"ჭური, საცავი ტყბილისა..." - კვირის პალიტრა

"ჭური, საცავი ტყბილისა..."

იუნესკომ ქვევრს ძეგლის სტატუსი მიანიჭა

ქართველისთვის ვაზს ჯერ კიდევ წარმართობის დროიდან ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. კვლევებით, ველური ვაზი სწორედ სამხრეთ კავკასიაში, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის "მოაშინაურეს", საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ქვევრები და პირველი კულტურული ვაზის ნაკვალევიც.

ახალი ერა მაშინ დადგა, როცა ჩვენს  მიწაზე გავრცელდა ქრისტიანობა, რომელმაც ღვინო მაცხოვრის სისხლთან დააკავშირა. განმანათლებელი წმ. ნინო ქვეყანას ვაზის ლერწებისგან შეკრული ჯვრით მოევლინა. უძველესი სამეურნეო კავშირი საეკლესიო საიდუმლოებითაც შედუღაბდა.

ქართველი კაცისა და ვენახის ათასწლოვან კავშირს ქვევრი კრავდა, რომლის გარეშეც ღვინის დაყენება და შენახვა შეუძლებელი იქნებოდა.

საქართველოში ქვევრებს ოდითგანვე ამზადებდნენ, რასაც უძველესი ისტორიული წყაროებიც ადასტურებს. ქართული ქვევრის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის სულხან-საბა ორბელიანის "სიტყვის კონა": "ჭური, საცავი ტყბილისა, განიყოფებიან, რამეთუ დიდთა ეწოდებიან ქვევრი და მისსა შედეგსა - ყვიბარი და მისსა უმცროსსა - ქოცო, არამედ ყოველივე ჭური არს"... ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდის უნიკალურობა იმითაც დადასტურდა, რომ იუნესკომ მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ქართული ქვევრისა და მისი ისტორიის შესახებ ვესაუბრეთ მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარ გიორგი ბარისაშვილს.

- ბატონო გიორგი, რით არის უნიკალური და გამორჩეული ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი?

- მის უნიკალურობას განაპირობებს არა მხოლოდ კონკრეტული ჭურჭელი - ქვევრი, ან ღვინის დაყენების ტექნოლოგია, არამედ ვაზის ჯიში, ნიადაგის თავისებურება, კლიმატური პირობები, ტრადიციები, მარნის არქიტექტურა... მათი  ერთობლიობა ქმნის ღვინის ქართულად დაყენების წესს.

ჩვენში ქვევრში ღვინის დაყენება კუთხეების მიხედვით განსხვავებულია: ზოგან მიღებულია დუღილისა და დავარგებისას სრული ჭაჭის გამოყენება, ზოგან - ჭაჭის ერთი მესამედისა, ხოლო ზოგიერთ ადგილას ღვინოს უჭაჭოდაც აყენებდნენ. თუმცა ღვინის ქართულად დაყენება გულისხმობს ჭაჭის ნაწილის მონაწილეობას დუღილსა და დავარგებაში.

- ქართული ქვევრის ყველაზე ძველი ნიმუშები სად არის ნაპოვნი?

- ყველაზე ძველი საღვინე ჭურჭელი, ქვევრის წინაპარი, ნაპოვნია ხრამის დიდ გორაზე და ძველი წელთაღრიცხვის VI-V ათასწლეულით თარიღდება, ის 8 ათასი წლისაა და ერთ-ერთი უძველესი საღვინე ჭურჭელია. მასზე გამოსახულია სტილიზებული ყურძნის მტევანი. მის კედლებში აღმოჩენილია ღვინის მჟავის კვალი, რაც მის დანიშნულებას ცხადყოფს.

- საქართველოს რომელ მხარეებში ამზადებენ ამჟამად საუკეთესო ქვევრებს?

- ამ მხრივ მდგომარეობა არასახარბიელოა. თუკი ძველად ათეულობით სოფელი მისდევდა შინამრეწველობის ამ უნიკალურ დარგს, დღეს ქვევრები მზადდება კახეთში - სოფელ ვარდისუბანში, გურიაში - სოფელ აცანაში და იმერეთში -–მაქათუბანში, შროშასა და ტყემლოვანაში. ადრე კი ქვევრებს ამზადებდნენ ლეჩხუმის, სამეგრელოს, ქართლისა და ქსნის ხეობის სოფლებში, კახეთის, იმერეთისა და გურიის ათეულობით სოფელში.

- რა განსხვავებაა ჭურსა და ქვევრს შორის და რას უწოდებდნენ "საზედაშე" ქვევრს?

- ამ ტერმინებს შორის რაიმე სხვაობა არ არის. ჭურს უპირატესად დასავლეთ საქართველოში ხმარობენ. ქვევრი კი დღევანდელ ქართულში მიღებული ლიტერატურული ტერმინია. დანიშნულებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, გვხვდება სხვა სახელებიც: დერგი, ხალანი, საზედაშე ქვევრი, ჩასავალი, ლაგვინი და სხვ. გურიის ეთნოგრაფიაში გვხვდება ტერმინი "ჭური საბაბილოვე". "საზედაშე ქვევრში" აყენებენ საზედაშე ღვინოს, რომელიც წინასწარვეა განკუთვნილი ეკლესია-მონასტრებში შესაწირად, ან რომელიმე საეკლესიო დღესასწაულზე, ოჯახურ პირობებში გამოსაყენებლად.

- ზოგიერთი ქვევრი უფრო დიდხანს ინახავს ღვინოს, ზოგი - ნაკლებად, რაზეა ეს დამოკიდებული?

- ეს დამოკიდებულია ქვევრის ხარისხზეც, მარნის მოწყობაზეც, გარკვეულწილად, ვაზის მოვლაზეც, ქვევრის სარქველზეც და სხვა. ქვევრის ხარისხს თავის დროზე ილია ჭავჭავაძეც შეეხო თავის უნიკალურ ნარკვევში "ღვინის ქართულად დაყენება". ამავე საკითხს საფუძვლიანად განიხილავს ლევან ჯორჯაძეც. ორივე შემთხვევაში, ილიაც და ჯორჯაძეც აღნიშნავენ, რომ ქვევრი უნდა იყოს კარგი, დროით გამოცდილი თიხით დამზადებული. ქვევრში ღვინის შენახვის ხანგრძლივობაც ამაზეა დამოკიდებული. 2011 წელს ყვარელში გავსინჯე ღვინო, რომელმაც ქვევრში 17 წელი დაჰყო...

- რა მოცულობის ქვევრებს ამზადებდნენ ძველად?

- ქვევრის მოცულობა 2-3 ლიტრიდან იწყება და 700-800 ლიტრამდე ადის. სპეციალისტების ვარაუდით, ძველ საქართველოში უზარმაზარი ქვევრებიც მზადდებოდა, რომელთა მოცულობა, სავარაუდოდ, 1500 ლიტრსაც კი აღწევდა.

თადეოზ გურამიშვილის მარანი

საგურამოში არსებული თადეოზ გურამიშვილის მარანი უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლია. მნახველებს დღესაც აოცებს ამ მარნის სიდიადე, მისი ჩუქურთმები და მორთულობა. მარანი მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, ილია ჭავჭავაძის სიმამრს, თადეოზ გურამიშვილს აუშენებია. ეს ადგილები ძველად მთლიანად ვენახებით ყოფილა დაფარული. აქვეა დავით გურამიშვილის ნამოსახლარი და მარანი, სადაც შემორჩენილია კედლები, ორიოდე დაზიანებული ქვევრი და კარგად შემონახული ქვითკირის საწნახელი. თადეოზ გურამიშვილის მარანში ამჟამად 17 დიდი ქვევრია, თითო დაახლოებით 1-1,5 ტონის ტევადობისა, ამის გარდა მარანში მოწყობილია სამი საწნახელი, ერთი - მოზრდილი და ორი - მომცრო.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ილია ჭავჭავაძეც ამ მარანში ამზადებდა ღვინოს, რომელიც შემდეგ გადაჰქონდა თავის სარდაფში, სადაც მუხის კასრებში ასხამდა.

ხათუნა ჩიგოგიძე