"შობის ვარსკვლავი" რომ მუდამ ელვარებდეს...
06-01-2014
"შობის ვარსკვლავი" რომ მუდამ ელვარებდეს...
ბოლო დროს ჩვენში ულამაზესი მცენარე პუანსეტია, იგივე "შობის ვარსკვლავი" გავრცელდა, რომელზეც განსაკუთრებული მოთხოვნა წინასაშობაო დღეებში მატულობს. როგორ გავახაროთ "შობის ვარსკვლავი", საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სპეციალისტი მაია ქურდაძე გვესაუბრება:

- პუანსეტია ანუ "შობის ვარსკვლავი" რძიანას ერთ-ერთი სახეობაა. მისი სამშობლო ცენტრალური ამერიკაა. "შობის ვარსკვლავი" იმიტომ შეარქვეს, რომ ყვავილობას საშობაოდ იწყებს. ძირითადად, წითელი, ვარდისფერი და კრემისფერი სახეობებია ცნობილი. ხელოვნურად, მათი შერევით კი, სხვადასხვა შეფერილობის გამოიყვანეს: წინწკლებით, ზოლებით, ლაქებით... ადგილობრივი ინდიელები პუანსეტიას სიწმინდის
სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. მოგვიანებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მის წვენს მავნე ბაქტერიების განადგურების უნარი აქვს. ის თავის ახლომახლო ჰაერს ასუფთავებს სტრეპტოკოკებისა და ნაწლავის ჩხირებისგან. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მისი რძე-წვენი (ნედლი სახით) ლორწოვანი გარსის ძლიერი გამაღიზიანებელია (განსაკუთრებით პატარა ბავშვებს უნდა მოარიდოთ, რომ შემთხვევით მოწყვეტილი ფოთლიდან გამოსული
წვენი თვალში ან პირში არ მოხვდეთ. თუ ასეთი რამ მოხდა, გაღიზიანებული ადგილი თბილი წყლით მობანეთ. ხოლო წვენის გადაყლაპვის შემთხვევაში, ალერგიისგან თავის დასაზღვევად, ექიმს მიმართეთ). პუანსეტია შეუდარებელ წინასაახალწლო განწყობას ქმნის.

დღესასწაულების შემდეგ, ეს ლამაზი მცენარე, რა თქმა უნდა, გადასაგდებად არ გვეთმობა. უკეთესი იქნება, თუ თებერვლისთვის გადარგავთ სხვა ქოთანში, რომელსაც კარგი დრენაჟი გაუკეთეთ. ქოთანს ძირში  წვრილი ხრეში ჩაუყარეთ. ძველი ქოთნიდან ამოღებულ მცენარეს ფესვებიდან ტორფი ფრთხილად, სანახევროდ შემოაცალეთ, ზედმეტი ტოტები შეაჭერით, დაუტოვეთ მხოლოდ 2-3 ძლიერი ტოტი. დატოვებული ტოტები ქვემოდან 10-12 სანტიმეტრზე გადაჭერით. ნუ დაგენანებათ, ეს მისი უკეთესი განვითარებისთვის აუცილებელია. გამზადებული მცენარე ნოყიერ მიწაში ჩარგეთ და მორწყეთ. მისი მოვლა ძნელი არ არის: სითბო და ნათელი ადგილი უყვარს. სასურველია, შუადღის მზე რომ არ ადგებოდეს. ზომიერი მორწყვა სჭირდება. მიწის ზედაპირი რომ გაუშრება, წყალი შემდეგ დაასხით, გამოშრობისას ფოთლები მაშინვე მოიწყენენ. ზედმეტად სველ მიწაში კი ფესვები ლპობას იწყებს, ამიტომ სადგამიდან წყალი მაშინვე გადაუღვარეთ. სულ მალე თქვენი გადაჭრილი პუანსეტია ახალ ყლორტებს წამოიღებს. თუ მეტისმეტად ბევრი ტოტი შეამჩნიეთ, ყველაზე სუსტები ძირიდანვე მოაშორეთ, რომ ფოთლები ლამაზად გაეზარდოს.

ახლა გადავიდეთ მთავარზე: როგორ გავხადოთ მცენარე მომავალი შობისთვის ისეთი, როგორიც შევიძინეთ. ამისთვის ცოტა გარჯა და ყურადღება დაგჭირდებათ: დაახლოებით ოქტომბრიდან ზაფხულის განმავლობაში გაზრდილ-გაძლიერებულ მცენარეს დღის ხანგრძლივობა "შეუმოკლეთ". პუანსეტია ე.წ. მოკლე დღის მცენარეა, ე.ი. ყვავილობას მაშინ იწყებს, როცა დღის ხანგრძლივობა მცირდება. ამ ეფექტის მისაღწევად, თავზე გაუმჭვირვალე ყუთი დაახურეთ და ასე დღე-ღამეში არანაკლებ 14 საათი ამყოფეთ, დღის განმავლობაში ახადეთ. მცენარე იგრძნობს, რომ ყვავილობის დრო მოვიდა და მომზადებას დაიწყებს: კენწეროების ფოთლები ფერს ნელ-ნელა შეიცვლის. 2-2,5 თვეში კი თქვენი "შობის ვარსკვლავი" ძველებურად აელვარდება. ფერადფოთლებიან პუანსეტიას რაც უფრო გრილად ამყოფებთ, ფერს მით მეტხანს შეინარჩუნებს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ 10 გრადუსზე სიცივისგან ჭკნობას იწყებს.
თიკო
15 დეკემბერი 2015 15:07
ერთი კვირის წინ ვიყიდე ყვავილი, უკვე წითელია, მაგამ მწვანე ფოთლები გაუყვითლდა და დასცვივდა, რა უნდა ვქნა? წითელი ფოლებიც ხომ არ დასცვივდება?
sofiko chumburidze
12 თებერვალი 2015 22:37
ძალიან მიყვარს ,,შობის ვარსკბლავი,, არაჩვეულებრივად ლამაზია, მართლაც რომ სადღესასწაულო განწყობას უქმნის ადამიანს

რედაქტორის რჩევით