კითხვა-პასუხი
02-12-2013
კითხვა-პასუხი
კითხვებს უპასუხებსსწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიტოთერაპევტი ნიკოლოზ იოსებიძე

ძვირფასო რედაქცია, ახლახან თბილისთან ახლოს აგარაკი ვიყიდე და გადავწყვიტე, პირველ რიგში ჭა ამოვთხარო, რომ ზაფხულობით უწყლობამ არ შეგვაწუხოს. მირჩიეთ, როგორ შევარჩიოთ ადგილი ჭის ამოსათხრელად?
გიორგი ლეფთერაძე,
თბილისი


- ჭის ამოსათხრელ ადგილს მხოლოდ გეოლოგები მიგითითებენ. თუ სურვილი გექნებათ, არტეზიულ ჭას ამოგითხრიან და მუდმივად გექნებათ საუკეთესო სუფთა სასმელი წყალი.
იქ, სადაც ვირისტერფა, ისლი, ჭილი და ბაია იზრდება, გრუნტის წყალი ახლოა მიწის ზედაპირთან, მაგრამ
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი სასმელად გამოდგება - აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო.


სოფელში 20 წლის წინ დარგული კაკლის ხე მიდგას, სახლის საძირკვლიდან 6 მეტრით არის დაშორებული, ძალიან დიდი გაიზარდა. სახლის საძირკველს ხომ არ დააზიანებს?
თეიმურაზ მეტრეველი, ონი


- სახლთან ახლოს კაკლის დარგვა არ
არის გამართლებული. უმჯობესია, თუ კაკლის ნერგს ნაკვეთის ბოლოში, ჩრდილოეთის მხარეს დარგავთ. სახლთან ახლოს მდგარი კაკლის ხის ფოთლები ცვივა სახლის სახურავზე და სანიაღვრე მილებში იჭედება.
რაც შეეხება თქვენი სახლის საძირკველს, არა მგონია, რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს. თუ მაინც გეეჭვებათ, სახლისკენ მიმართული ფესვები შეგიძლიათ ჩაჭრათ.

როგორ დავრგო და მოვუარო ზამთარში დაფნას და როგორ დავაფესვიანო?

- დაფნის გამრავლება ყველაზე ადვილია ბუჩქის ამონაყრებით და თესლით. კალმები დასაფესვიანებლად უნდა აიჭრას აპრილში, შეიძლება ივნისის შუა რიცხვებიდან შუა ივლისამდეც. კალამი უნდა იყოს მომწიფებული, მაგრამ არა - გახევებული, 6-8 სმ სიგრძის. კალმებზე ფოთლებს ამოკლებენ და რგავენ ნეშომპალა-ქვიშიან ქოთნებში. ქვედა ფენა, ანუ ნეშომპალიანი შრე, უნდა იყოს 3-4 სმ, ხოლო ქვიშის ფენა - 2-3 სმ. დაფესვიანების ოპტიმალური ტემპერატურა 16-20 გრადუსი ცელსიუსია, დაფესვიანებას სჭირდება 1 თვე. ამის შემდეგ კალმები გადააქვთ მუდმივ ადგილას.
დაფნა არ არის დეფიციტური მცენარე და მისი ნერგის, თესლის, აგრეთვე, კალმის შოვნა არ გაგიძნელდებათ.


მირჩიეთ, როგორ მოვიყვანო ყვავილოვანი კომბოსტო?
ზაქრო მჭედლიშვილი, ლილო


- ყვავილოვანი კომბოსტო ჩვენში შეიძლება მოვიყვანოთ როგორც ბარის, ასევე მთის რაიონებშიც. მისი აგროტექნიკა ძირითადად ისეთივეა, როგორიც საადრეო თავიანი კომბოსტოსი. მოჰყავთ ჩითილის მეთოდით. ჩითილი 30-45 დღის უნდა იყოს. მისი მოყვანა შეიძლება წელიწადში 2-ჯერ. კვალსათბურებში ჩითილი ირგვება როგორც ზეადრეულ ვადებში, ისე ზამთრის პირზე. ასე იგი აპრილ-მაისში შემოვა. ჩითილები გამოჰყავთ როგორც ტორფ-ნეშომპალიან ქოთნებში, ისე - ჩვეულებრივი წესით. ჩითილს ისე მაგრად უნდა მიეტკეპნოს მიწა, რომ ფოთოლი ხელით ამოწევისას მოწყდეს, ჩითილი კი მიწაში დარჩეს. ვეგეტაციის პერიოდში აუცილებელია ნიადაგის გაფხვიერება, მორწყვა, სარეველებთან და მავნებლებთან ბრძოლა, დამატებითი გამოკვება.


გვაქვს წითელმიწანიადაგიანი ნაკვეთი, ანუ "აყალო მიწა"; რა სასუქი გამოვიყენო, რომ იგი უხვმოსავლიანი გახდეს?
დავით კობაიძე, ჟინვალი


- ის, რასაც თქვენ "წითელმიწას" უწოდებთ, სინამდვილეში წითელმიწა არ არის. წითელმიწა ნიადაგი მხოლოდ დასავლეთ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი, ხოლო აყალო იგივეა, რაც თიხა. ასეა თუ ისე, ასეთი ნიადაგი აუცილებლად მცირემოსავლიანი იქნება, მაგრამ ნუ შეშფოთდებით.
ნებისმიერ ნიადაგს სამ წელიწადში ერთხელ სჭირდება განოყიერება, თქვენი ნიადაგის ტიპს - მით უმეტეს. ერთადერთი სასუქი, რომელსაც გირჩევთ, გახლავთ ორგანული, ანუ ნაკელი. კარგია ტორფი და კომპოსტი, რომელიც ყველაზე უფრო ხელმისაწვდომია. ნაკელის შოვნა ადვილად შეიძლება, ტორფი კი ხშირად აქვს მემამულეთა კავშირს.


კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში, 10 წლის წინ 4 ძირი უეკლო მაყვალი დავრგე, რომელიც თავის დროზე, საქართველოში საფრანგეთიდან ჩამოიტანეს. იმ 4 ძირიდან მხოლოდ ერთი შემომრჩა, დანარჩენი გახმა. ამოვა ახალი ყლორტი, იყვავილებს, ნაყოფს დაისხამს და ხმება. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, რომ ეს ერთი ძირი მაინც გადავარჩინო.
ანზორ ოთიაშვილი, კასპი


- როდესაც მცენარე იყვავილებს და ნაყოფს დაისხამს, მეორე წელს ის ტოტი უნდა მოიჭრას. მის ნაცვლად ახალი ამოვა.
იმისათვის, რომ მაყვალი არ გადაგიშენდეთ, ის უნდა გაამრავლოთ ასეთი წესით: მოჭერით 10 სანტიმეტრი სიგრძის ღერო და 2 დღის განმავლობაში წყლიან ჭურჭელში ისე ჩადეთ, რომ 2-3 სანტიმეტრი წყალმა დაფაროს. შემდეგ 5 სანტიმეტრის სიღრმეზე მიწაში დააწვინეთ (როგორც ვაზს აწვენენ დასაფესვიანებლად). გადაწვენისას ტოტი დაამაგრეთ კაუჭით და კარგად დატკეპნეთ, ზედა მხარეს კი პალო დაასვით. ის დაფესვიანდება.
ციცო
16 აპრილი 2018 22:07
კარგი იქნება ტუ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი კომპეტენტური ადამიანებისაგან,მეც მაინტერესებს წესების დაცვიტ ორმოებში ჩავრგე ნაზის ლერწი,მინდა ყველა დაფესვიანდეს,გთხოვთ ამიხსნათ რით დავეხმარო რომ იმედი არ გამიწბილდეს? მადლობა წინასწარ
gio
20 ივნისი 2016 11:28
მაქვს ელდარის ფიჭვის 96სმ-იანი ნერგი.მაინტერესებს,როდის გამოიღებს გირჩებს?
გიორგი ნოზაძე
26 აპრილი 2014 10:56
გამარჯობათ.
1) მაისის 25 - ში დავრგე პომიდვრის ჩითილები დიდ დიღომში. მაშინებს ამინდი, მაინც ცივა. ხომ არ ვიჩქარე.დარგვის მერე თითქმის ყველა ჩითილი მიწაზე დაწვა. როგორ ფიქრობთ წამოდგება? რამე შეწამვლა ხომ არ უნდა უკვე?
2) ასევე დავთესე კართოფილი ერთი თვის წინ. ჯერ არ გაყვავილებულა.როდის გაყვავილდება ? და გაყვავილების შემდეგ უნდა შევწამლო ეგრევე და რითი?
3) ერთითვის წინ დავრგე იმავე ნაკვეთში ვაზის ნამყენი ნერგები (ჩინებული) უკვე მიწის ზემოთ ამოიტანა კვირტები. ძალიან გთხოვთ მითხარით როდის უნდა შევწამლო ახალგაზრდა ფოთლები ?
წინასწარ გიხთით მადლობას.

რედაქტორის რჩევით