ნაძვის გამრავლების პატრიარქისეული მეთოდი - კვირის პალიტრა

ნაძვის გამრავლების პატრიარქისეული მეთოდი

წიწვოვანი მცენარეები, გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ისინი გამოიყენება როგორ სამედიცინო, ისე კოსმეტიკური პროდუქციის დასამზადებლად.

წიწვოვანი მცენარეების უმრავლესობა ბუნებაში და სანერგეებშიც თესლით მრავლდება, დეკორატიული ჯიშები  კი მყნობით. ამ თემაზე  გვესაუბრება საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის თანამშრომელი მაია ქურდაძე:

- წიწვოვნებს ჩვენში არავინ ამყნობს. ამ მეთოდს უცხოეთის სანერგეებში იყენებენ. ჩვენში კალმით იმ წიწვოვნებს ამრავლებენ, რომლებიც თესლით არ აღმოცენდებიან. ასეთია ვერცხლისფერი ან ცისფერი ნაძვი, ჩვენთვის უცნობი მეთოდებით გამოყვანილი ოქროსფერი, ვერცხლისფერი ან ჭაღარა ფიჭვი, ღვია, ტუია.

საჩვენებელ მასალად ცისფერი ნაძვი შეგირჩიეთ, რომელსაც ჩვენში ვერცხლისფერ ნაძვს უწოდებენ. სინამდვილეში ვერცხლისფერი და ცისფერი ნაძვი სხვადასხვა სახეობაა. ჩვენთან, ძირითადად, ვერცხლისფერი ნაძვია გავრცელებული, რომელიც ძნელად გასამრავლებელ მცენარედ მიიჩნევა და ამიტომ ძვირად ფასობს. ახლა ცისფერი ნაძვის მაგალითზე გაჩვენებთ კალმების დამზადებას.

ეს მეთოდი კათოლიკოს-პატრიარქმა ილია  II -მ გვასწავლა, როცა საპატრიარქოს ბაღში ვმუშაობდით:

1.  კალმები, უმჯობესია, ახალგაზრდა მცენარიდან აიღოთ - უფრო ადვილად ფესვიანდება. საკალმე ახალგაზრდა ყლორტები ხელით ჩამოვაცალოთ ტოტს ისე, რომ მერქნის ნაწილი თან გამოჰყვეს. წიწვოვნებზე კალამს არ ჭრიან, რადგან მოჭრილი კალმიდან ფისი იწყებს დენას, რაც დაფესვიანებას ხელს უშლის.

2. ქვედა წიწვები, რომლებიც მიწაში უნდა მოექცეს, ფრთხილად დავაჭრათ ძირში.

3.  გამზადებული კალმები შეგიძლიათ პირდაპირ ღია ცის ქვეშ, მიწაში ჩარგოთ ვერტიკალურად. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ფართო ქოთანიც გამოგადგებათ. მიწა წინასწარ კარგად გაანაყოფიერეთ და გააფხვიერეთ. ჩასარგავად პატარა ჯოხი გამოიყენეთ, რომლითაც მიწაში პატარა ორმოს გააკეთებთ.

4. ჩადეთ კალამი ორმოში და მიწა მსუბუქად მიუტკეპნეთ ისე, რომ არ მოძრაობდეს. ბოლოს, უხვად მორწყეთ. ქოთანში დაკალმებულებს აუცილებლად დააფარეთ გამჭვირვალე თავსახური ისე, რომ შიგნით არანაკლებ 20 სმ სიმაღლის სივრცე დარჩეს. ამისათვის დაჩხვლეტილი ცელოფანიც გამოდგება.

შეძლებისდაგვარად ეცადეთ, კალმები ჩრდილში მოექცეს. პატარა ნაძვებს მზე არ უყვართ. რადგან ის ცივი ჰავის მცენარეა, დათბუნება კალმობაშიც არ სჭირდება. დასაფესვიანებლად საუკეთესო ტემპერატურაა 13-18° C.  20° C-ზე მაღალ ტემპერატურაზე დაფესვიანების პროცესი ჩერდება. 2-3 თვეში დაიწყებს დაფესვიანებას. დაფესვიანებული კალმები გადასარგავად მზად იქნება ერთი წლის შემდეგ.