რითი სჯობია მეგრული ბრინჯი მეგრულ სიმინდს - კვირის პალიტრა

რითი სჯობია მეგრული ბრინჯი მეგრულ სიმინდს

"ბრინჯი საქართველოში ძველად კი მოჰყავდათ, მაგრამ არაინდუსტრიული წესით", - ამბობს ბიზნესმენი აგრონომი  სოსო ბოკუჩავა, რომელმაც წელს აბაშის რაიონის სოფელ ზანაში ბრინჯის მოსავალი მოიყვანა. ეს კულტურა ადრეულ წლებში აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურში წარმატებით მოჰყავდათ. ის სამეგრელოშიც იყო გავრცელებული.   XVII-XVIII  საუკუნეებში ქართული ბრინჯი ანაკლიიდან თურქებს გაჰქონდათ, იმავე პერიოდში კი ეს კულტურა ირანელებს ალაზნის ველზე მოჰყავდათ. გავრცელებული იყო სხვადასხვა ჯიში. ბრინჯი ქართველი გლეხისთვის ისეთივე კულტურა იყო, როგორიც ლობიო და სიმინდი.

- ბატონო სოსო, რამ გადაგაწყვეტინათ, ბრინჯი მოგეყვანათ მაშინ, როდესაც სამეგრელოში სიმინდი კარგად მოდის და მოთხოვნაც დიდია?

- რამდენიმე ასეული ჰექტარი მიწა გვაქვს, რომელზეც ადრე სიმინდისა და სოიის მოყვანა ვაცადეთ. სიმინდი ტექნოლოგიურად ძნელი მოსაყვანია. იმას არ ვგულისხმობ, რომ დათესავ და 2-3 ტონა მოსავალს აიღებ. ეს რაოდენობა ბიზნესისთვის არამომგებიანია. იმ რაოდენობის სიმინდსა და სოიას ვერ მოვიწევთ, რომ ბაზარზე უკრაინასა და ყაზახეთს კონკურენცია გავუწიოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, შედარებით მომგებიანი კულტურა შეგვერჩია. თან, ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენი კლიმატური პირობებისთვის ადვილად გაეძლო და არჩევანი ბრინჯზე შევაჩერეთ. ბრინჯის მთავარი დადებითი თვისება ის არის, რომ მისი მოყვანა კლიმატურ პირობებზე არ არის დამოკიდებული. იმ ადგილას, სადაც წელს ბრინჯი დავთესეთ, მდინარე ტეხურა, აბაშა და რიონი მიედინება და მორწყვა გვალვაშიც შეიძლება. თუმცა ბრინჯის მოსავალი 110 დღის განმავლობაში ისე მოვიყვანეთ, რომ მხოლოდ 12 დღე ვრწყავდით, რადგანაც სულ წვიმდა.

- საქმიანობის დაწყებამდე, ალბათ,  რჩევებს მოგცემდათ ვინმე...

- კონსულტაცია თურქი სპეციალისტებისგან მივიღეთ. მსოფლიოში ბრინჯის 15-მდე ჯიში არსებობს. მათგან 5-6 აზიური ჯიშია, რომლებიც ლაოსში, ვიეტნამსა და კამბოჯაში მოჰყავთ, დანარჩენი ევროპულია.

არსებობს მოყვანის სველი და მშრალი მეთოდები. აზიური ჯიშები სველი მეთოდით მოჰყავთ (მუსონური წვიმების შედეგად დაგროვებული წყალი ყანაში დგას, სადაც ნავებით დაცურავენ).

ჩვენ მშრალი, ევროპული მეთოდი ავირჩიეთ, რომელსაც ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი იყენებენ - მიწა რომ მოიხვნება, შემდეგ წყალს მიუშვებენ. დამბალ მიწას სპეციალური ტექნიკით ამუშავებენ, რათა ნიადაგი ბამბასავით გახდეს. შემდეგ ისევ წყალს უშვებენ, 3-4 სანტიმეტრზე რომ დაიტბოროს. ეს წყალი მზეზე რომ გათბება, შემდეგ ბრინჯს ყრიან, ანუ თესავენ. 15 დღეში ყანა ისეთივე მწვანეა, როგორიც სააღდგომო ჯეჯილი. მოგვიანებით აბიბინებულ ყანაში ისევ წყალს უშვებენ და მზისგულზე სწრაფად იზრდება. ბრინჯი სიმაღლეში დაახლოებით მეტრსა და 20 სანტიმეტრს აღწევს.

- წელს რა რაოდენობის მოსავალი მიიღეთ?

- 10 ჰექტარზე 75 ტონა მოვიდა. ეს საპილოტე პროგრამა გახლდათ...

- რა ჯიშები დათესეთ?

- დავთესეთ გალა (მოგრძო ბრინჯი), ბალდუ და ოსმან ჩილიკი.

- სათესლე მასალა თურქეთიდან შემოიტანეთ?

- დიახ, მაგრამ ამ ჯიშებიდან მხოლოდ ოსმან ჩილიკი არ მოვიდა. მივიღეთ მხოლოდ ბალდუ და გალა. ახლა უკვე ორი ჯიშის სათესლე მასალა გვაქვს და ვიცით, ჩვენთან უკეთ რა ჯიშები ხარობს.

- ბრინჯი საკუთარი სახსრებით მოიყვანეთ? სახელმწიფო არაფერში დაგხმარებიათ?

- არავისთვის მიგვიმართავს, არ ვიცოდით, რა შედეგი გვექნებოდა. როგორც კი მოსავალი მივიღეთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქმის კურსში ჩავაყენეთ. ისინი ჩვენი საქმიანობით დაინტერესდნენ, მგონი, მივაღწევთ იმას, რაც ჩავიფიქრეთ.

- გლეხს თავის ნაკვეთში შეუძლია ბრინჯის მოყვანა?

- თუ ინდუსტრიული წესით არ დაიწყო ბრინჯის მოყვანა, გლეხი დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება.

საქართველოში, სადაც ერთი მილიონი გლეხია, ლობიოს 90% იმპორტია, უზბეკეთიდან და ჩინეთიდან შემოდის...(?!) ამიტომ გლეხი დამოუკიდებლად ამას ვერ შეძლებს. ახლა სახელმწიფომ კოოპერატივები შემოიღო, რომელთა დახმარებით გლეხებს საშუალებას მივცემთ, ბრინჯის ყანაში იმუშაონ და ეს ტექნოლოგიაც აითვისონ.

- როგორც ვატყობ, ბრინჯს მეტი მოგება ექნება, ვიდრე სიმინდს...

- კი (საქართველო წელიწადში დაახლოებით 12-15 ათას ტონა ბრინჯს მოიხმარს). გარდა ამისა, სიმინდს გათოხნა სჭირდება, მოსავალსაც ხელით იღებენ, ბრინჯს კი კომბაინით იღებენ, ხელით შრომა ნაკლებია.