2013 წლის წარმატებული ფერმერი - კვირის პალიტრა

2013 წლის წარმატებული ფერმერი

"ჩვენს სოფელში მიწები 50%-საც აღარ აქვს. გაუჭირდათ და 200-300 ლარად გაყიდეს"

მალხაზ მემარნიშვილი საგარეჯოს რაიონის სოფელ დიდი ჩაილურის მკვიდრია. პროფესიით აგრონომი, 40 წელია მევენახეობას მისდევს. 2003 წელს საფერავის ჯიშის ვენახი გააშენა და მას მერე რუდუნებით უვლის. წელს კი საუკეთესო მოსავალი მიიღო - 2013 წელს ჩაბარებული ყურძნის სანაცვლოდ, 183 000 ლარი აიღო და წლის წარმატებულ ფერმერადაც გამოცხადდა.

- 12 ჰექტარზე საფერავის ჯიში მაქვს გაშენებული, 1 ჰექტარზე - რქაწითელი. 110 ტონა საფერავი მივიღე, რქაწითელი კი - 10 ტონა... ჩასაბარებელმა ფასმა მოიმატა და ხელი ამანაც შეგვიწყო. 110 ტონა 1.90 ლარად ჩავაბარე. ბოლოს კი 30 ტონის ჩაბარება 2 ლარად მოვახერხე...

- ამხელა მოსავალი პირველად ჩააბარეთ?

- დიახ. წინა წლებში ყურძნის ჩასაბარებელი ფასი საკმაოდ დაბალი იყო. ამჟამად ხელი იმანაც შეგვიწყო, რომ  რუსეთის ბაზარი გაიხსნა, რამაც მეტი და ხარისხიანი მოსავლის მიღებისთვის სტიმული მოგვეცა.

- შარშან ვენახის მოვლა რა დაგიჯდათ?

- მოკრეფის გარეშე - 30 ათასი ლარი,  7 ათასამდე კი დაკრეფა...

2012 წელს ვენახი დაგვესეტყვა და მოსავალი გაგვინადგურდა, რამაც 2013 წლის მოსავალზეც იმოქმედა. რომ არ დასეტყვილიყო, უკეთეს და კიდევ მეტ ყურძენს ავიღებდით.

- შარშან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დარიგებული ვაუჩერით თუ ისარგებლეთ?

- არა, რადგანაც ჩვენს სოფელში სიები რომ შედგა, 30 კაცი გამორჩათ და მათ შორის მეც აღმოვჩნდი.

- წლის წარმატებული ფერმერი რას ურჩევდა მათ, ვისაც ვენახის მოვლა უნდა?

- უპირველესად ვენახი არ უნდა მიატოვონ! მართალია, ბოლო წლებში ჩვენი შრომა არ ფასდებოდა, მაგრამ წელს ვაზის მოვლის პერსპექტივა გაჩნდა. მოუარონ და შრომა დაუფასდებათ...

- ალბათ თქვენთვის ვაზი განსაკუთრებული კულტურაა...

- ვაზი ჩემი კი არა, საქართველოს სიამაყე და სიყვარულია. მას გულმოდგინე მოვლა სჭირდება: გასხვლა, საკვების მიცემა, შეწამვლა და ყველა პირობის აგროვადებში შესრულება. დაგვიანება და გადაცდენა არ შეიძლება. იმ პერიოდში, როცა ჭრაქისა და სოკოვანი დაავადების საშიშროება არსებობს, უნდა შეიწამლოს, თორემ განადგურდება. ეს პროცედურა მაის-ივნისში უნდა ჩატარდეს, როცა ტენიანობა მეტია.

- შეწამვლა შაბიამნით ხდება?

- შაბიამნითაც შეიძლება, მაგრამ არსებობს სისტემური, კონტაქტური და სისტემურ-კონტაქტური პრეპარატები. შაბიამანი კონტაქტური პრეპარატია.

სისტემური პრეპარატი ჰქვია იმ შესაწამლ საშუალებას, რომელიც მთლიანად აღწევს მცენარეში, ღეროში და მთელ მცენარეზე მოქმედებს. ებრძვის სოკოვან დაავადებებს - ჭრაქსა და ნაცარს... როდესაც მწვანე მასა 10-15 სანტიმეტრზე გაიზრდება, მაშინ უნდა შეიწამლოს. პირველი შეწამვლა ტკიპაზე ხდება და შემდგომ უკვე სხვა დაავადებებზე - კონტაქტური პრეპარატებით. ვაზი ყვავილობას რომ დაასრულებს და სანამ მარცვალი გამსხვილდება, შეწამვლა კიდევ უნდა. მერე კი დაავადებების საშიშროება აღარ არის.

- რა სიხშირით უნდა მოირწყას?

- მორწყვა საჭიროების შემთხვევაში უნდა. მორწყვა იმისთვის არის საჭირო, რომ წვენი აიღოს. კახეთში მორწყვა აუცილებელია (ერთი-ორჯერ, აგვისტო-სექტემბერში).

- ზამთრის პერიოდში გასხვლა თუ შეიძლება?

- ვაზი კვირტის გაღვიძებამდე უნდა გაისხლას. გასხვლის შემდეგ ვაზის დაკავება ანუ მიბმა ხდება. გასხვლისას უნდა დავუტოვოთ სამამულე რქა, რომელმაც დაკავების შემდეგ ყურძნის ნაყოფი უნდა მოგვცეს. შემდგომ მოდის მწვანე ოპერაცია ანუ გაფურჩვნა...

- ვაზი გაშენებიდან რამდენ ხანში იძლევა მოსავალს?

- მესამე წელს 30-40% მოსავალს იძლევა. კარგი მსხმოიარე კი 5 წელიწადში ხდება. ვისაც შრომა არ ეზარება, შედეგს უთუოდ მიაღწევს. ჩვენს სოფელში მიწები 50%-საც აღარ აქვს. გაუჭირდათ და 200-300 ლარად გაყიდეს. რაც ძალიან სამწუხაროა.

- თქვენს სოფელში რამდენი კომლი ცხოვრობს?

- დიდ ჩალაურში 350 კომლია...

- მეფუტკრეც ყოფილხართ...

- კი, მეფუტკრეც ვარ. ფუტკარს ისე ვერ შეინახავ, თუ მისი მოვლა არ იცი.  ფუტკარი ძირითათად ჩემს ეზოში მყავს. მათ გადასაადგილებლად დრო არ მრჩება, არადა, ფუტკარი იქით უნდა გადაიყვანო, სადაც მეტი ყვავილია... ჩემი მოუცლელობის გამო ფუტკარი იმას სჯერდება, რა ყვავილებიც ახლომახლოსაა.

- რა გეგმები გაქვთ?

- მინდა უკეთ მოვუარო ვენახს. მაქსიმალურად საუკეთესო პირობები შევუქმნა და თუ ბუნებამაც დაგვინდო, მოსავალსაც მეტს მოვიყვანთ, უფრო მეტ ფართობს ავითვისებთ.

სარეზერვო მიწაც მაქვს. წელს კიდევ ერთი ჰექტარი ახალი ვენახის გაშენებას ვაპირებ...