რჩევები დამწყები მეთევზეებისთვის - კვირის პალიტრა

რჩევები დამწყები მეთევზეებისთვის

დამწყებმა მოყვარულმა მეთევზემ უნდა იცოდეს, რომ თევზის ანკესზე წამოგება დამოკიდებულია ანკესის ფორმასა და სიდიდეზე, სატყუარაზე, თევზის სახეობაზე, წლის დროზე, ამინდზე, ადგილმდებარეობაზე...

მდინარეში თევზაობისას ისარგებლეთ ანკესის წყალგაყოლების ხერხით. ამ დროს სატყუარა წყალს კარგად მიაქვს.

თევზის მოსაზიდად ჭიაყელები თიხაში აზილეთ და რამდენიმე ბურთულა წყალში გადააგდეთ. წყალი მათ დაშლის და საკვები თევზებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ.

ტბებსა და წყალსაცავებზე თევზს ნაფოტას ტივტივიანი ანკესით იჭერენ.  "ჩაკიდვის" ხერხით, ნემსკავზე წამოაგეთ პეპელა, ხორბლის მარცვალი, ნახევრად მოხარშული მაკარონი ან ნაკელის ჭიაყელა.

ქაშაყი კარგად ეტანება ცომის ბურთულებს, რომელშიც წვრილად დაკეპილი ხახვია არეული.

კობრის დასაჭერად საუკეთესოა კოპტონი: დაჭერით მცირე ზომის კვადრატებად, დაასხით ადუღებული წყალი და 5-8 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გაშალეთ ქაღალდზე გასაშრობად.

გახსოვდეთ! წყალში დგაფუნი და წამოქმნილი წრეები თევზის თავმოყრის ადგილს გვამცნობს.

თევზი გაურბის თამბაქოს სუნს, რომელიც მწეველი მეთევზის თითებიდან სატყუარას გადაეცემა. ამ სუნის მოსაცილებლად, მზესუმზირის ზეთში დაასველეთ ჩვარი და ხელი გაიწმინდეთ.

სად რომელი თევზის დაჭერა შეგიძლიათ

ნათქვამია: "ვისაც თევზის დაჭერა უნდა, ფეხის დასველებას არ უნდა ერიდებოდესო". ვერც მაშინ დაიჭერთ თევზს, თუ არ იცით, რომელ მდინარეში, ტბასა თუ წყალსატევში რა სახეობის თევზი ბინადრობს.

თევზის მრავალფეროვნებით გამოირჩევა მდინარე ალაზანი, სადაც 20-მდე სახეობის თევზი გვხვდება, მათ შორის ლოქო, მურწა, კალმახი, ქაშაყი, შამაია, ციმორი, წვერა, ხრამული, ფარგა, კობრი.

მდინარე ალგეთსა და არაგვში შეგიძლიათ დაიჭიროთ: ხრამული, წვერა, ციმორი, გოჭალა, ფრიტა და თაღლითა. ხრამულის დაჭერა შეგიძლიათ ბაზალეთის ტბაზეც. ოღონდ, იცოდეთ - ტბის სანაპირო ზოლში ის ღამით ამოდის, იკვებება წყალმცენარეებით, ბალახით, ხის ფოთლებით, ჭიებით, მწერებით (ეს სატყუარადაც გამოდგება).