამენ 10 ლ წყალს და აჩერებენ 12 სთ-ს. შემდეგ ატარებენ საცერში, აზავებენ წყლით (1:3), უმატებენ 40 გ საპონს და ასხურებენ. ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება ტილების, ტკიპების და სხვა მწუწნავი მავნებლებისა და მღრღნელების პირველი ხნოვანების მატლების წინააღმდეგ.

აბზინდის მწვანე მასას აგროვებენ ყვავილობის დროს, 1 კგ-ს ათავსებენ ვედროში, ასხამენ 10 ლ წყალს, ადუღებენ 10-15 წუთს. აცივებენ, ატარებენ საცერში, უმატებენ 40 გ საპონს ნახარშზე და ასხურებენ ვეგეტაციის პერიოდში მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ 15 დღის ინტერვალით 2-ჯერ.

ფორთოხლის ქერქის ნაყენის დასამზადებლად 1 კგ გამხმარ დაქუცმაცებულ ქერქს ასხამენ 10 ლ წყალს და ტოვებენ 3 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას, გაზავების გარეშე ასხურებენ ცრუფარიანების წინააღმდეგ ოთახის პირობებში და სათბურებში.