იანვრის სამუშაოები - კვირის პალიტრა

იანვრის სამუშაოები

იანვრის პირველ ნახევარში შეგიძლიათ სანამყენე კალმების მომზადება: აჭერით ერთწლიანი, კარგად განვითარებული, დაუზიანებელი, 3-5-კვირტიანი კალმები, რომელთა დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 0,5 სმ-ისა.

სანამ მყნობის დრო დადგება, კონებად შეკრული კალმები შეინახეთ ცივ სარდაფში,  სველ ქვიშაში, სადაც ტემპერატურა 0 გრადუსამდეა. თითოეულ კონას გაუკეთეთ შესაბამისი წარწერა.

თუ გაქვთ თბილი და ნათელი ნაგებობა, სადაც ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსი ცელსიუსია, შეგიძლიათ მთელი ზამთრის განმავლობაში მოიყვანოთ ოხრახუში, ნიახური და მწვანე ხახვი. ამ კულტურების ფესვები და ხახვის უვარგისი ბოლქვები ჩარგეთ ნაკელიანი მიწით სავსე ყუთებში და დადგით თაროებზე ან იატაკზე ისე, რომ ყუთებს კარგად ხვდებოდეს სინათლე. ნიადაგი ყუთებში მუდმივად ტენიანი უნდა იყოს (მორწყეთ თბილი წყლით).

უმჯობესია, ხარისხიან თესლზე ზამთარშივე იზრუნოთ. რა თქმა უნდა, თქვენი ხელით გამოყვანილი სათესლე მასალა გაცილებით სჯობია ნაყიდს, მაგრამ ამის გაკეთება ყველას არ ძალუძს, სპეციალიზებულ მაღაზიებში თესლის შეძენა კი უფრო მოხერხებულია, ოღონდ, აუცილებლად მაღაზიებში და არა ბაზარში, კერძო პირისგან. საუკეთესო ვარიანტია თესლის (და სხვადასხვა ნერგის) შეძენა მემამულეთა კავშირის მაღაზიაში, სადაც ხარისხი გარანტირებულია.

თესლის ცივ ადგილას შენახვა არ არის სასურველი, რადგანაც დათესვამდე არანაკლებ 1 თვით ადრე იგი უნდა გათბეს 30 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურაზე. ამიტომაც თესლის შესანახად საუკეთესოა ოთახის პირობები, კარადის ქვედა უჯრა - იატაკთან ახლო.

გახსოვდეთ! რაც უფრო ძველია თესლი, მით ნაყოფიერია მისგან აღმოცენებული მცენარე, მაგრამ მისი აღმოცენების უნარი დაბალია.

ნაყოფის მომცემ მცენარეთა თესლების შენახვის ნორმალური ვადაა 3-4 წელი.

ძირხვენების, ხახვისა და კომბოსტოს სხვადასხვა ჯიშის დასათესად საუკეთესოა წინა წელს აღებული თესლი.

გთავაზობთ სხვადასხვა კულტურის თესლის შენახვის ვადების ცხრილს:

კულტურა                                                                                 შენახვის ვადა

ხახვი, ოხრახუში, ძირთეთრა, სიმინდი.                          1-2 წელი

სტაფილო, კომბოსტო, ყაბაყი, ნიახური, სალათა, ბარდა, თალგამურა, ლობიო, თვის ბოლოკი, ბოლოკი, წიწაკა, ისპანახი, ნესვი.                                                            3-5 წელი

ჭარხალი, კიტრი, მდოგვი, პამიდორი, გოგრა, ნესვი, პატისონი, საზამთრო.       5 წელზე მეტი