ბარაქიანი ყვავილობისთვის - კვირის პალიტრა

ბარაქიანი ყვავილობისთვის

მაია ქურდაძე საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის თანამშრომელია, სამების საკათედრო ტაძრის ბაღში მუშაობს.

ქალბატონი მაია რამდენიმე დეკორატიული მცენარის მოვლის შესახებ რჩევებს გვაძლევს.

- მოდი, ამჯერად ისეთ გავრცელებულ მცენარეზე ვისაუბროთ, როგორიც კაქტუსია... ჩვენში რა ტიპის კაქტუსებია გავრცელებული?

-  ძირითადად სამი ტიპის კაქტუსია პოპულარული: 1. ზღარბა; 2. ოპუნცია (სიდედრის ან დედამთილის ენასაც ეძახიან), რომლის ნაყოფიც, სხვათა შორის, იჭმება. 3. ზიგოკაქტუსი - დეკემბერა;

- შემოდგომით ამ მცენარეს როგორი მოვლა ესაჭიროება?

- შემოდგომით ზღარბასა და ოპუნციას მორწყვა უნდა შევამციროთ. სასუქებსაც აღარ ვაძლევთ, რადგან დასაზამთრებლად ვამზადებთ. გადარგვა შეიძლება, მაგრამ ეს მაინც გაზაფხულზე ჯობს. ნიადაგის მიმართ პრეტენზიული არც ერთი არ არის, თუმცა ნოყიერი ნიადაგი ურჩევნიათ. უკეთესად იგრძნობენ თავს, თუ მიწაში წვრილ კენჭებს, აგურის ნაფხვენს ან თიხის ჭურჭლის ნამტვრევებს ავურევთ.

ზემოდან მოყრილი თეთრი წვრილი ხრეშის ფონზე კაქტუსის სილამაზე უკეთ ჩანს.

- როდის ყვავის კაქტუსი?

- ზიგოკაქტუსის, ანუ დეკემბერას გარდა, კაქტუსი ზამთარში არ ყვავის. იმისთვის, რომ კაქტუსმა უხვად იყვავილოს, სიცივეში უნდა გამოაზამთროთ. პატარა კაქტუსებს ეს არ ეხებათ, მათ სითბო სჭირდებათ. მოზრდილები, რომელთა ასაკიც 2 წელს აღემატება, ცივ ოთახში მოათავსეთ ისე, რომ მზე დროდადრო მაინც ადგებოდეს. ასეთ პირობებში თვეში ერთხელ წყლით მორწყვა საკმარისი იქნება. გაზაფხულიდან კაქტუსს სპეციალური სასუქი ან მინერალური სასუქის ნახევარი დოზა მიეცით. გაზაფხულ-ზაფხულში კაქტუსის ყვავილობა რომ გაახანგრძლივოთ, კოკრის გაშლისთანავე შეძლებისდაგვარად გრილ ადგილზე გადაიტანეთ.

- იქნებ ბარაქის ხეზეც გვითხრათ რამე, მით უმეტეს, რომ თითქმის ყველა ოჯახის ბინადარია?

- მსუქანას, ანუ ფულის, ბარაქის, ბედნიერების, დოლარის ხეს უწოდებენ. მისი სამშობლოა აფრიკა.

ამბობენ, ბარაქისთვის მცენარე თვითონ უნდა გამოზარდოთო. ფულის მოსაზიდად ზოგი მიწაში მონეტებს აყოლებს, ზოგი ტოტებზე ჰკიდებს.

ამ მცენარის გასაზრდელად რამდენიმე პირობის დაცვაა საჭირო:

ნათელი ოთახი (მინიმუმ მზე ცოტა ხნით მაინც უნდა ადგებოდეს).

მსუქანას ხშირი მორწყვით უფრო გააფუჭებთ, ვიდრე მოურწყაობით. უხვი მორწყვისას მცენარე სწრაფად იწყებს ზრდას, ფოთლები ზედმეტად იბერება წყლით, მისი მსუქანი ფოთლების დანიშნულება ხომ წყლის მომარაგებაა. გაჯირჯვებული ფოთლები ადვილად ფუჭდება, იჭმუჭნება და ჭკნება, სწრაფად წამოზრდილი ტოტები კი გამაგრებას ვერ ასწრებს, სიმძიმისგან იგრიხება და მცენარე დეკორატიულ ეფექტს კარგავს. ზამთარში თბილ ოთახშიც რომ გედგათ, მორწყვა მინიმუმამდე შეამცირეთ, თვეში  ერთხელ მორწყეთ.

მსუქანა დაბალ და ფართო ქოთანში უნდა დარგოთ. ასეთ ქოთანში ლამაზადაც გამოიყურება.

მსუქანას პატარა, მომწვანო ვარსკვლავებივით ყვავილები აქვს. იშვიათად ყვავის, თუმცა წელს მსუქანებმა საქართველოში მასობრივად იყვავილეს. მსუქანა ნიადაგის მიმართ უპრეტენზიოა და უნაყოფო მიწაშიც კარგად ხარობს.

- აუკუბაც ჩვენში ძალზე პოპულარულია...

- აუკუბას სამშობლო იაპონიაა და ჩვენში სწორედ იაპონური აუკუბაა გავრცელებული, რომელსაც ოქროსფერი წინწკლები და ნარინჯისფერი ნაყოფი აქვს. აუკუბა ქოთანშიც კარგად გრძნობს თავს და ღია ცის ქვეშაც იზამთრებს. მისი ძირითადი ღირსებაა ის, რომ ჩრდილშიც კარგად ხარობს, ე.ი. მზის პირდაპირ სხივებს არ მოითხოვს. შუადღის მწველ მზეს უნდა მოარიდოთ, რომ ფოთლები არ დაეწვას.

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მორწყვა შეამცირეთ. აუკუბას წყალი უყვარს, მაგრამ ფესვებში წყლის ჩადგომას ვერ აიტანს - დალპება. ამიტომ კარგი დრენაჟი გაუკეთეთ. ზამთარში დილით, ყინვის მოტეხის შემდეგ მორწყეთ. გაზაფხულიდან შეგიძლიათ მინერალური სასუქი ან კარგად გადამწვარი ნაკელი შეურიოთ მიწის ზედა ფენას. მაშინ კიდეც იყვავილებს და შემოდგომით კაშკაშა ფერის ნაყოფითაც გაგახარებთ.