თებერვალი დადგაო... - კვირის პალიტრა

თებერვალი დადგაო...

მიიწურა იანვარი. ბუნება იღვიძებს. მეურნე კაცისთვის უქმად ყოფნა ვის გაუგონია? მით უმეტეს, გაზაფხულის წინ, როცა გასაკეთებელი ბევრია:

უპირველესად საჭიროა ღობის გამაგრება.  დარგეთ რამდენიმე ძირი ქაცვის ნერგი, რომ საქონელმა ეზოში ვერ შეაღწიოს.

ვაზებს საყრდენები უნდა შეუცვალოთ, ბოძები გაამაგროთ და მავთულებიც გაჭიმოთ.

ხეხილსა და კენკროვნებს ხმელი და დაზიანებული, მოტეხილი ტოტები მოახერხეთ. ბარის, ნიჩბისა და თოხებისთვის ახალი ტარებია საჭირო. სატარეები ტირიფისგან შეგიძლიათ მოჭრათ, ტირიფის ტარი მსუბუქია და გამძლეც.

ახალი ნერგების დარგვაზეც იზრუნეთ. მოიმარაგეთ თესლები: პომიდვრის, კიტრის, ყაბაყის, გოგრის, ბადრიჯნის, წიწაკის (მწარე და ბულგარული);

თებერვალში მეურნე კაცს შინ რა გააჩერებს. შემოდგომით თუ ვერ მოიცალა, ახლა მაინც დაბარავს საბოსტნე მიწას. ბაღს და ვენახს, მთლიანად თუ ვერ შეძლებს, ძირებს მაინც შემოუბარავს. თებერვალი ყოველთვის წყალუხვი თვე იყო. კარგი იქნება, დაბარულზე თოვლი რომ დადოს, მერე ცოტა გალღვება, ცოტას მოყინავს და მაგარ-მაგარი ბელტიც ჩაიშლება.

მავნებლების საწინააღმდეგოდ ხეხილი ნიტროფენით უნდა შეიწამლოს. თუ შარშან ვაშლი და მსხალი ქეცით იყო დაავადებული, უმჯობესია, მოფოცხოთ და ერთად შეაგროვოთ ფოთლები, Mწვრილი ტოტები და დაწვათ, ნაცარი კი ხეებს ძირებში ჩაუბაროთ. თუ გადამწვარი ნაკელი გაქვთ და მასთან ერთად ჩაბარავთ, კიდევ უკეთესი იქნება.

თუ ნიადაგი შემოდგომით დაბარეთ და სასუქიც შეიტანეთ, მაშინ ჩაუშლელი ბელტი თოხით ჩაშალეთ, კარგად მოასწორეთ, დაკვალეთ და საადრეო კულტურები დათესეთ: თვის ბოლოკი, პრასი, ხახვი, სტაფილო, ოხრახუში და ბარდა. ამ კულტურების დათესვა შეგიძლიათ 20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით.

ცოტაც და, გაზაფხული ძალაში შევა. გაიღვიძებს მიწა, ხე, ბუჩქი და, რა თქმა უნდა, ათასგვარი ჭიაღუა, სოკო და ლიქენი, რომელთაც ახლავე თუ არ მიხედეთ, მერე გვიან იქნება.

კვირტის დაბერვამდე ჩამოფხიკეთ შტამბსა და ტოტებზე არსებული ლიქენი, მოაცილეთ და დაწვით დაავადებებისა და მავნებლებისაგან დაზიანებული ტოტები, ზედ შემხმარი ნაყოფი და მავნებლების ბუდეები, გადანაჭრებზე წაუსვით ბაღის მალამო. ხეები ჩამორეცხეთ 3%-იანი ბორდოს ხსნარით.

შტამბსა და ტოტებზე ლიქენების საწინააღმდეგოდ შეასხურეთ 3-5%-იანი რკინის ძაღას ხსნარი (300-500 გ ძაღა 10ლ წყალზე), შემდეგ შეათეთრეთ კირის რძით.

ყველა მერქნიანი კულტურა (ხეები, ბუჩქები) კვირტის გაშლამდე ჩამორეცხეთ 3-5%-იანი ბორდოს ხსნარით (300 გ შაბიამანი და 250 გ ჩაუმქრალი კირი 10 ლ წყალზე).

ეს თავიდან აგაცილებთ საშიშ სოკოვან დაავადებებს: ვაშლისა და მსხლის ქეცს, ფოთლის სიხუჭუჭეს, ფიტოფტოროზსა და მონილიოზს.