როგორ დაისჯება ფერმერი ფალსიფიცირებული პროდუქციისთვის
02-12-2013
როგორ დაისჯება ფერმერი ფალსიფიცირებული პროდუქციისთვის
"მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს ეტიკეტირების წესის დარღვევასა თუ ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციაზე"

"სარეალიზაციო ვადა მარკირებული უნდა იყოს თითოეულ კვერცხზე, რომელიც 21 დღეს მოიცავს"


როგორ დავიცვათ თავი არალიცენზირებული თუ ვადაგასული პროდუქტისგან, რას ავალდებულებს მეწარმეებს ახალი კანონი, რომლის მიღებასაც პარლამენტი ცოტა ხანში გეგმავს... ამ საკითხებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსი მაკა შუბლაძე გვესაუბრება.


- როგორ არეგულირებს კანონი სურსათის უვნებლობის საკითხს?

- სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფო ბიზნესოპერატორებზე კონტროლს ახორციელებს, ანუ განსაზღვრულია მეწარმე სუბიექტების
ვალდებულებები, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება. კოდექსი ასევე არეგულირებს ოჯახური წარმოების სუბიექტების საქმიანობასაც. კანონმდებლობით ისინი ვალდებულები არიან, ბაზარზე გატანილი სურსათის უვნებლობის მოთხოვნები გაითვალისწინონ, რომ დაცული იქნას საქართველოს მოსახლეობა... დადგენილია სპეციალური ნორმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის პროდუქტი, რომ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ
შეექმნას.

- როგორც აღნიშნეთ, კოდექსი მნიშვნელოვანია ვეტერინარიისთვის...

- დიახ, ასეა. გარკვეული საკითხები ვრცელდება იმ მეწარმეებზე, რომლებიც ცხოველური წარმოშობის სურსათს აწარმოებენ. ცხოველური წარმოშობის სურსათი მაღალი რისკის შემცველია და მომხმარებლისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ადამიანი, რომელსაც პირუტყვი ჰყავს, ვალდებულია, დაემორჩილოს სახელმწიფოს უფლებამოსილ პირს, რომ ვაქცინირებული იყოს მისი პირუტყვი. თუ ეტყვიან, რომ ბრუცელოზიანი ძროხა უნდა დაკლას, არ უნდა მოხდეს იმ ხორცის გამოყენება, უნდა დაემორჩილოს. შემდეგი სფერო მცენარეთა დაცვაა. დიდი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ამ სფეროდან მოდის. კანონი აქაც ვალდებულებებს აკისრებს ფერმერს, რაზეც სახელმწიფო და უფლებამოსილი პირი კონტროლის დროს მეწარმეს მიუთითებს, მაგალითად, როგორ უნდა შეწამლოს ესა თუ ის ნაკვეთი იმისთვის, რომ გავრცელებულმა და საკარანტინო მავნებელმა ზიანი არ მოუტანოს როგორც ფერმერს, ასევე სახელმწიფოს.

- რა სიტუაციაა ეტიკეტების სისტემასთან დაკავშირებით?

- ჯერჯერობით არსებულ კანონში არაფერია ნათქვამი ეტიკეტირების სისტემაზე,  ვადაგასულ პროდუქციასთან დაკავშირებითაც არ არსებობს რეაგირების მექანიზმი. მომხმარებელთა ნაწილმა არც კი იცის, სად უნდა მოძებნოს ამა თუ იმ პროდუქტის ვადა, ზოგს, ეს არც აინტერესებს. ამიტომ თუ სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, დაიცვას მომხმარებელი, თავად უნდა განახორციელოს კონტროლი, რომ ვადაგასული პროდუქცია ბაზარზე არ მოხვდეს. თუ მოხვდა, მეწარმემ ის გაყიდვიდან უნდა ამოიღოს! ახალ პროექტში მკაცრი სანქციებია ეტიკეტირების წესის დარღვევაზეც და ვადაგასულ პროდუქციაზეც.

- ეს არის ფულადი ჯარიმა?

- დიახ, და სანქცია არის არა მხოლოდ ფულადი, არამედ საწარმოო პროცესის შეჩერება ანუ ფაქტობრივად, საწარმო იხურება. მოკლედ, ვინც ხორცს აწარმოებს, უნდა იცოდეს, რომ მომხმარებელს იმ პირუტყვის ხორცი მიაწოდოს, რომელიც სასაკლაოზე იკვლება, ეს არის აპრიორი, ამის დარღვევაზე დიდი ჯარიმაა; აუცილებლად უნდა იქნას დაცული ტრანსპორტირების პირობები, განსაკუთრებით კვერცხთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია იმ სარეალიზაციო ვადის დაცვა, რომელიც მარკირებული უნდა იყოს თითოეულ კვერცხზე. როდესაც კვერცხი მომხმარებელთან მიდის, მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, კვერცხი როდის დაიდო, მისი წარმოშობის ქვეყანა. სარეალიზაციო ვადა 21 დღეა, მაგრამ დადგენილია ასევე ტემპერატურული რეჟიმი, რომლის დაცვის შემთხვევაში, შეიძლება, ეს ვადა 30 დღემდე გაიზარდოს.

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია გარევაჭრობა, რადგანაც ძალიან საშიშია. ეს რეალიზატორებმა უნდა გაითვალისწინონ და უნდა დაიცვან კანონით გათვალისწინებული ნორმები, პირუტყვის ვაქცინაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მოთხოვნები და მითითებები შეასრულონ. მცენარეთა დაცვის კუთხითაც აუცილებელია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დაცვა, მავნებლებთან ბრძოლის, შეწამვლის ღონისძიებების სრულყოფილად ჩაატარება.
ბებილო
05 დეკემბერი 2013 14:33
სანქციები--ჯარიმები.

პროდუქციის გასაღება(რეალიზაცია) არ ხდება. პროდუქცია არის რაიმეს წარმოება და მერე, ხდება ამ ნაწარმის გასაღება. ან უნდა იყოს "პროდუქტის გასაღება", ანდა "ნაწარმის გასაღება".

კვერცხზე, აღნიშნული უნდა იყოს ვადა,რომელიც გამოშვებიდან(კვერცხის დადებიდან) 21 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.(ასე უფრო ქართულია და გასაგები.

არეგულირებს-- აწესრიგებს.
რეგულირება-- მოწესრიგება, მოგვარება.
კონტროლი--ზედამხედველობა, შემოწმება.
მეწარმე სუბიექტი--მეწარმე(ეს სიტყვა თავად პიროვნებას აღნიშნავს.
რისკი-- საფრთხე.
ვაქცინირება-- აცრა
სიტუაცია--მდგომარეობა
ჯერჯერობით--ჯერ ჯერობით
ვადაგასული--ვადა გასული
აპრიორი--აქ რა მიზნით არის გამოყენებული, გაუგებარია.ეს სიტყვა,ძირითადად,ფილოსოფიაში და განათლებაში იხმარება.
ტრანსპორტირება--გადაზიდვა
რეალიზატორები--გამსაღებლები, გამყიდველები
ნ.
02 დეკემბერი 2013 13:50
და საქართველოში მოყვანილ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, მაგალითად, პომიდორს, არ უნდა დაედოს რაიმე განმასხვავებელი ნიშანი? პომიდორი ვერ მიჭამია.
nini
02 დეკემბერი 2013 13:40
დროულად მიხედეთ,ბევრ ადგილასს იყიდება ვადაგასული პროდუქტი, ე.წ.,,ჩეკის,არ ამორტყმაზე კარგად აჯარიმებთ ხალხს 500 ლარით,და ჩვენი ჯანმრთელობა ვის რაში აინტერესებსებდა.

რედაქტორის რჩევით