კითხვა-პასუხი
06-01-2014
კითხვა-პასუხი
კითხვებს უპასუხებსსწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიტოთერაპევტი ნიკოლოზ იოსებიძე


ნაკვეთში დიდ ფართობზე მინდა ჭარხლის დათესვა. რას მირჩევთ? იქნებ ჭარხლის კულტურაზე ვრცლად გვესაუბროთ.
სიმონ ჭოღოშვილი, კახეთი


- ჩვენთან სამი სახის ჭარხალი ხარობს: შაქრის, სუფრის და პირუტყვის საკვები.
შაქრის ჭარხალი, რომლის ძირხვენა 14-20% შაქარს შეიცავს, ძირითადი ნედლეულია შაქრის წარმოებაში. მისგანვე ხდიან სპირტს, იღებენ გლიცერინს და ლიმონმჟავას, ხოლო ნარჩენებს პირუტყვის საკვებად იყენებენ.
სუფრის ჭარხალი შეიცავს 8-12% შაქარს, 1,5% - ცილას, მიკროელემენტებს და ვიტამინებს.
საკვები კულტურა შესანიშნავია ძროხისთვის რძის მოსაყვანად...
პირუტყვის ჭარხალი ადამიანისათვის საკვებად უვარგისია...
ჭარხალი მაშინ ითესება, როცა ნიადაგი 5-6 გრადუსამდე გათბება. ითესება მწკრივებად. აღმოცენება იწყება დათესვიდან მერვე-მეთორმეტე დღეს. ჩვენთან სამივე სახის ჭარხალი კარგ მოსავალს იძლევა, იოლად მოსავლელიც არის და ამიტომ თქვენს მამულში ნებისმიერს მოეძებნება ადგილი.


ლეღვის ხეს
სჭირდება თუ არა განსაკუთრებული ადგილი დარგვის დროს?
თინა კოპაძე, თბილისი


- ლეღვი ყველანაირ ნიადაგში ხარობს, ქვაღორღიანსა და კლდოვანშიც კი. მთავარია, დარგვის დღიდანვე შევუწყოთ ხელი. უნდა ამოვთხაროთ ფართო ორმო და დარგვის შემდეგ მიწით შევავსოთ, შემდეგ კი კარგად მოვრწყათ. არც ლეღვის გამრავლებაა ძნელი - იგი მრავლდება ამონაყარით, ერთწლიანი ღეროს კალმით და მყნობით. ნაყოფს იძლევა მეორე-მესამე წელს. ლეღვის ხე 150-200 წელს ცოცხლობს. შესაძლებელია მცენარის გაახალგაზრდავებაც, ანუ გადაჭრა და ამონაყარებით განახლება. კალმებს დასაფესვიანებლად გვიან შემოდგომით ჭრიან, ზამთრის დასაწყისში გრილ სარდაფში ტენიან ქვიშაში ინახავენ და გაზაფხულზე სანერგეში რგავენ, შემოდგომით ან მეორე გაზაფხულზე კი მუდმივ ადგილზე გადააქვთ.


რაზეა დამოკიდებული კარტოფილის მოსავლიანობა?
ბადრი ქავთარაძე, დედოფლისწყარო


- კარტოფილის მოსავლიანობა დამოკიდებულია კლიმატურ-ნიადაგურ და აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსზე.
კარტოფილის შემოსვლის, მომწიფების ნიშანია ფოთლების ჭკნობა და ჩამოცვენა...
კარტოფილის აღება შეიძლება კარტოფილის მთხრელი გუთნითაც. გუთნით ამოყრილ კარტოფილის ბოლქვებს ხელით კრეფენ.


მიწიდან ამოღებული და გასუფთავებული კარტოფილი მინდვრიდან გააქვთ და ახარისხებენ. დაზიანებულ და წვრილ ნაყოფს პირუტყვის საკვებად იყენებენ.


- რით გავაშენოთ ქარსაფარი ზოლი?
ბონდო ქურდაძე, ხაშური


- შეგიძლიათ დარგოთ კედარი. კედრის თესლის ყიდვა სად შეიძლება, ამას მემამულეთა კავშირში გეტყვიან. თუ თქვენი მიწის ნაკვეთი ურწყავია, კვიპაროსების გაშენება ჯობს. თუ სარწყავი ნაკვეთი გაქვთ, შეგიძლიათ ასე მოიქცეთ: მოჭერით ტირიფის სწორი, 1-1,5 მ-იანი ტოტები, დარგეთ ერთმანეთისგან 3 მ-ის დაცილებით და შუაში ჩარგეთ ქაცვი. ტირიფი ყველა მდინარის ნაპირზე იზრდება, ქაცვი - მდინარე ივრის სანაპიროზე. თქვენ ერთდროულად ქარსაფარიც გექნებათ, შეუვალი ღობეც და ქაცვის უძვირფასესი ნაყოფიც. თუ ქაცვის მოსათხრელად შორს წასვლა დაგეზარებათ, მაშინ ტირიფებს შორის მაყვალი დარგეთ. არც ეს არის ურიგო ღობე - მაყვლის ნაყოფი რომ გემრიელი და სასარგებლოა, ალბათ, ეს ყველამ იცით.


8 წელიწადია, ეზოში ბროწეულის ხე ყოველწლიურად ყვავილობს, მაგრამ ნაყოფს არ ისხამს. რა გავაკეთო იმისთვის, რომ ნაყოფი მოისხას?
ბესიკ სიხარულიძე, ჩოხატაური


- როგორც ჩანს, ყვავილები და ნასკვები ხეს ადრე სცვივა. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ  მთავარი მაინც ნიადაგში ნივთიერებების ნაკლებობაა. ყვავილების გაშლამდე ნიადაგში აზოტის შეტანა ხელს შეუწყობს ნასკვების შენარჩუნებას. ყვავილებისა და ნასკვების ცვენას იწვევს ნიადაგში წყლის ნაკლებობაც.  ზოგჯერ ნასკვების ცვენას ნიადაგის ზედმეტი დატენიანებაც იწვევს. ასეთ დროს მცენარის ფესვები ზიანდება და ფოთლებს იმდენ წყალს ვერ აწვდის, რამდენიც საჭიროა.
მცინარი რუბაშვილი
28 თებერვალი 2014 10:02
სოფლის მეურნეობას უფრო მეტი ყურადრება ჭირდება ვიდრე გონია ზოგიერთს, მარწყვი და პომიდორი ხეზე რომ არ იზრდება ბევრმა არ იცის, პროფესორმა ქალმა მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ყოფილი თანმშრომელი გახლავთ ეს ქალი 70 წლის მარწყვის კალმები რომ დავრგე ეზოში ეგ მავნებელია და ისეთი დაავადება უჩნდება ხალხის ჯანმრთელობას ვნებს და ამოთხარე მოაცილე აქედანო, იმას რომ პროფესორის ხარისხი მიანიჭა იმას რაუნდა ელაპარაკო ჯერ და მერე თვითონ იმ ღისეულ გვამს?! პამიდორი რომ მოისხა გადაირია პირველად დავინახე პამიდორი რომ მიწაზე მოდისო?!ასეთებს ქონდათ მშობლების ფულით ნაყიდი დიპლომები და გვეჯდნენ თავზე ახლა კიდევ აბიტურიენტებს ასწავლიან უნარებს და ფულს აკეთებენ უვარგისი სკოლის პედაგოგების მეცადინეობით, თუ განათლების სისტემის დაბალი დონის გამო
saakadze
08 იანვარი 2014 23:18
კარტოფილზე ამომწურავი ინფორმაციაა, მეტი აღარც გჭირდება. პ.ს. რა არის თქვე კაი ხალხო, პირველი კლასის სასაუბროა?

რედაქტორის რჩევით