კითხვა-პასუხი
03-02-2014
კითხვა-პასუხი
როგორ გავწმინდოთ ღვინო?
ლევან აბუსერიძე, თბილისი

- თუ ყურძნის წვენში ნორმალური რაოდენობის შაქარი და ღვინის მჟავაა, დუღილი მიმდინარეობს ნორმალურად და თავის დროზე შეჩერდება. თუ წვენი მეტისმეტად ტკბილია, შეიძლება დუღილი შეჩერდეს, ღვინო არ დადუღდება, რის გამოც არ ხდება ბოლომდე დალექვა, ანუ არ დაიწმინდება. არ არის გამორიცხული, მარტ-აპრილში დუღილი გაგრძელდეს.

ყოველი დალექვის შემდეგ ღვინო სხვა ჭურჭელში უნდა გადაიღოთ, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. სხვა გამწმენდი საშუალება სახლის პირობებში არ არსებობს. თუ გეჩქარებათ, სპეციალურ
მაღაზიაში შეიძინეთ ღვინის კულტურული საფუარი. იქვე გეტყვიან, ლიტრზე რამდენი საფუარია საჭირო.

როდის უნდა დავთესოთ ცერცვი?

დოდო არაბიძე, მცხეთა

- პარკოსანთა ოჯახის ეს წარმომადგენელი საქართველოში მცირე აზიიდან არის შემოსული. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უძველესი კულტურაა. ვიტამინების რაოდენობითა და კვებითი ღირებულებით ლობიოს არ ჩამოუვარდება. ჩვენთან ის მხოლოდ საკარმიდამო
ნაკვეთებს შემორჩა. მის ჭყინტ და ხმელ მარცვლებს სხვადასხვანაირად ამზადებენ, სიამოვნებით მიირთმევენ უმადაც. ცერცვი სიცივის ამტანი მცენარეა, ამიტომ ადრე გაზაფხულზე ითესება. სუბტროპიკულ რაიონებში თესავენ გვიან შემოდგომით. მოსავალს იღებენ გაზაფხულზე, სხვა კულტურების თესვა-რგვის პერიოდში. ნიადაგი, სადაც ცერცვი იყო დათესილი, აზოტით მდიდრდება და მასზე დარგული კულტურისთვის სასარგებლოა.

როგორ მზადდება ბაღის მალამო?
თემურ ისმაილოვი, აგარა

- ხეხილის ბაღებში ხშირია მცენარეების მექანიკური დაზიანების შემთხვევები. დაზიანებული ადგილები მავნებელ დაავადებათა კერების გავრცელების წინა პირობაა. ეს რომ არ მოხდეს, მცენარეებს დაზიანებულ ადგილებზე უნდა წავუსვათ ბაღის მალამო, რაც ძალზე ეფექტიანია ჭრილობების მოსაშუშებლად, ამასთან, მავნებელ-დაავადებებს გამრავლების საშუალება ესპობათ.

ბაღის მალამოს დამზადების სხვადასხვა ხერხი არსებობს: პრაქტიკაში გამოიყენება შაბიამანი, კირი და კირხსნარით დამზადებული მალამო. მომზადების წესი: 1 კგ შაბიამანი, 1 კგ კირი და 1 ლ კირხსნარი ჭურჭელში კარგად აურიეთ. მიღებული ფაფისებრი მასა მზადაა გამოსაყენებლად.

როგორ გავამდიდროთ ვენახი ორგანული სასუქით?

ზაურ კრიჭიშვილი, დედოფლისწყარო

- ვენახს ორგანული სასუქებით (ნაკელი, კომპოსტი, ტორფი) ნიადაგს სამ წელიწადში ერთხელ ამდიდრებენ. დასავლეთ საქართველოში, შედარებით მდიდარ ნიადაგში, ორგანული სასუქი 1 ჰა-ზე 40-60 ტ შეაქვთ, შედარებით ღარიბ ნიადაგში - 60-70 ტ შემოდგომით, აღმოსავლეთ საქართველოში, სარწყავ ნიადაგებში  საჭიროა 40-60 ტ ორგანული სასუქი, შედარებით მდიდარ ნიადაგებში - 20-25 ტ. ორგანული სასუქებიდან არანაკლებ მნიშვნელოვანია ტორფი, კომპოსტი და ჭაჭა. საერთოდ, ყველა სახის ორგანული სასუქი ნიადაგში შემოდგომით, 18-22 სმ სიგრძეზე გადახვნის შემდეგ შეაქვთ.

გაზაფხულის გაფხვიერებისას შეაქვთ 90-120 კგ ამონიუმის გვარჯილა, შემოდგომით - 1 ჰა-ზე 20-30 ტ გადამწვარი ნაკელი და მასში შერეული 150 კგ სუპერფოსფატი - 3 წელიწადში ერთხელ.

როგორ მრავლდება კოწახური და რა სარგებლობა აქვს მას?

ვაჟა მაჭარაშვილი, წყალტუბო

კოწახური კოწახურისებრთა ოჯახიდან არის. საქართველოში სამი სახეობის კოწახური არსებობს და სამივე საკვებად გამოიყენება. მას იღებენ როგორც ნედლად, ისე მურაბის სახით და კერძების საკაზმად. კოწახური 93 მ სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, ნაცრისფერი, გლუვი ან ოდნავ დაღარული ქერქით. მრავლდება თესლით, ამონაყარებით, კალმებით. სამკურნალოდ გამოიყენება  მწიფე ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, ქერქი, - შხამიანია.
მიუხედავად ამდენი ღირსებისა, კოწახური ავადდება - ფოთლებზე უვითარდება ჟანგირა (სოკოს სპორები). ეს დაავადება შემდეგ გადადის ხორბალზე და აზიანებს მას, რის გამოც სახნავი მიწების განადგურება ხდება.


ამბობენ, ბროწეულს საერთოდ არ უნდა მორწყვაო, რამდენად სწორია ეს?
- ბროწეული გვალვაგამძლე კულტურაა, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მორწყვა არ სჭირდება, \დააკვირდით მცენარეს და თავად მიხვდებით, სჭირდება თუ არა მორწყვა (ფოთლები თუ ხასხასა მუქი მწვანე არა აქვს, ე.ი. მას მორწყვა უნდა).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები