"ამ საქმეს დილეტანტს ვერ ანდობ" - კვირის პალიტრა

"ამ საქმეს დილეტანტს ვერ ანდობ"

"ვარდს სულ ყურადღება სჭირდება. კარგია, თუ მარტში გასხლავ. სამწუხაროდ, ამ დროს ჯერ კიდევ ცივა და არავის უყვარს სიცივეში მუშაობა, ამიტომ დათბობას ელოდებიან, არადა, გვიან გასხლული ვარდი გვიან იხარებს."

"ვარდების ყვავილობისას ბაღში რამდენჯერაც უნდა შევიდე, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ასეთ სილამაზეს პირველად ვხედავ"

"საქართველოში მიწის დამუშავება დღითი დღე კარგავს აქტუალობას. მოსახლეობა  დამოკიდებული გახდა უცხო ქვეყნიდან შემოტანილ პროდუქტზე, რომლის კონტროლიც ზოგ შემთხვევაში არ ხდება. უცხოური პროდუქტის საკუთრით ჩასანაცვლებლად შრომა და გარჯაა საჭირო. აუცილებელია მიწაზე მუშაობა. მიწა არა მარტო საზრდოს აძლევს კაცს, არამედ კურნავს მას", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

- მიწაზე მუშაობის დროს მთავარია, იხარჯებოდე და შედეგს აუცილებლად მიიღებ, - ამ სიტყვებით დაიწყო "კვირის პალიტრასთან" საუბარი ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხის მკვიდრმა მირანდა ბრეგვაძემ, რომელსაც წლებია,  ვარდის ჯიშები გამოჰყავს.

- პროფესიით ექიმი ვარ, ვარდების მყნობა მამაჩემმა მასწავლა და დღეს ეს საქმე ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. მართალია, მიწაზე შრომა მძიმეა, მაგრამ როცა გაირჯები, მიწა აუცილებლად დაგიფასებს...

მამაჩემმა და ბიძაჩემმა დიდი ჯიხაიშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი დაამთავრეს. ბერძენი ლექტორი ჰყავდათ, ძმებისთვის ვარდების მყნობა სწორედ მას უსწავლებია და უთქვამს, თქვენგან კარგი მებაღე დადგებაო. ლექტორის ვარაუდი გამართლდა - ჭიათურაში ყველა გვიცნობს, ვისაც ვარდის ბაღის გაშენება უნდა, ჩვენთან მოდის. მამას არ უნდოდა ექიმის პროფესია ვარდების მყნობაზე გამეცვალა, მაგრამ ხელი ვეღარ შემიშალა. მეტიც, ეს საქმე მასწავლა და დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, პროფესიის შეცვლით არაფერი დამიკარგავს.

სანამ მე ჩავერთვებოდი ამ საქმეში, მამას 15 ჯიშის ვარდი ჰქონდა გამოყვანილი. ახლა 270 ჯიში გვაქვს. შეიძლება ითქვას, კოლექციონერი ვარ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვეძებ ვარდების ახალ ჯიშებს, სანამყენე ჩამომაქვს და საქართველოში ვამყნობ.

- არ შეიძლება პირდაპირ ქოთნებით ჩამოიტანოთ და ამ გზით გაახაროთ?

- შეიძლება, თუმცა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირე იქნება. ნერგი კლიმატის გამო 2 წელზე მეტხანს ვერ ხარობს. აუცილებელია მისი ჩვენს კლიმატს შეჩვეულ სადედეზე დამყნობა, ასეთი კი ასკილია. როცა ნამყენი გაიხარებს, ჭიათურიდან სპეციალური ქოთნებით ჩაგვაქვს თბილისში და სათბურში ვუვლით.

- როდის ხდება ვარდების გადარგვა სოფლის ბაღიდან თბილისის სათბურში?

- გაზაფხულსა და შემოდგომაზე გახარებული ჯიშები სოფლიდან თბილისის სათბურში გადმოგვაქვს. ნერგის ძირს, თავის მიწიანად სპეციალურ ქოთნებში ვათავსებთ, რის გამოც აღარ უჭირს ახალ გარემოსთან შეგუება. ვარდს სულ ყურადღება სჭირდება. კარგია, თუ მარტში გასხლავ. სამწუხაროდ, ამ დროს ჯერ კიდევ ცივა და არავის უყვარს სიცივეში მუშაობა, ამიტომ დათბობას ელოდებიან, არადა, გვიან გასხლული ვარდი გვიან იხარებს.

ვარდების ყვავილობისას სოფლის ბაღში ან სათბურში რამდენჯერაც უნდა შევიდე, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ასეთ სილამაზეს პირველად ვხედავ.

მცენარის მოვლა, განსაკუთრებით ვარდისა, ძნელია. სულ სჭირდება მცოდნე კაცის ხელი. ამ საქმეს დილეტანტს ვერ ანდობ. განსაკუთრებით მყნობისა და გადარგვის პროცესში ვერავინ შეგცვლის.

როცა ვარდს ველურ ჯიშზე - ასკილზე ვამყნობ, ვცდილობ, 100 ძირიდან 80 მაინც გავახარო. ეს ადვილი არ არის, მაგრამ როცა წლობით გულით აკეთებ საქმეს, გამოგდის. ცოტას წავიტრაბახებ - უმეტეს ნამყენს ვახარებ, რაც ხარჯს მიმცირებს და მოგებაც იზრდება.

- ე.ი. მიწაზე მუშაობით შეიძლება კაცმა შეძლოს ოჯახის რჩენა.

- ვიმეორებ: შეუძლებელია, საქმემ, თუ გულით ემსახურები, წარმატება არ მოგიტანოს. ყველა საქმეს თავისი დრო და წესი აქვს. ვერ გეტყვით, რამდენია ჩემი ბიზნესის მოგება, მაგრამ როგორი სამსახურიც უნდა შემომთავაზონ, ამ საქმეს არ მივატოვებ, რადგან ფინანსურადაც და სულიერადაც აკმაყოფილებს ჩემი დიდი ოჯახის მოთხოვნებს.

- რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა, რომ მათი ბაღი მუდმივად ლამაზი იყოს?

- ქალაქელები გვიან იღვიძებენ, თუ ცივა, ბაღის მოვლაც ეზარებათ. არადა, ვისაც ლამაზი ბაღი უნდა, სიცივის მიუხედავად, ყურადღება არ უნდა მოაკლოს და ისიც  ადრიანად გაშლილი ვარდების სილამაზით გაახარებს. კაცი თითოეულ ძირს უნდა მოეფეროს და შეავლოს ხელი. თუ ფინანსური მოგება გინდათ, შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ, თუ მხოლოდ სილამაზით დატკბობა გსურთ, მიწა ამასაც არ დაგამადლით...

უტა ბიწაძე