ერთი თესლით აღმოცენებული ორი სხვადასხვა ნაყოფი - პომიდორი და კარტოფილი - კვირის პალიტრა

ერთი თესლით აღმოცენებული ორი სხვადასხვა ნაყოფი - პომიდორი და კარტოფილი

ბრიტანულმა კომპანიამ "ტომპსონმა და მორგანმა" მებაღეების უძველეს ოცნებას ფრთები შეასხა - ეს სურვილი არაერთი ქვეყნის არაერთ მებაღეს წლების განმავლობაში აწვალებდა:  გაყიდვაშია მცენარეთა თესლი, რომლის დათესვის შემდეგ მიწის ზემოთ ამოსული მცენარე პომიდორს ისხამს, ხოლო მიწის ქვეშ,  ფესვები - კარტოფილს. ამ ჰიბრიდს "ტომტატო" ("ტომატო" - ინგლისურად პომიდორს ნიშნავს, "პოტატო" იმავე ენაზე კარტოფილს აღნიშნავს) დაარქვეს.

მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ასე მოწეული პომიდვრის ნაყოფი აბსოლუტურად სრულყოფილია, უბრალოდ ის გემოთი ჩვეულებრივ პამიდორზე ოდნავ ტკბილია.

რაც შეეხება კარტოფილს, ისიც ჩვეულებრივ საკვებად ვარგისი პროდუქტია. შეიძლება მისი მოხარშვა, შეწვა და ჩიფსის მომზადება.

ამ ჰიბრიდზე სპეციალურად 15 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ პომიდვრისა და კარტოფილის მოსავალი ერთი ჩითილისგან მიეღოთ. ვინაიდან კარტოფილი და პომიდორი ძაღლყურძენასებრთა ოჯახს მიეკუთვნება, მათ შორის ბევრი ბუნებრივი მსგავსებაა.

თითოეულ მცენარეში გენმოდიფიცირებული კომპონენტები გამორიცხულია და ორივე აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტია და  მისი მიღება უხიფათოა ჯანმრთელობისთვის, - დასძენს მწარმოებელი.

აღნიშნული მცენარე განკუთვნილია, როგორც სათბურისთვის, ასევე ღია ცის ქვეშ მოსაყვანად.