ბატონი ნოე, კანფეტების ხე და ჩვენი მიწის სადღეგრძელო - კვირის პალიტრა

ბატონი ნოე, კანფეტების ხე და ჩვენი მიწის სადღეგრძელო

ნოე ჯიქია ჩოხატაურში გავიცანი. მითხრეს, ჩოხატაურში ეზოების კონკურსში ყოველთვის მისი ეზო იმარჯვებსო. მისი ეზო მართლაც კაცის ხელით შექმნილ სამოთხეს ჰგავს. დავდიოდი და ვფიქრობდი - რატომ არ შეუძლია ყველას, ასე იშრომოს, ასეთი სილამაზე შექმნას-მეთქი. ამას წინათ კი ბატონი ნოეს წერილი მივიღეთ.

"გამარჯობა, ჩემო პატიოსანო ხალხო. ამ წერილს გწერთ ჩოხატაურიდან, სადაც საბოლოოდ მივაყენე ჩემი ცხოვრების ნავი, ნაპირზე გადმოვედი და მიწას დავუბრუნდი. სწორედ აქ მივხვდი, რომ სიცოცხლის გახანგრძლივება ისე არაფერს შეუძლია, როგორც მარჩენალი მიწის მოვლას. დედაქალაქში არასდროს არაფერი მაკლდა, მაგრამ აქ სხვანაირად ვსუნთქავ - კაცი ხომ შრომისთვის არის გაჩენილი, ჰოდა, მეც ვშრომობ! მინდა, ამაზე ისინიც დაფიქრდნენ, ვინც უმუშევრობით იტანჯებიან და მომავლის იმედი აქვთ დაკარგული. უნდა დამიჯეროთ: მიწას რა ენერგიასაც შეალევთ, ათმაგად უკან დაგიბრუნებთ და უდიდეს სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. თუ უკვე ჭარმაგმა კაცმა მამისეულ ეზოში ამდენი რამე გავახარე, ახალგაზრდას ხომ მეტი შეუძლია?!

თავდაპირველად ეზოში ფაცხა ჩავდგი - ჩვეულებრივი, წნელის ფაცხა, სადაც ქეიფი  ყველა ჩემს მეზობელს უხარია. მეც ნამეტანი მიყვარს ნამდვილი ქართული ლხინი, წლების განმავლობაში ქართულ სადღეგრძელოებს ვაგროვებდი და წიგნადაც გამოვეცი. მერე, რაც ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთი ვიპოვე, ყველაფერი გამოვიყენე. მივიწყებული ნივთები რომ გავწმინდე და გავალამაზე, ყველას თვალი ზედ დარჩა - კაცო, ეს რა ლამაზი ყოფილა, აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდითო.

ნერგები საიდან არ ჩამოვატანინე ჩემს ახლობლებს! კანფეტის ხე გაგიგიათ? ისიც კი მაქვს ეზოში. მართლა კანფეტივით ტკბილ და რბილ ნაყოფს ისხამს. კიდევ რა ვქენი? ძველ ქართულ მუსიკალურ საკრავებს თავი მოვუყარე და რელიკვიები გადავარჩინე. ახლა ჩემს ეზოში პირუტყვიც დადის და ფრინველიც - უცხოეთიდან ჩამოტანილ და გაყინულ ხორცს არ სჯობია, ნაღდი პროდუქტი მივირთვათ?

ამ წერილს სოფლისა და შრომის პროპაგანდად ნუ ჩამითვლით, უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ ცხოვრებას ფასი მაშინ აქვს, როცა დოვლათს ქმნი.

ახლა ჩემი გაკეთებული ყანწით გლოცავთ და გისურვებთ, ყველას ჩემსავით მიწის სიყვარული დაგბრუნებოდეთ.

პატივისცემით, ნოე ჯიქია"