იისა და ბროწეულის სავანე - კვირის პალიტრა

იისა და ბროწეულის სავანე

ოთახის მცენარეები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ. როგორ გავახაროთ ქოთნის ყვავილები, ამ საკითხზე საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის თანამშრომელი მაია ქურდაძე გვესაუბრება.

ქოთნის ია

ეს პატარა, საოცრად მომხიბლავი მცენარე სხვადასხვა ჯიშისა არსებობს - ათასნაირი ფერისა და ფორმის ყვავილით. არის 5 სმ-მდე სიმაღლის მინიატიურული ჯიშებიც. ია მთელი წლის განმავლობაში ყვავის. არ უყვარს მცხუნვარე მზის სხივები  - ფოთლები ეწვება ან უხუნდება, ამიტომ  ნათელ ადგილზე დადგით ისე, რომ მზე  არ უდგებოდეს. მორწყვისას ეცადეთ ფოთლებზე წყალს არ მოხვდეს, რადგან ლაქებად არ დაეტყოს და ფოთოლი არ დააჭიანოს. წყალი მიწაზე დაასხით ან ქოთანი ხუთიოდე წუთით წყლიან ჭურჭელში ჩადგით, შემდეგ ამოიღეთ და კარგად დაწრიტეთ, რომ ფესვები არ დაულპეს. სანამ მიწის ზედაპირი არ გამოშრება, ხელმეორედ ნუ მორწყავთ. ზოგჯერ სხვადასხვა ფერის რამდენიმე ძირს ერთ ფართო ქოთანში რგავენ, რადგან ფიქრობენ, რომ იების ასეთი ნაკრები უფრო ლამაზია. ამას არ გირჩევთ, ასეთ დროს ია ყვავილობას წყვეტს... უმჯობესია, ერთი სახეობის და ისიც ვიწრო ქოთანში გამოზარდოთ, რადგან ასე უხვად ყვავის. გადარგვისას იის ყვავილობა შესაძლოა დროებით შეჩერდეს. ეს რომ თავიდან აიცილოთ, ია მიწიანად ფრთხილად ამოიღეთ და გადაიტანეთ ოდნავ დიდ ქოთანში. მობერებული ან შეიჭმუხნილი ფოთლები მოატეხეთ. გასამრავლებლად საშუალო ზომის ფოთოლი წყალში ან პირდაპირ მიწაში ჩარგეთ. მიწა ოდნავ ნესტიანი უნდა იყოს, სველ მიწაში დალპება.

ჯუჯა ბროწეული

ჯუჯა ბროწეული ისე ლამაზად ყვავის, რომ საოცარი სანახავია. ის მხოლოდ ზამთარში წყვეტს ან ამცირებს ყვავილობას. ჯუჯა ბროწეულის ნაყოფი საკვებად არ გამოიყენება. ზოგი კითხულობს: ჯუჯა ბროწეულის ბაღში გაზრდა თუ არის შესაძლებელიო? არა, ეს ოთახის ბროწეულია, რომელმაც ბაღის ბროწეულისაგან განსხვავებით, ზამთარი თბილად, ოთახში უნდა გაატაროს, გარეთ დაიღუპება.

ჯუჯა ბროწეულის ქოთანი ოთახში მზეზე უნდა დადგათ. ზაფხულში თუ გარეთ გაიტანთ, მზეს მოარიდეთ. მიწა ნოყიერი სჭირდება. მთელი წლის განმავლობაში რომ იყვავილოს, მორწყვა არ დაგავიწყდეთ, მაგრამ ზედმეტი წყალი ვნებს. კარგია, თუ გაზაფხულიდან დაზამთრებამდე კალიუმიანი სასუქით გამოკვებავთ. თუ გნებავთ, რომ ბროწეული ხის ფორმის გაზარდოთ, ქვედა ტოტები მოაჭერით, ზედა წამოზრდილი ტოტებიც შეუკვეცეთ. ასე ვარჯიც გაუხშირდება და ყვავილიც. მსხვილი ტოტების გარდა ბროწეულის ყველა ტოტი ადვილად ფესვიანდება. თესლითაც შეიძლება გამრავლება, მაგრამ ეს უფრო ხანგრძლივი პროცესია, გვიან აღმოცენდება და ყვავილობას რამდენიმე წელში იწყებს.

ოთახის მცენარეების გამოზამთრება

ზოგი მცენარის განვითარება-ყვავილობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ პირობებში გამოიზამთრებს. მცენარეები, რომლებსაც ქოთანში ზრდით, უმჯობესია, ქარისაგან დაცულ, გადახურულ ადგილას მოათავსოთ. მაგალითად: ოლეანდრი, კამელია, გარდენია, როზმარინი, ზეთისხილი, პასიფლორა, აუკუბა, მარაოსებრი პალმა, ფიტოსპორუმი, მარადმწვანე ჭანჭყატი, აბელია, ბზა, აგავა. ასევე ლიმონი, რომელიც ადგილის შეცვლას ვერ იტანს და შეიძლება ფოთლები დასცვივდეს.

ზოგ მცენარეს კი ცივი ოთახი ურჩევნია. სითბოში ფოთლები უშრება, სცვივა და ცუდად ყვავის. ასეთია: ცვილის სურო, შეფლერა, ასპიდისტრა, არაუკარია, კალისტემონი, პლუმერია, კალა, ბანანი.

გამთბარ ოთახში მცენარე გამათბობელ საშუალებებს უნდა მოარიდოთ. ასეთ სივრცეში ჰაერი მშრალია, რასაც ნაზფოთლიანი, ტენის მოყვარული მცენარეები ვერ იტანენ. მათ ტენიანი გარემოს შექმნა სჭირდებათ, მაგრამ ეს უხვი მორწყვით არ მიიღწევა - ჰაერის ტენიანობა უნდა გაზარდოთ, რაც სპეციალური დამატენიანებელი აპარატის მეშვეობით ხდება. მაღალი ტენიანობა სჭირდებათ - ალოკაზიას, დიფენბახიას, კალადიუმს, მარანტებს, დიდფოთლიან ბეგონიებს, ვენერას თმას, ანთურიუმს, ოთახის ყოჩივარდებს, სატაცურებს, სინგონიუმს, ციპერუსს (პაპირუსს).