ვინ მოკლა ქართული ჩაი
03-02-2014
ვინ მოკლა ქართული ჩაი
"ძველ ჩაის ფაბრიკებში დანადგარები განადგურდა და ჯართად ჩაბარდა, პლანტაციები გაველურდა, გადაჯიშდა და მის ადგილზე თხილი და კივი დაირგო"

საქართველოში ჩაის კულტურა  XIX საუკუნის დასაწყისში შემოვიდა. მისი შემოტანის სხვადასხვა ვერსია არსებობს, ერთ-ერთით ის საქართველოში შემოიტანა გურიის მთავარმა მამია  გურიელმა, მეორე ვერსიით - თავადმა მიხა ერისთავმა. ჩაისთვის საუკეთესო კლიმატი გურიასა და აჭარაში აღმოჩნდა. ამიტომ რუსებმა ჩინეთიდან მოიწვიეს სპეციალისტი, რომელმაც დასავლეთ საქართველოში ეს კულტურა გააშენა.

XX საუკუნის 20-იან წლებში მეჩაიეობის განსავითარებლად ქვეყანაში სახელმწიფო
პროგრამა მიიღეს. შეიქმნა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი, სადაც გამოიყვანეს ახალი ჯიშები (საყოველთაოდ ცნობილი იყო "საქართველოს თაიგული"). ქართულ ჩაიზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა, რასაც მოჰყვა რაოდენობის ზრდა და ხარისხის გაუარესება. ამან დამღუპველი შედეგი გამოიღო - ქართულმა ჩაიმ დაკარგა დამახასიათებელი გემო და სურნელი, საბოლოოდ კი   XX
საუკუნის 90-იან წლებში განადგურდა.

რამ გაანადგურა საქართველოში ეს კულტურა, დარგის სპეციალისტს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, თამაზ კუნჭულიას ვესაუბრეთ.


- ჩაის ბაზარი მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია იყო, მაგრამ ჩნდება კითხვა: თუ იყიდებოდა, რატომ განადგურდა ჩაი?! საქმე იმაშია, როდესაც ქვეყანა საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა, აღმოჩნდა, რომ ჩვენი უხარისხო პროდუქცია აღარავის უნდოდა. მსოფლიო ბაზარზეც ჩვენთვის განკუთვნილი სავაჭრო ნიშა სხვა ქვეყნებმა შეავსეს...  
90-იან წლებში მსოფლიოში მეჩაიეობის ახალი პერიოდი დაიწყო, რადგან ჩაიზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. მეჩაიეობის კლასიკურმა ქვეყნებმა (ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ.) მაქსიმალურად აითვისეს ადგილები, სადაც ჩაის მოყვანა შეიძლებოდა. რაც მთავარია, ჩაის მოყვანა დაიწყეს ისეთმა ქვეყნებმაც, რომლებსაც ამის გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ ნიადაგი და კლიმატური პირობები საშუალებას აძლევდათ.
ჩაის მწარმოებელი ქვეყნების სიაში საქართველოც შედიოდა. მსოფლიოს 18 ჩაის მწარმოებელი ქვეყნიდან ერთადერთი აღმოჩნდა საქართველო, რომელმაც რეაგირება არ მოახდინა მეჩაიეობის ახალ ტენდენციაზე. პირიქით, შეამცირა როგორც ფართობები, ასევე ჩაის წარმოება.

- საქართველომ რატომ არ აუწყო ფეხი მსოფლიოს ჩაის მწარმოებლებს?
- მიიჩნიეს, რომ ბაზარზე ამის მოთხოვნა აღარ იყო. არადა, ჩვენი ჩაის შემადგენლობა განსაკუთრებულია, თვისებებით არც ერთ სხვა ქვეყნის ჩაის არ ჩამოუვარდება, პირიქით, სჯობნის კიდეც: ინდოეთში, ჩინეთსა და სხვაგან ჩაის მავნებლებს შხამქიმიკატებით წამლავენ, ჩვენთან ამას ბუნებრივად ზამთარი აკეთებს, მავნებლებს სპობს. ასე რომ, ჩვენი ჩაი ეკოლოგიურად უკეთესია.

2003 წელს, კოლეგასთან ერთად, ჩაის განვითარების პროექტი მოვამზადე. შევარდნაძესთან მოხდა მისი განხილვა, მაგრამ ქვეყნის მწირი ბიუჯეტიდან ამ საქმისთვის მილიონის გამოყოფა შეუძლებელი აღმოჩნდა. პროექტი ჩავარდა...
თუ 90-იან წლებში მსოფლიოში ჩაის მწარმოებელი 18 ქვეყანა იყო, დღეს 39-ია. ის ქვეყნებიც დაწინაურდნენ, რომლებიც ჩაის მცირე რაოდენობით მოიხმარენ, მაგალითად, კენია. ამ პროცესებს ყველგან ქვეყნის ხელისუფლება მართავს.

- ე.ი. საქართველოში მეჩაიეობა არ არის პრიორიტეტული დარგი?
- რა თქმა უნდა, თითო-ოროლა მეწარმე სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გახდება... ძველ ჩაის ფაბრიკებში დანადგარები განადგურდა და ჯართად ჩაბარდა, პლანტაციები გაველურდა, გადაჯიშდა და მის ადგილზე თხილი და კივი დაირგო. ბოლო მონაცემებით, შესაძლებელია 12-15 ათასი ჰექტრის აღდგენა, სადაც ჩაის გაშენება შეიძლება. 1 ჰექტრის გაშენება, სავარაუდოდ, 32 000 ლარი ჯდება.

- პლანტაციების გასაშენებლად რა სამუშაოებია ჩასატარებელი?
- აუცილებელია ძველი ჩაის ბუჩქების ამოთხრა, ნიადაგი კარგად უნდა დამუშავდეს და ჩაითოხნოს, რადგან წლებია, არ დაბარულა, სასუქიც არავის შეუტანია.

ამ საქმის დასაძვრელად მე და ჩემმა კოლეგამ პროექტი ისევ მოვამზადეთ. წელიწადში 15-17 მილიონი ლარია საჭირო, მაგრამ სახელმწიფომ მხარი არ დაგვიჭირა. ახლა ვცდილობთ, ეს პროექტი პარლამენტის აგრარულ კომიტეტს წარვუდგინოთ. თუ Uხალხის დასაქმება გვინდა, ჩაი უნდა მოიკრიფოს და თანაც ხარისხიანი. 80-იან წლებში 120 000 კაცი იყო ჩაიში დასაქმებული... ქვეყანას დღემდე ზერელე წარმოდგენა აქვს საბაზრო ეკონომიკაზე და ამიტომაც მიდის სოფლის მეურნეობა უკან-უკან. საჭიროა კვლევა, რომელიც ბაზრიდან უნდა დაიწყოს და წარმოებამდე მივიდეს.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით