"გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რას ვჭამთ!"
03-02-2014
"გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რას ვჭამთ!"
რას გვირჩევს სპეციალისტი

თუ ხორცს "ფორმა 2"  არ ახლავს...

როგორ გავარჩიოთ დაავადებული ხორცი ჯანმრთელისგან


*რითი ავადდება საქონელი
*როგორ აისახება ცხოველის დაავადება ადამიანის ჯანმრთელობაზე
*რატომ უნდა დამუშავდეს საქონლის ღვიძლი თერმულად
*როგორ მოწმდება პირუტყვი სასაკლაოზე


"ცხოველები ჩემი მეგობრები არიან, მე არ ვჭამ ჩემს მეგობრებს", - ამბობდა ცნობილი მწერალი ჯორჯ ბერნარდ შოუ, თუმცა, ადამიანები ცხოველებს საუკუნეების განმავლობაში სწორედ საკვებად იყენებდნენ. როგორც ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, "ნიკორას" ექიმი-ზე
დამხედველი თეიმურაზ მარხვაშვილი ამბობს, სასაკლაოზე მიყვანილ ცხოველებს პულსი და სუნთქვა უჩქარდებათ, სტრესულ სიტუაციაში არიან და ისევე იქცევიან, როგორც გონიერი არსებები.


- ბატონო თეიმურაზ, თავდაპირველად თქვენი ფუნქციების შესახებ გვიამბეთ.
- ჩემს ფუნქციებს შორის უმთავრესი სასაკლაოზე მიღებული ცხოველების კლინიკური შემოწმებაა: უნდა გავუზომო ტემპერატურა, პულსი, სუნთქვა და შემდეგ დავადგინო, კლინიკურად ჯანსაღია თუ არა. ვიდრე სასაკლაოზე გაიყვანდნენ,
პირუტყვი ორი საათით მაინც უნდა გააჩერო იმიტომ, რომ ამ დროს ის სტრესულ სიტუაციაშია, პულსი და სუნთქვაც აჩქარებული აქვს და ამ სიმპტომებმა სპეციალისტი შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს. ამიტომ ჯერ უნდა დამშვიდდეს და ამის შემდეგ გაჰყავთ დასაკლავად. სასაკლაოები ჩვენთან ბევრია: გაჩიანში, ყარაჯალაში, რუსთავში, ტაბახმელაში და ა.შ. რამდენიმე სახელმწიფო სასაკლაოც არის, მაგრამ, ძირითადად, კერძო სასაკლაოებია.

- დარწმუნებული ხართ, რომ ხორცი, რომელსაც სუპერმარკეტებში ვყიდულობთ, უვნებელი და ჯანსაღია?
- შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რაც ჩვენს სასაკლაოზე ხდება: ჩვენგან მაღაზიებში აბსოლუტურად საიმედო და შემოწმებული ხორცი შედის.

უპირველესად უნდა გამოირიცხოს საშიში დაავადებები: ჯილეხი, ბრუცელოზი, თურქული, არსებობს არანაკლებ საშიში დაავადება, რომელსაც ხალხში "ჭრიჭინას" ეძახიან: ამ დაავადების დროს პირუტყვის კანი დახორკლილია და თითქოს ჭრიჭინებს, ამიტომაც დაერქვა ეს სახელი. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ადამიანზეც გადადის და მის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. აუცილებლად უნდა ვახსენო პასტერელოზი, რომელიც სახიფათო დაავადებაა. ადამიანი, რომელიც პასტერელოზით დაავადებული პირუტყვის ხორცს შეჭამს, მოიწამლება, თუ დროზე არ მიაკითხა ექიმს, შესაძლოა დაავადებამ სიკვდილი გამოიწვიოს. უაღრესად საშიში დაავადებაა ცოფიც. მას თავისი ინკუბაციური პერიოდი აქვს, რომელიც 6 საათიდან 2 კვირამდე გრძელდება. გლეხმა ხშირად არც კი იცის, პირუტყვს ესა თუ ის ინფექცია აქვს თუ - არა. სწორედ ამიტომაა საშიში ქუჩაში გამოტანილი, შეუმოწმებელი ხორცის შეძენა.
ბრუცელოზი და ტუბერკულოზი საქართველოში ძალიან გავრცელებულია. სამწუხაროდ, მათი ბაცილები გადადის შარდშიც, ფეკალიებშიც და რძეშიც. ამიტომ არის აუცილებელი პირუტყვის საფუძვლიანად შემოწმება.

ადრე ყველა დაბასა და სოფელში იყო ვეტერინარი, რომლისგანაც გლეხს თავისი საქონლის ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა უნდა აეღო. ამ მოწმობას "ფორმაN 1" ერქვა, მასში ეწერა დასაკლავი პირუტყვის ჯიში, სქესი, ასაკი, ახლა კი შეიძლება ვიღაცამ მოიპაროს პირუტყვი, დაკლას და გაყიდოს ისე, რომ პასუხიც არ მოეთხოვოს. არადა, ეს მწვავე ინფექციები პირუტყვიდან ადამიანზე გადადის და პირიქით - ადამიანიდან ცხოველზე. განსაკუთრებით საშიშია ტუბერკულოზის ბაცილა, რომელიც ძალიან მდგრადია, რაც უნდა დიდხანს ხარშოთ ტუბერკულოზიანი საქონლის ხორცი, ბაცილა აუცილებლად სადმე დარჩება. უმძიმესი დაავადებაა ბრუცელოზიც, რომელიც ანადგურებს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი ადამიანის სასქესო ორგანოებს. ქალს საკვერცხეებს უზიანებს, ხოლო მამაკაცს პოტენციას უკარგავს. ბრუცელოზით დაავადებულმა ადამიანმა მთელი სიცოცხლე უნდა იმკურნალოს. ბრუცელოზი ადამიანზე რძის ნაწარმიდან და ყველიდანაც გადადის, ამიტომ
ჭყინტი ყველი საშიშია. ყველი აუცილებლად უნდა გავაჩეროთ მარილწყალში 4-5 დღით მაინც. როცა მარილის ხსნარით გაიჟღინთება, საშიში აღარ არის.

ასევე არ არის საშიში სულგუნი, რადგან მომზადებისას დიდხანს იხარშება.

- როგორ ხვდება სავაჭრო ქსელში სახედრისა და ცხენის ხორცი, ან სულაც დაავადებული ხორცი?
- თბილისს ხორცით ქალაქის გარშემო არსებული სოფლები ამარაგებენ. მოვაჭრეები ყიდულობენ ხბორებს, ზრდიან, ასუქებენ, მერე კლავენ და ხორცს ყიდიან. ყველას თავისი კლიენტურა ჰყავს. არიან ქორვაჭრებიც. სწორედ მათი "დამსახურებაა", რომ ორიოდე კვირის წინ სავაჭრო ქსელში სახედრის ხორცი აღმოაჩინეს, ხოლო უფრო ადრე - ცხენის ხორცი. იყო შემთხვევა, როცა ძაღლის ხორციც აღმოუჩენიათ. სხვათა შორის, იაკუტიაში ძაღლებს სპეციალურად ასუქებენ და ჭამენ, მას ტკბილი გემო აქვს, ვერც კი გაარჩევ ცხვრის ხორცისაგან. სახედარს, როდესაც გატყავებულია, სპეციალისტი თუ არა ხარ და ნეკნები თუ არ დაუთვალე, ვერაფრით განასხვავებ ხბოს ხორცისაგან. იგივე უნდა ითქვას ცხენის ხორცზეც. მართალია, ცხენის ხორცს მომჟავო გემო აქვს, მაგრამ ის სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისა და ნერვული სისტემისათვის. ზოგიერთ ქვეყანაში ცხენის ხორცი კი არა, დელიკატესად ბაყაყი და ლოკოკინაც ითვლება, მაგრამ საქართველოში ამგვარ საკვებს არ მიირთმევენ, ამიტომ სახედრისა და ცხენის ხორცი ბაზარზე არ უნდა მოხვდეს.

- როგორ მიხვდეს ადამიანი, რომ ჯანსაღ ხორცს ყიდულობს?
- თუ ხორცს ღია წითელი ფერი აქვს, ესე იგი, ახალია, ხოლო ხუთ წელს ზემოთ ასაკის საქონლის ხორცს მოყვითალო ფერი გადაჰკრავს, რადგან უფრო დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს. რაც მთავარია, ყურადღება უნდა მიაქციოთ სპეციალური ბეჭდის არსებობას ხორცზე.

- ბევრს უყვარს ღვიძლი, რომელიც ხშირად შეიცავს ექინოკოკის ბაცილებს. არის საშიშროება, რომ ექინოკოკი გადაგვედოს?
- სპეციალისტები შიგნეულსა და მათ შორის გულ-ღვიძლსაც გულმოდგინედ ვამუშავებთ და თუ აღმოვაჩენთ ექინოკოკურ ბუშტებს, ამოვაჭრით ხოლმე - ეს ინსტრუქციით დაშვებულია. ნაღვლის სადინარებსაც გადავსერავთ და კარგად ვასუფთავებთ. თუ ღვიძლის ზედაპირი დასერილია და ალაგ-ალაგ ამოჭრილიც, ჩათვალეთ, რომ ის უკვე სპეციალისტის მიერ გასინჯული და შესაბამისად, უხიფათოა, ხოლო თუ ღვიძლს სწორი ზედაპირი აქვს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კარგია, შეიძლება შიგნით ჩირქოვანი კერები იყოს და ესე იგი, დაავადებულია. სასურველია, უკვე ნაყიდი ღვიძლი მოხარშოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეწვათ.

- ცალკე სასაუბრო თემაა ღორის ხორცი, რომელიც საქართველოში ბევრს უყვარს.
- ღორი ხშირად ტრიქინელათი ავადდება, რადგან ყველაფრის მჭამელია, რომელიც დასნებოვნებულია ტრიქინელათი. დაავადების სრულყოფილი განვითარებისათვის ღორი შუალედური "მასპინძელია". ერთი შეხედვით მას არაფერი ეტყობა: კარგად ჭამს, იზრდება, კიდეც მრავლდება და ა.შ. ტრიქინელოზით ღორი ავადდება, მერე კი ის ადამიანზეც გადადის - ემატება ტემპერატურა, აციებს, ტანზე აყრის და აქვს გულისრევის შეგრძნება. თუ ექიმთან ერთი კვირის განმავლობაში არ მივიდა, ვერავითარი მკურნალობა ვეღარ შველის, პროცესი 3-4 წელი გრძელდება, ტრიქინელოზით დაავადებული ადამიანის ღვიძლი მწყობრიდან გამოდის და ის იღუპება. ამიტომ, თუ ღორის ხორცი გამოკვლეული და შემოწმებული არ არის, არ უნდა შევიძინოთ, რადგან ტრიქინელას მოხარშვაც ვერ კლავს. ხშირად წერენ, რომ ღორის ხორცი 3-4 საათი უნდა ვხარშოთ და ბაცილები დაიღუპება, მაგრამ ყველა დაავადებისთვის ასე არ არის - ტრიქინელას ბაცილა მაღალ ტემპერატურაზეც კი არ კვდება. ალბათ, მკითხველს გაუჩნდება კითხვა: სად უნდა შევიძინოთ ღორის ხორცი? როგორც წესი, ყველა დიდ სუპერმარკეტში არის სპეციალისტი, რომელიც საგანგებოდ იკვლევს ღორის ხორცს. აგრარულ ბაზრებშიც არ გამოაქვთ ღორის ხორცი, თუ საფუძვლიანად არ შემოწმდა ტრიქინელოზზე. ამიტომ მკითხველი კიდევ ერთხელ უნდა გავაფრთხილო: შეუმოწმებელი, ქუჩაში გამოტანილი ხორცის ყიდვისაგან თავი უნდა შეიკავოთ. თუ ის ლაბორატორიულად შემოწმებულია, სპეციალური ბეჭედი, ანუ დამღა უნდა ეტყობოდეს, რომელსაც სპეციალისტი არტყამს. მაღაზიაში შეუმოწმებელ ხორცს არავინ გააჩერებს, მაგრამ არიან ქორვაჭრები, რომლებიც ვეტერინარების მიერ შემოწმებულ და შეუმოწმებელ ხორცს ერთმანეთში ურევენ - შეუმოწმებელ ხორცს კუწავენ და ჩვეულებრივ უკეთებენ რეალიზაციას. სწორედ ასე შემოიპარება ხოლმე ჩვენს დახლებზე უხარისხო და დაბინძურებული ხორცპროდუქტები.

- რაიონებში ხშირად ოჯახში კლავენ საქონელს და ხორცს იქვე, მეზობლებში ყიდიან.

- სწორედ ამ მიზნით იქმნება ინსპექტირების დეპარტამენტი, სადაც 200-კაციანი ჯგუფი იმუშავებს. ისინი პოლიციასთან ერთად საქართველოს მასშტაბით გააკონტროლებენ სიტუაციას და ასეთ შემთხვევაში რეალიზატორი, ვინც უნდა იყოს, მკაცრად დაისჯება: თუ ვინმე ხორცს "ფორმა 2"-ის გარეშე გაყიდის, 400-ლარიან ჯარიმას დააკისრებენ და პროდუქტსაც ჩამოართმევენ.

- რა ტიპის ხორცია ყველაზე სასარგებლო ჯანმრთელობისათვის ან ხანდაზმული საქონლის ხორცზე რა შეიძლება ითქვას?
ბუნებრივ პირობებში გაზრდილი, მინდვრის საქონლის ხორცი ყველაზე მარგებელია შეთვისებადობის თვალსაზრისით. ასევე მარგებელია ძვლიანი ხორცი და მისი ნახარში იმიტომ, რომ კალციუმის მარაგს შეიცავს.
რაც შეეხება ხანდაზმული საქონლის ხორცს, გამოცდილი დიასახლისები მას უფრო წვნიანების მომზადებისას იყენებენ, რადგან მისი შეწვა ძნელია. მხოლოდ ეს არის მისი ნაკლი.

- ადგილობრივი, ქართული ხორცი როგორ უნდა გავარჩიოთ შემოტანილი, იმპორტული ხორცისაგან?

- ხორცი და ღვიძლი საქართველოში არგენტინიდან და ბრაზილიიდანაც შემოდის, ამიტომ ამ შემთხვევაში გამყიდველის სიტყვას უნდა ენდოთ, თორემ მათი გარჩევა ერთმანეთისაგან პრაქტიკულად შეუძლებელია. ბუნებრივია, მითითებული უნდა იყოს, ხორცი არგენტინულია თუ ქართული. გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რაში ვხარჯავთ ფულს და რას ვჭამთ. ამგვარ საკითხებს სწორედ ინსპექტირების ჯგუფი გააკონტროლებს. კანონმა უნდა მოაწესრიგოს ეს სფერო, რომ მყიდველს არჩევანის საშუალება ჰქონდეს, ხოლო ვინც კანონს დაარღვევს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ხათუნა ჩიგოგიძე
maia
05 თებერვალი 2014 17:12
ფორმა #2 ში საქონლის ხორცი არსადაა ნახსენები,მხოლოდ ცხენის და ღორის ხორცია.????????
Tamaz Khatiashvili
04 თებერვალი 2014 11:00
"ბევრს უყვარს ღვიძლი, რომელიც ხშირად შეიცავს ექინოკოკის ბაცილებს"......"ტრიქინელას ბაცილა"
=========================================
ექინოკოკოზი და ტრიქინელოზი პარაზიტული,ჰელმინთოზური დაავადებებია ,ექინოკოკოზის გამომწვევი აგენტი არის larval ეტაპზე Echinococcus granulosus,
ხოლო ტრიქინელოზის გამომწვევია ნემატოდა(მრგვალი ჭია) Trichinella spiralis---და არა ბაცილა როგორც მითითებულია თექსტში.

თამაზ ხატიაშვილი
ვეტერინ.მეცნ.დოქტორი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები